... (W-27), XVII ს.

1270. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად მათ შიგანთა ვერა უგრძნეს ვერცა დახვდეს გულხმიერად გულსა შიში არა ჰქონდა ამოდ დგეს და ნებიერად მიდგეს გარე მუზარადი დაიხურეს ჟამიერად

1271. ანაზდად ცხენი გაქუსლეს მათრახმან შექნა წრიალი რა ნახნეს კარნი განხმულნი ქალაქით გაჰჴდა ზრიალი სამთავე სამგნით მიმართეს თავსა მით უყვეს რიალი იკრეს ნობსა და დაბდაბსა შეიქნა ბუკთა ტკრციალი

აქა ომი ჯაჯეთისა ფიცხელი და საკვირველი

1272. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა კრონოს წყრომით შემხედველმან მოიშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხუით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა ველნი მძორთა ვერ იტევდა გადიადდა ჯარი მკვდრისა

1273. კაცსა უკრავად დაბნედდის ჴმა ტარიელის ხაფისა აბჯარსა ფრეწდის გაცუდდა სიმაგრე ჯავშან ქაფისა სამგნითვე კართა შესჯარნეს ჭირი არ ნახეს კაფისა რა ქალაქს შეჰჴდეს შეიქნა სიხარკე ციხეს სწრაფისა

1274. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს მტერნი სრულად აეწყუიდნეს სისხლი მათნი მოეღვარნეს უყივლეს და ერთმანერთი ნახეს დიდად გაეხარნეს თქუეს ტარიელ რა იქნაო მისად ჭვრეტად თვალნი არნეს

1275. ერთმანცა არა იცოდა ვერა ცნეს ტარიერისა ციხესა კარსა მიმართეს რიდი არ ჰქონდა მტერისა მუნ ნახეს რიყე აბჯრისა ნალეწი ჴმალთა წვერისა ათი ათასი ნობათი უსულო მგზავსი მტვერისა

1276. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული თავით ფერჴამდი დაჭრილი აბჯარი მუნ დახეული ციხისა კარნი განხმულნი კართა ნალეწი სრეული თქუეს ნაქმრად ტარიელისად თქუეს საქმე არს მისეული

1277. გზანი დახუდეს შეკაზმულნი შევიდეს და გაძურეს ჴვრელსა ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთუარე გველსა მუზარადი მოეჴადა შვენის აკვრა თმისა ლელსა მკერდი მკერდსა შეეწება გარდაეჭდო ყელი ყელსა

1278. ეხვეოდეს ერთმანერთსა აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს ამას გვანდეს ოდეს ერთგან მუშთარ ზუალ შეიყარნეს მზე რა ვარდსა შემოადგეს დაშვენდენ და შუქნი არნენ აქანამდის ჭირნახულთა ამას იქით გაიხარნეს

1279. მათ ერთმანერთსა აკოცეს დგანან ყელ გარდაჭდობილნი კულავ შეეწებნეს ჴშირ ჴშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი აწ ესენიცა გავიდეს შეკრბეს სამნივე ძმობილნი მას მზესა მისცეს სალამი წადგეს მართ ვითა ჴმობილნი

1280. მზე მოეგება პირითა ტურფითა მოცინარითა აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყუითა მით ნარნარითა ორივე ტკბილად უბნობდეს ტურფითა საუბარითა

1281. ტარიელსცა უსალამეს მას ალვისა მორჩსა ვით ხეს მიულოცეს გამარჯვება ერთმანერთი მოკითხეს არა სჭირდა არ ინანეს რომ აბჯარი არ გაითხეს თავნი მათნი გაალომეს მათი მბრძოლი იშვლეს ითხეს

1282. სამასისა კაცისაგან ასსამოცი შეჰყოლოდა ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა მაგრა ცალკერძ უხაროდა მონახეს და არ აცოცხლეს რაცა მბრძოლი დარჩომოდა რომე ჰპოვეს საჭურჭლენი აწმცა თვალვა ვით ითქმოდა

1283. მოკრიბეს ჯორი აქლემი რაცა ვით პოვეს მალები სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები თუალი ყუელაი დათლილი იაგუნდი და ლალები იგი მზე შესუეს კუბოსა არს მათგან განაკრძალები

1284. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია წამოიყუანეს იგი მზე მათიღა წაგვრა ძნელია ზღვათა ქალაქსა დამართეს თუცა გზა მუნით გრძელია თქუეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გუაც მისი გარდუხდელია

იგინი ტარიელისა ზღვათა მეფის წინაშე გაგზავნილი

1285. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი შესთვალა მოვალ ტარიელ მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე ჩემი ლახვართა მსობელი მწადიან გნახოთ პატივით ვითა მამა და მშობელი

1286. აწ მე მაქუს ქაჯთა ქუეყანა და მათი დანადებია მეფეო კარგი ყუელაი მე თქუენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე სდედებია და სდებია ამისად ნაცულად რა გიძღვნა მძულს ცუდი ნაქადებია

1287. მოდი გვნახე გავიარდეთ ქუეყანასა შენსა ვირე სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი ჩემგან შეიწირე კაცნი შენნი შეაყენენ ციხე მაგრად დაიჭირე მე ვისწრაფი ვერა გნახავ შენ წამოდი ჩემ კერძ ირე