... (H-925), XVIII ს.

1136. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნე და თვალად შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულ იყო მუნ დაყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობთა დასაგვანსა

1137. მოიღეს ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა

1138. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ საწოლი უფლისწულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ჴელმწიფე პატრონი სრისა სრულისა მას ზედა დასვა იგი მზე ლხინი მჭვრეტელთა გულისა

1139. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომლად მცველად კარისად ხელმწიფე დაჯდა ნადიმად მგზავსად მათისა გვარისად უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზის დარისად სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად

1140. გააგრძელეს ნადიმობა სმა შეიქნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა ეტყვის რა ბედი მიც ჩემი მკულელი სადაური სად მოსულ ვარ ვის მივხვდები ვისთვის ხელი რა ვქნა რა ვყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

1141. კვლაცა იტყვის ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდან გონებანი გონიერსა

1142. ხადუმნი უხმნა უბრძანა ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცდარხართ თქუენ ჩემსა პატრონობასა დამცდარა თქუენი პატრონი ჩემსა თუ ლამის სძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა

1143. არ ვარგ ვარ თქუჱნ დედოფლად ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღმერთმან მამაცი პირად მზე სარო ტანია სხვასა რას მნუკავთ საქმესა ჩემნი საქმენი სხვანია თქუჱნთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია

1144. უცილოდ თავსა მოვიკლავ გულსა დავიცემ დანასა თქუჱნ დაგხოცს თქუჱნი პატრონი სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით თუარა დავიწყებთ ნანასა

1145. შემოიხსნა მარგალიტი შემოერტყა რაცა თვალი მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ გეაჯები გულმხურვალი მე გამიშვით ღ~თსა თქუჱნსა მიავალეთ თქუჱნი ვალი

1146. მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა მძიმისა დავიწყდა შიში მეფისა ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკუნეს მის უებროსა პირისა ნახე თუ ოქრო რასა იქს კვერთხი ეშმაკთა ძირისა

1147. რა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გაზდის აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა კვლავ აქა სულსა დააბამს დაუშლის აღმაფრენასა

1148. რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს იჯარვოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გავსებული გველისაგან ჩასანთქმელი

1149. მონანიცა გარდეხვეწნეს გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა ფატმანობა ჩემი ბრძანა გავე ვიცან მოვეხვიე გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლა არ შემომყვა რად მაწვევო შემანანა

1150. მიბრძანა თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა ვეღარ დამმალავ გამიშვი ფიცხლად გამგზავნე ცხენითა სადამდის სცნობდეს ჴელმწიფე კაცთა მომწევდეს რბენითა

1151. შევე ფიცხლად საჯინიბოს ავხსენ ცხენი უკეთესი შეუკაზმე ზედა შევსვი მხიარული არ მომკვნესი გვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს მზე მნათობთა უკეთესი წახდა ჩემი ჭირნახული ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი

1152. დღე მიიყარა ხმა გახდა მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შინა ქალაქი შეიქმნა მოსაწევარი მე მკითხეს ვარქვი თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი

1153. მონახეს ვერა შეიგნეს შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი დახედენ დარბაზის ერთა შევლენ ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორა მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი

1154. მას მთვარისა სადაობა კვლავ გიამბო საქმე კვლაცი აწ უწინა ესე გითხრა რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი

1155. მით არ ვსჯერ ვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თვალად ნასი ისი კაცი ჩაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი არ მაცვია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი