... (A-656), XIX ს.

1133. დავსხედით და მას თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ რაცა გვეთქვა შევინანეთ სხვამცა რაღა შევიწამეთ ძლივ ვეაჯეთ დადუმება დავადუმეთ დავაამეთ ჩვენ მივართვით ხილი რამე მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ

1134. უსენ იტყვის ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს ესე ღაწვნი მზისად ხმანან კაცთაგანმცა ვით იკოცნეს უმართლეა ვერ მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს მე თუ შვილნი მირჩევნიან ღმერთმან იგი დამიხოცნეს

1135. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი წამოვედით სულთქმით ახით შეყრა გვიჩნდის სიხარულად გაყრა დიდად ვივაგლახით ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით იგი ვნახით გულნი ჩვენნი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარაჯანისა მეფის წინაშე

1136. რა გადახდა ხანი რამე გამოვიდეს ღამე დღენი უსენ მითხრა არ მინახავს ძოღანდითგან მეფე ჩვენი მივაზირებ წავალ ვნახავ ვუდარბაზო ვუძღვნა ძღვენი მოვახსენე დია ღმერთო ბრძანებაა ეგე თქვენი

1137. უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები დავედრე დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები ამა ქალისა ამბავსა მომკალ თუ არ ეკრძალები კვლავ შემომფიცა არ ვიტყვი თავსაცა მეცეს ხრმალები

1138. უსენ მივიდა ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა მეფეცა მისი მნდომელი წინა მიისვა შეიზღვნა ძღვენი მიართვა რომელი აწ ნახო მთრვალი ვაჭარი ცქაფი უწრფელი რომელი

1139. რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი კვლავ შესვეს და კვლავ აუვსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი დაავიწყდეს იგი ფიცი რა მუსაფნი რა მაქანი მართლად თქმულა არა მართებს ყვავსა ვარდი ვირსა რქანი

1140. უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს მთრვალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროვანსა უმსგავსოსა პოვებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემმან ძღვენთა შენთა ნაათალსა

1141. თაყვანისსცა უსენ ჰკადრა ჰე მაღალო ხელმწიფეო ზეცით შუქთა მომფენელო მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხვა მაქვს ვისი არის ოქრო თუნდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამომყვა მბოძებია თქვენგან მეო

1142. ამას გკადრებ თავმან თქვენმან არა გმართებს მადლი ძღვნისა სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი შესართავი თქვენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ ოდეს ნახოთ მზგავსი მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა

1143. რას ვაგრძელებდე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა უანბო პოვნა ქალისა მჭვრეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად ეამა მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზს მოყვანა სრულქმნა უსენის თქმულისა

1144. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე მუნამდის არ მიკვნესია შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია თანა ყვა მონა სამოცი ვით ხელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავკვირდი ვთქვი რამე საქმე ზესია

1145. მისალამეს ფატმან მითხრეს ბრძანებაა ღმრთისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მოგვგვარე წავიყვანოთ ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა დამტყდეს ცანი რისხვა ღმრთისა ეცა გორთა

1146. მე გაკვირვებით კვლავ ვკითხე რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დავასკვენ დღე ჩემი სულთა მხდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1147. შეველ ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლდასხმულად ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ხედავ რულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე იავარმყო ამფხვრა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთვის გულმოკლულად

1148. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია კარგი რა მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკვირველია სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არახალია ძველია

1149. თვალთა ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასე გულუშიშრად ვეფხი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯიღითა მოიბურა ტანი პირი

1150. შაველ საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დადებოდა თვალ მარგალიტი ავიღე რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა მივე მას წელთა შევარტყი შავგული ვისთვის კვდებოდა

1151. ვარქვი ჩემო განღა სადმე გეხმარების ესეგვარი მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დარი სცნა მეფემან მოეგება ჰკრეს ტაბლაკსა გახდა ზარი იგი მივა თავმოდრეკით წყნარი არას მოუბნარი