... (H-925), XVIII ს.

1385. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა გარდახდეს მდაბლად აკოცეს გარესწყდეს ჯარსა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს მან მადლი გაუათასა ქალი რა ნახეს სტრფიალობს შუქსა მას ბროლ ბაკმათასა

1386. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხვია გარდუკოცნა ხელი ფერხი პირი ყელი იტყვის ღ~თო რა გმსახურო გამინათლდა რადგან ბნელი ვსცან სიმოკლე ბოროტისა კეთილია შენი გრძელი

1387. ქალი ფატმანს ეხვეოდა ტკბილად იტყვის არ გამწყრალი ღმერთმან გული გამინათლა გახეთქილი გაცამწკრალი აწ აგრე ვარ გავსებული წინას ვიყავ ვითა მცხრალი მზემან შუქნი შემომადგნა ვარდი ვით ვჩან არდამზრალი

1388. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა პერპერასა დაპანტულსა ზედან სცვეთენ ვითა ხიდსა

1389. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა და ატლასისა ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა იაგუნდისა მრთელისა ყვითლისა მეტად ხასისა კვლავ ერთი ტახტი ოქროსი წითლისა მართ ახლითა

1390. ნესტანდარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა იაგუნდითა წითლითა ბალახშითა და ლალითა დასხდეს ორნივე ქალყმანი პირითა ელვა მკრთალითა მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა

1391. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი ძვირფასისა უნაგირი უკეთესი თვითო ცხენი თვითო კაბა თვალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი მოახსენეს მადლი რა ვთქვათ სვიანმცაა დავლა თქვენი

1392. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა ენითა დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა თქუენითა მერმე აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა ვიცი შორი შორ არ ჩავლა ჩვენ თქუენი კარგად ვქენითა

1393. ზღვათა მეფე მოახსენებს ჴელმწიფეო ლომო ქველო მოახლეთა სიცოცხლეო ვერ მჭვრეტელთა შორით მკლუელო მგზავსი თქუჱნი რამცა მეძღვნა შვენიერო სანახველო რა მოგშორდე რა მერგების საჭვრეტელად სასურველო

1394. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია მამიცემია წაიღე არ კიდე მომიყიდია

1395. ფატმან ხათუნ თაყვანისსცა კადრებს მადლსა მეტის მეტსა მემეფეო შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქნები მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქუჱნსა ვერა მჭვრეტსა

1396. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი უთქვენოდ მყოფსა არ გვინდა ნიშანნი საჩანგდაფენი მაგრამ გაგვიშვი ჟამია წავიდეთ ვართ მოსწრაფენი

1397. შენ იყავ მამა მშობელი და ჩვენგან საესავიო მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძო ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქუჱნად თავიო რადგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1398. მეფემან ნავი ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმაწვერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა

1399. გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა კვლავ ამტკიცებდეს სიტყვათა მათ პირველ დანამტკიცართა შვენის მღერა და სიცილი მათ მისთა არუვიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა

1400. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად კვლავ ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად ჩვენ დამზრალნი აქანამდის აწ გავხედით დაუზრობლად

1401. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღვის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა

1402. მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა ვის აღარ აჩნდა წყლულები ნესტანდარიჯს მოიჭდო რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები

1403. ნესტანდარეჯან ეხვევის პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ მე შენცა აგავსე ჭირითა აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა ვცან მისი არ სიძვირითა მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა