... (A-859), 1841 წ.

1178. ვინცაღა ჩემი მძებნელი, მოსრულა ცუდ მაშვრალია. იჭირჳს იწჳს ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია. მაგრა მას ვნატრი უნახავს, მზე ამად არ დამზრალია. უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჲმე რა დიდი ბრალია:-

1179. შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე. ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე. გეხვეწები საყვარელსა, შემიხვეწე შემაბრალე. ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე შეცასთვალე:-

1180. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს, ამისითავე სწორითა. მას მკუდარსა ვნახავ მოვკვდები, მე სიკუდილითა ორითა. ვერავინ მარგებს დასტურად, ვიცი არ რამე ჭორითა. არ დაგმორჩილდეს დამქოლე, შავისა ქვისა ყორითა:-

1181. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია. მისეულთავე რიდეთა, ნაკვეთი გამიგზავნია. ესენი ჩემთჳს მის გამო, ტურფანი სანახავნია. თუცა თუ ფერად ბედისა, ჩემისა მგზავსად შავნია:-

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი.

1182. აწ საყვარელსა მიუწერ, გულ ამოსკვნილი მტირალი. მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი. დაწერა წიგნი მსმენელთა, გულისა გასაგმირალი. ვარდი გააპის გამოსჩნდის, მუნ ბროლი გამომჭვირვალი:-

1183. ჱე ჩემო ესე უსტარი, არს ჩემგან მონაღვაწები. ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველთა ამონაწები. მე გული შენი ქაღალდად, გულსავე ჩემსა ვაწები. გულო შავ გულო დაბმულხარ, ნუ აეხსნები აწ ები:-

1184. ხედავცა ჩემო სოფელი, რათა საქმეთა მქნელია. რაზომცა ჰნათობს სინათლე, ჩემთჳს ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ სწუნობენ, მით მათგან საწუნელია. უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე რა დიდი ძნელია:-

1185. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა, სოფელმან და ჟამმან კრულმან. ვეღარ გნახე საყვარელი, მხიარული მხიარულმან. ნეტარ რა ქნას უშენომან, გულმან შენგან დალახრულმან. გაგიცხადა დამალული, გონებამან დაფარულმან:-

1186. შენმან მზემან აქანამდის, შენ ცოცხალ არ მეგონე. ჩემი მეთქუა გარდასრულდა, სიცოცხლე და ყოვლი ღონე. აწ რა მესმა შემოქმედი, ვადიდე და ღ~თსა ვმონე. ჩემი ყველა აქანამდის, ჭირი ლხინსა შევაწონე:-

1187. შენი სიცოცხლე მეყოფის, ჩემად იმედად გულისად. გულისა ერთობ წყლულისა, და ასრე დადაგულისად. მომიგონებდი გახსოვდე, მე შენთჳს დაკარგული სად. ვზი მზრდელი სიყუარულისა, მის შენგან დანერგულისად:-

1188. სხუად ჩემო ჩემი ამბავი, ჩემგან არ მოგეწერების. ენა დაშვრების მოსმენით, არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღ~თიმცა მის ეტერების. აწ კულავ ქნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების:-

1189. აწ სოფელმან უარესი, ჭირი ჭირსა მიმისართა. არ დაჯერდა ბედი ჩემი, მას პატიჟთა მრავალ გვართა. კულამცა მიმცა შესაპყრობლად, ქაჯთა ძნელად საომართა. ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო რაცა დაგვემართა:-

1190. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან. გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან. დღისით და ღამით მოყმენი, ნობათსა არ დასცდებიან. მათთა შემბმელთა დაჴოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან:-

1191. ნუთუ ესენი გეგონენ, სხუათა მებრძოლთა წესითა. ნუცა მე მამკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა. შენ მკუდარსა გნახავ დავიწჳ, ვითა აბედი კვესითა. მოგშორდი დამთმე გულითა, კლდისაგანც უმაგრესითა:-

1192. შენ საყუარელო ნუ სჭმუნავ, ჭმუნვითა ამისთანითა. ჩემი სთქუა სხუათა მიხვდების, იგი ალვისა ტანითა. არამ სიცოცხლე უშენო, ვარ აქამდისცა ნანითა. ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა:-

1193. შენმან მზემან უშენოსა, არვის მიხუდეს მთვარე შენი. შენმან მზემან ვერვის მიხვდეს, მოცავიდენ სამნი მზენი. აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი. სული ჩემი შეივედრე, ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი:-

1194. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კულავ, დამხსნა სოფლისა შრომასა. ცეცხლსა წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა. მამცეს ფრთენი და აღვფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა. დღისით და ღამით ვხედვიდე, მზისა ელვათა კრთომასა:-

1195. მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი. გაღანამცა მას ვიახლე, მისი ეტლი არ თუ წბილი. მუნა გნახო მანდვე გსახო, გამინათლო გული ჩრდილი. თუ სიცოცხლე მწარე მქონდეს, სიკუდილიმცა მქონდეს ტკბილი:-

1196. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რადგან სულსა. მაგრა შენი სიყვარული, ჩავიტანე ჩამრჩა გულსა. მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა. ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო ჩემსა სიყვარულსა:-