... (H-925), XVIII ს.

1175. მინდორ მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა დიდი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა ვსთქუით თუ მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილა ზედან ჴმელსა დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა

1176. ზოგთა თქვეს არის ცისკარი ზოგთა თქვეს არის მთვარეო მას დარაზმულთა მივმართეთ ახლოსმცა ვნახეთ ბარეო შორს მოუარეთ მივედით შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა ჩვენი მოუბარეო

1177. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო თქუჱნ სახელნი თქუჱნი თქუჱნით გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით ალყად გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით

1178. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მაელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა ძვირ ძვირად გვეუბნებოდა სიტყუასა რასმე წყნარებსა კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა

1179. კვლავ ვეუბენით მას მზესა ტკბილ მოუბრითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა ჩუენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა გვერდსა წაუდგა ცხენითა აღარ გავუშვით დაჭირვა ვჰკადრეთ ენითა ჩვენითა

1180. კვლავ ვკითხეთ გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ მანათობელი ბნელისა მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი მთვარე ჩანთქმული გველისა

1181. არცა რა ცხადი ანბავი არცა რა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ ქუშად გვეუბნებოდა კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისით თვალითა მლალავი

1182. როშაქ გვიბრძანა ნუ კითხავთ აწ თურე არ სათქმელია მისი საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია მით რომე ღმერთი მას მისცემს რაც უფრო საკვირველია

1183. ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცდია მიუტანოთ არმაღანად დაგვიმადლებს მეტად დია თუ დავმალავთ გავმჟღავნდებით მეფე ჩვენი ამაყია პირველ მათი შეცოდება მერმე დიდი აუგია

1184. მივემოწმენით თათბირნი არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ მას წინა მოვეკიდენით არცა რა ვკადრეთ ჴელდაჴელ არცა თუ წავეკიდენით იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით

1185. მე როშაქს ვკადრე გამიშვი კულავ ადრე თქუენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამომიშვა აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი

1186. მათ კაცთა დიდად იამა ესე ანბავი მონისა მე გავიგონე შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხენა მომეცა მგზავსი დრამისა წონისა

1187. მოვიყვანე იგი მონა ახლოს დავსუი ჩემსა წინა ვკითხე მითხარ რას იტყოდი გაგონება მეცა მინა მან იგივე კვლავ მიანბო რაცა მუნით მომესმინა ამ ამბავმან გამაცოცხლა სულმობრძავი დამარჩინა

1188. მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ წავლენ წამოვლენ მათითა ჴელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ ვარქვი თუ ნუ დასდგებითა მაცნობეთ მისი ანბავი თქუჱნითა მოქმედებითა

1189. სამ დღე მოვიდეს მიამბეს ფიცხლა ებიჯა გზისადა მიუგვრიაო მეფისა ზღვას იქით წამავლისადა ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი მართ ვითა მზისადა ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა

1190. როსანს შევრთოთო დულარდუხტს მეფესა უბრძანებია ჯერ ქორწილობად არა მცალს აწ გული ცეცხლნადებია შემოვიქცევი შევისძლობ ვინ ცისა მზედ ნაქებია ციხეს დაუსვამს ხადუმი ერთაი უახლებია

1191. ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია მით რომე გზაა საჭირო მტერნი საომრად მზანია ქვე დაუყრია მოყმები ვინც უფრო გულოვანია დაეყოვნების წასრულა ჯერთო ცოტაი ხანია

1192. ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია მას კლდესა შიგან გვირაბი ასაძრომელი ხურელია მუნ არის მარტო მნათობი მისთა შემყრელთა მწველია

1193. გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირნასები ათი ათასი ჭაბუკი დგას ყველაკაი ხასები ქალაქის კართა სამთავე სამათას სამათასები გულო გაგსაჯა სოფელმან არ ვიცი და გლახ რას ები

1194. ესე ანბავი ავთანდილ პირმზემან მაგარ ვადამან რა მოისმინა იამა სხვა არა გააცხადა მან შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან ანბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან