... (H-925), XVIII ს.

1329. მათ მშვილდები დაიწვადეს მეჯოგეთა გაეკიდნეს მეჯოგენი მიიძახდეს ხმანი მათნი გაადიდნეს გვიშველეთო გვიშველეთო მეკობრეთა ამოგვწყვიტნეს ხმა შეიქნა შეიყარნეს ფრიდონს კადრეს არ დარიდნეს

1330. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა შეკაზმული გამოვიდა ხმა შეიქნა შეიყარნეს რაზმი ველთა დაფარვიდა იგი მზენი მოეგებნეს ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა დაესვარა ზარადები პირსა მათსა უფარვიდა

1331. რა ტარიელ ფრიდონ იცნა აწ ვნახეო ვინცა მინა მუზარადი მოიხადა გაიღიმნა გაიცინა ფრიდონს უთხრა რასა ლამი ჩვენი მოსლვა რას გეწყინა პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა

1332. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა დავარდა და თაყვანისსცა იგინიცა გარდაუხდეს მოეხვივნეს აკოცესცა ფრიდონ ღმერთსა ხელ აპყრობით უსაზომო მადლი მისცა დიდებულნი აკოცებდეს იცნობდიან იგი ვისცა

1333. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით მოგელოდი უწინარე მე მზა ვარო სამსახური თქუენი რამცა დავიზარე ჰგუანდა თუმცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი ერთი მთვარე ერთმანერთი დააშვენეს გაემართნეს იქცეს გარე

1334. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე ტურფად გებულსა ახლოს დაისვამს ავთანდილს მისსა ძმად შეფიცებულსა ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინო გარდაგებულსა მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა

1335. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია მან დასდვა პირი მიწასა არ დაიყოვნა ხანია ჩემთვის ამისი ბოძება არს თქუენი შესაგვანია

1336. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანნა აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა დამოსნა ტურფა ტურფითა ერთმანერთისა მჯობითა თვალმარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა

1337. უთხრა თქუა ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა თქუენ ბრძნისა ვითა ხელისა მაგრამ აწ ყოვნა არ ვარგა წავლა სჯობს გზისა გრძელისა თუ ქაჯნი მოგვესწრებიან საეჭვი არს სიძნელისა

1338. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა კარგნი გვინდან და ცოტანი სამასი ჰკაცი გვეყოფის წავიდეთ მართ მეოტანი ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ჴრმალთა კოტანი მას ადრე ვპოებთ ვისიცა მოგვკლავს ალვისა მოტანი

1339. ქაჯეთს ერთხელ მეც ვყოფილვარ ნახავთ თქუჱნცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა გარეშემო მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შეუვალთ ცხადად შებმა არ ეგების მით ლაშქარი არად გვინდა რაზმი მალვით ვერ მოგუყვების

1340. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქარსა თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა პირველ შენაზარსა

1341. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ სთქვა ვახლავთ არეთა ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა აქადგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა

1342. ამა ფრიდონის თათბირთა სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან მივიდეს აჩნდა ქალაქი მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარეთ კლდე იყო გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან

1343. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი მთვარე დგას მუნ ნათელია სთქუეს ვითათბიროთ ვითა ვსთქვათ აწ გამორჩევა ძნელია ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგნენ

1344. ფრიდონ თქვა ვიტყვი სიტყვასა ვეჭ ჩემი არ დამცდარია ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი დიდთაგან საომარია პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს არჟამი საკვეხარია ათას წელ ვერსით შევუვალთ თუ ზედ დაგვიხშან კარია

1345. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათი საქმენი მახლტუნებდიან მწურთიდიან ასრე გავიდი საბელსა რომ თვალნი ვერ მომკიდიან ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი იგიცა ინატრიდიან

1346. აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა მაზედან გავლა ადვილად მიჩანს მართ ვითა ველისა თქუენ ჭირად გაყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა

1347. აბჯრითა გავლა არად მჩანს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხტები კისკასად ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავხოც გავახვამ ნახოთ გაღება კარისა თქუჱნცა მუნ მოდით სადაცა გესმას ზრიალი ზარისა