ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1145. მოიღეს, ტანსა ჩააცუეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თუალისა, დაადგეს თავსა გუირგუინი ერთობილისა ლალისა, მუნ ვარდსა ფერი აშუენებს ბროლისა გამჭუირვალისა.

1146. მეფემან ბრძანა: “მოჰკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა”. დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თუით დიდი ჴელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დასუა იგი მზე, ლხინი მჭურეტელთა გულისა.

1147. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომლად მცველად კარისად; ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად, მგზავსად მათისა გუარისად; უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზის დარისად, სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

1148. გააგრძელეს ნადიმობა, სუმა შეიქმნა მეტად გრძელი, ქალი პირ-მზე ბედსა ეტყუის: “რა ბედი მიც ჩემი მრჯელი! სადაური სად მოსულ ვარ, ვის მივხუდები, ვისთუის ხელი, რა ვქნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”

1149. “კულავცა იტყუის: “ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა; ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა; სიკუდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!”

1150. “ხადუმნი იჴმნა, უბრძანა: “ისმინეთ, მოდით ცნობასა! მოღორებულხართ, დამცდარხართ თქუენ ჩემსა პატრონობასა, დამცდარა თქუენი პატრონი , ჩემსა თუ ლამის სძლობასა, ჩემთუის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.

1151. არ ვარგ ვარ თქუენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია; მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო ტანია! სხუასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხუანია, თქუენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგუანია!

1152. უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქუენ დაგჴოცს თქუენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა; ესე სჯობს, მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, მე გამაპარეთ, გამიშვით, თუარა დავიწყებთ ნანასა”.

1153. შემოიჴსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თუალი, მოიჴადა გუირგუინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი; მისცა, უთხრა: “გამომიღეთ, გეაჯები გულ მჴურვალი, მე გამიშვით, ღმერთსა თქუენსა მიავალეთ დიდი ვალი”.

1154. მონათა მიხუდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძუირისა, დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკუნეს მის უებროსა პირისა. ნახე, თუ ოქრო რასა იქს, კუერთხი ეშმაკთა ძირისა!

1155. რა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღე სიკუდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა: შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კულავ აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1156. რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხუანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი, დარჩა მთუარე გავსებული, გუელისაგან ჩაუნთქმელი.

1157. მონანიცა გარდიხუეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა. გაველ, ვიცან, მოვეხვიე, გამიკუირდა, მეცა განა! შინა ყოლე არ შემომყვა: “რად მაწვეო?” შემანანა.

1158. მიბრძანა: “თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა; მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა, ვირემდის სცნობდეს ჴელმწიფე, კაცთა მამწევდეს რბენითა”.

1159. შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, შევუკაზმე, ზედა შევსუი მხიარული, არ-მაკუნესი. გუანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი, წახდა ჩემი ჭირნახული; ვერ მოვიმკი, რაცა ვსთესი.

1160. დღე მიიყარა, ჴმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი; მე მკითხეს, ვარქვი: “თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი, მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღუევარი!”

1161. მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი. დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი, მზე მოგუეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი.

1162. მის მთუარისა სადაობა კულავ გიამბო, საქმე კვლაცი; აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი: მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. კაცსა დასურის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

1163. მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თუალად ნასი. ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი; ჩუენ გუიყვარდა ერთმანერთი, არ მაცუია თუცა ფლასი, ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახურიტა ერთი თასი!

1164. ესე ამბავი მასთანა ვთქუი დიაცურად, ხელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდის არ მოყუარულად, მტერულად, აწ ისრე მკუდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად.