... (W-27), XVII ს.

წასულა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა

1194. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა პირმხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისი უხარის მით ამბავითა ჴელ განპყრობილი გულითა არს ღ~თისა საესავითა

1195. მოწურვილ იყო ზაფხული ქუეყნით ამოსლვა მწუანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა საროსტანისა სულთქნა რა ნახა ყვავილი მან უნახავმან ხანისა

1196. დრო არის ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა უბრძანა გიჭურეტ თვალითა გულტკბილად შემხედვარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქუენთანა საუბარითა

1197. რა მოეგონის მოყვარე სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცის ლომ ვეფხნი მოშამბნარენი

1198. ქუაბი გამოჩნდა იამა იცნა თქუა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია ღირს ვარმცა ვნახო პირისპირ უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა ცუდ ჩემი განავლენია

1199. არ მოსრულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა მჴეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს თუ შამბშამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა ესე თქუა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა

1200. ავთანდილი და იმღერის მხიარულითა გულითა მართ სახელდებით უყივის ჴმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ დგას ჴლითა მომახულითა

1201. ტარიელს ლომი მოეკლა მით ჴმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქუეითი დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა მისკენ მირბოდა ხლტებოდა

1202. ჴმალი გასტყორცა ტარიელ მიმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა მართ ერთმანერთსა აკოცეს ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა ჴმა შაქრის ფერად გაუჴდა ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა

1203. ტარიელ მოთქუა ტირილით სიტყუა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები ალვისა წყარო ცრემლისა მორწყავს ნაკადი ბევრები რადგან შენ გნახე რა მგამა პატიჟი მჭირდეს ბევრები

1204. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა ეტყოდა ვსცანო ამბავი შენ რომე გიამებოდა აწ გაახლდების ყუავილი ვარდი აქამდის ჭკნებოდა

1205. ტარიელ უთხრა ჰე ძმაო კმა არს დღეს რაცა მლხენია ყოველი ჩემი სალხინო მინახავს ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი არცა რა მოგისმენია კაცმანმცა სოფელს ვით პოვა რაცა რა საქმე ზენია

1206. რა ტარიელ არ შესჯერდა ავთანდილცა არ დასწყნარდა მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო აუჩქარდა გამოიღო რიდე მისი ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა რა ტარიელ ნახა იცნა გამოუღო შემოვარდა

1207. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან პირსა დაიდვა დაცაბნდა ვარდმან ფერითა მკრთალამან სულნი გაიქცნეს მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ ვერცა სალამან

1208. ავთანდილ დაჯდა ტირილად ტირს ჴმითა შვენიერითა ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად აფრთხობს ბროლისა ჭერია გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა მუნით წყარონი გამოჰჴდეს ძოწსა ვამგზავსე ფერია

1209. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს უსულოდ ქუემდებარესა შეჰფრინდა შველად მიმართა მას ტკბილად მოუბარესა ვერა ვერ არგო დამწუარსა სრულად ცეცხლნადებარესა მისთა ნიშანთა სიცოცხლე მათ მისი მიებარესა

1210. პირსა იხოკს ღაწუთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა რაცა ვჰქენო არ უქმნია არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რას დავასხი ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის მეტსა

1211. მე მოვჰკალ ჩემი მოყვარე რა მმართებს გაწბილებულსა თავსა ვაბრალობ საქმესა არ დასმით გაგონებულსა ცრუ კაცი კარგად ვერა იქს საქმესა გაძნელებულსა თქმულა სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა

1212. უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად მან პოვა სისხლი ლომისა მოაქუს სავსებლად ალისად მკერდსა დაასხა გავეჴდა ლაჟვარდი ფერად ლალისად