... (H-925), XVIII ს.

1116. რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი კვლავ შესვეს და კვლა აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი დაავიწყდა იგი ფიცი რა მუსაფნი რა მაქანი მართლად თქმულა არა მართებს ყუავსა ვარდი ვირსა რქანი

1117. უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკვოსა უსენ მთვრალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროვანსა უმგზავსოსა ჰპოვებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემმან ძღვენთა შენთა ნაათალსა

1118. თაყვანისცა უსენ კადრა ჰე მაღალო ხელმწიფეო ზეცით შუქთა მომფენელო მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხვა მაქვს ვისი არის ოქრო თუნდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამამყვა მბოძებია თქვენგან მეო

1119. ამას ვკადრებ თავმან თქუენმან არა გმართებს მადლი ძღვნისა სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი შესართავი თქუენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ ოდეს ნახოთ მგზავსი მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ თქუენ ბრძანება ნეტარძისა

1120. რას ვაგრძელებდე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა უამბო პოვნა ქალისა მჭვრეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად იამა მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზ მოყვანა სრულქმნა უსენის თქმულისა

1121. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე მუნამდის არ მიკვნესია შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია თანა ყვა მონა სამოცი ვით ხელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავკვირდი ვთქვი რამე საქმე ზესია

1122. მისალამეს ფატმან მითხრეს ბრძანებაა მზისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მოგვგვარე წავიყვანოთ ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა დამტყდეს ცანი რისხვით ეცა გორთა

1123. მე გაკვირვებით კვლა ვკითხე რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1124. შეველ ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ დასხმულად ვკადრე მზეო ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ხედავ რულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ იავარმყო ამფხვრა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთვის გულმოკლულად

1125. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკვირველია სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია ძველია

1126. თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასე გულ უშიშრად ვეფხვი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯაღითა მოიბურა ტანი პირი

1127. შევე საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დაედებოდა თვალ მარგალიტი ავიღე რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა მიველ მას წელთა შევარტყი შავგული ვისთვის კვდებოდა

1128. ვარქვი ჩემო განღა სადმე გეხმარების ესე გვარი მათ მონათა ჴელთა მივეც იგი პირი მზისა დასადარი ცნა მეფემან მოეგება ჰკრეს ტაბლაკსა გახდა ზარი იგი მივა თავმოდრეკით წყნარი არის მოუბარი

1129. ზედა მოატყდა მჭვრეტელი გახდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვებდეს სარანგნი მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან საროსა მგზავსი ნარები გაკრთომით უთხრა ჰე მზეო აქა ვით მოიგვარები

1130. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი შექნნა თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამხადა ნახული მე უნახველად ღ~თისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად მართებს ამისთა მიჯნურთა ხელნი თუ რბოდეს ახ ველად

1131. გვერდსა დაისვა ეუბნა ტკბილითა საუბარითა მითხარ ვინ ხარ ვისი ხარ მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი პირითა მზისა დარითა თავ მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა

1132. არ ისმენდა მეფისასა რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აღებდა მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა რასამცა ვინ იაზრებდა

1133. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ გული ჩვენი რათ იხსნების ამ ორთა ჰკიდეგანთა აზრი არა არ იქნების ან ვისიმე მიჯნურია სიყვარული ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს ვეღარცა ვის ეუბნების

1134. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს არცა ჭირი ზედა ზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს გონება უც ვითა ტრედი

1135. ღმერთმან ქნას შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე დამისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა ჩვენცა ვცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქკრთომით ჯდეს მზისა მოშორვებული