... (H-925), XVIII ს.

1366. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა კრონოს წყრომით შემხედველმან მოიშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა ველნი მკვდართა ვერ იტევდა გადიადდა ჯარი მკვდრისა

1367. კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა აბჯარსა ფრეწდის გაცუდდა სიმაგრე ჯავშან ქაფისა სამგნითვე კართა შესჯარნეს ჭირი არ ნახეს კაფისა რა ქაჯეთს შეხდეს შეიქნა სიხარკე ციხეს სწრაფისა

1368. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს მტერნი სრულად აეწყვიდნეს სისხლი მათნი მოეღვარნეს უყივლეს და ერთმანერთი ნახეს დიდად გაეხარნეს თქვეს ტარიელ რა იქნაო მისად ჭვრეტად თვალნი არნეს

1369. ერთმანცა არა იცოდა ვერა ცნეს ტარიერისა ციხესა კარსა მიმართეს რიდი არ ქონდა მტერისა მუნ ნახეს რიყე აბჯრისა ნალეწი ჴმალთა წვერისა ათი ათასი ნობათი უსულო მგზავსი მტვერისა

1370. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული თავით ფეხამდი დაჭრილი აბჯარი მუნ დახეული ციხისა კარნი განხმულნი კართა ნალეწი სრეული ცნეს ნაქმრად ტარიელისად თქუეს საქმე არს მისეული

1371. გზანი დახვდეს შეკაზმულნი შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა მუზარადი მოეხადა შვენის აკვრა თმისა ლელსა მკერდი მკერდსა შეეწება გარდაეჭდო ყელი ყელსა

1372. ეხვეოდეს ერთმანერთსა აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს ამას გვანდეს ოდეს ერთგან მუშთარ ზუალ შეიყარნეს მზე რა ვარდსა შემოადგეს დაშვენდენ და შუქნი არნენ აქანამდის ჭირნახულთა ამას იქით გაიხარნეს

1373. მათ ერთმანერთსა აკოცეს დგანან ყელ გარდაჭდობილნი კვლავ შეეწებნეს ხშირ ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი აწ ესენიცა გავიდეს შეკრბეს სამნივე ძმობილნი მას მზესა მისცეს სალამი წარდგეს მართ ვითა ხმობილნი

1374. მზე მოეგება პირითა ტურფითა მოცინარითა აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა ორივე ერთგან უბნობდეს ტურფითა საუბარითა

1375. ტარიელსცა უსალამეს მას ალვისა მორჩსა ვით ხეს მიულოცეს გამარჯვება ერთმანერთი მოკითხეს არა სჭირდა არ ინანეს რომ აბჯარი არ გაითხეს თავნი მათნი გაალომეს მათი მბრძოლი იშვლეს ითხეს

1376. სამასისა კაცისაგან ასსამოცი შეყოლოდა ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა მაგრა ცალკერძ უხაროდა მონახეს და არ აცოცხლეს რაცა მბრძოლი დარჩომოდა რომე პოვნეს საჭურჭლენი აწმცა თვალვა ვით ითქმოდა

1377. მოკრიფეს ჯორი აქლემი რაცა ვით პოვეს მალები სამიათასსა აკიდეს მარგალიტი და თვალები თვალი ყველაი დათლილი იაგუნდი და ლალები იგი მზე შესვეს კუბოსა არს მათგან განაკრძალები

1378. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია წამოიყვანეს იგი მზე მათიღა წაგვრა ძნელია ზღვათა ქალაქსა დამართეს თუმცა გზა მუნით გრძელია თქუეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა და მეფის ნახვა

1379. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი შესთვალა მოვალ ტარიელ მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე ჩემი ლახვართა მსობელი მწადიან გნახნე პატივით ვითა მამა და მშობელი

1380. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია მეფეო კარგი ყველაი მე თქუჱნგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე სდედებია და სდებია ამისად მუქფად რა გიძღვნა მძულს ცუდი ნაქადებია

1381. მოდი გვნახენ გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი ჩემგან შეიწირე კაცნი შენნი დაყენენ ციხე მაგრად დაიჭირე მე ვისწრაფი ვერა გნახავ შენ წამოდი ჩემ კერძ ირე

1382. თქუჱნ უბრძანე ჩემმაგიერ უსენს ქმარსა ფატმანისსა გამოგზავნოს იამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა ვინ მზესაცა უნათლეა ასრე ვითა ბროლი ფისსა

1383. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა წესია გული გაკრთების ამბავსა გასაკრთომელსა მისცა მადლი და დიდება ღმერთსა მართლისა მბრჭობელსა მაშინვე შეჯდა არ უნდა მისვლა სხვასაღა მხმობელსა

1384. ბარგი აკიდა გააგო ქმნა ქორწილისა მათისა მას მოაქვს რიცხვი ტურფათა არს სიდიადე სათისა ფატმან ჰყავს თანა იარა სავალი დღისა ათისა უხარის ნახვა ლომისა და მზისა ჴმელთა მნათისა