... (H-66), 1832 წ.

1233. გათენდა ბანად წავიდა: მზე სოფელს შუქ ნაკიდები დიაცმან უძღვნა მრავალი: კაბა ყაბაჩა რიდები მრავალი ფერი სულნელი: ტურფა პერანგი წმიდები რაცა გწადდესო ჩაიცვი: მე ნურას დამერიდები

1234. ავთანდილ თქვა საქმე ჩემი: გავაცხადო ამა დღესა სამოსისა ვაჭრულისა: ცმა აქამდის დაეწესა მას დღე ყოვლი საჭაბუკო: შეიმოსა ტანსა მხნესა მოიმატა დაშვენება: დაემგზავსა ლომი მზესა

1235. ფატმანს პური შეეკაზმა: ავთანდილის საწვეველად ყმა შევიდა მოკაზმული: მხიარულად არ პირ ბნელად ფატმან ნახა გაუკვირდა: ვაჭრულისა უმოსელად შემოსცინა აგრე სჯობსო: შენთვის ჴელთა სასურველად

1236. ფატმან მისსა შვენებასა: მეტის მეტად ჰკვირდებოდა მან პასუხი არა გასცა: თავისწინა ღიმდებოდა შეეტყვების არ მიცნობსო: რა რეგვნად და რაგვარ ხმობდა თუცა რასმე იფერებდა: მეტი არა გავიდოდა

1237. პური ჭამეს გაიყარნეს: ყმა მივიდა მისსა შინა ღვინო სმული მხიარული: დაწვა ამოდ დაიძინა საღამო ჟამს გაიღვიძა: შუქი ველთა მოაფინა ფატმან უხმო მოდი მნახე: მარტო ვარო თავისწინა

1238. ფატმან მივიდა ავთანდილს: ჴმა ესმა მისგან ოხისა იტყოდა მამკლავს უცილოდ: ტანი ალვისა მო ხისა გვერდცა დაისვა ბალიში: მისცა მისისა ნოხისა ვარდისა ბაღსა უჩრდილობს: ჩრდილი წამწამთა ქოხისა

1239. ავთანდილ ბრძანა ჱე ფატმან: ვიცი ეს საქმე შენია დაჰკრთები ამა ამბავსა: მართ ვითა გველ ნაკბენია მაგრა აქამდის მართალი: შენ ჩემი არა გსმენია ჩემნი მამკლველნი წამწამნი: შავნი გიშრისა ხენია

1240. გგონივარ ვინმე ვაჭარი: პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა: მეფისა როსტევანისა თავადი სპისა დიდისა: მათისა შესაგვანისა მაქვს პატრონობა მრავლი: საჭურჭლე ზარდახანისა

1241. შენ გიცი კარგი მოყვარე: ერთგული მისანდობელი მათ უვის ერთი ასული: მზე ხმელთა მანათობელი იგია ჩემი დამწველი: და ჩემი დამადნობელი მან გამამგზავნა დავაგდე: პატრონი მათი მშობელი

1242. რომე შენ ქალი გყოლია: მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა: მის მზისა მონაცვალისად მისთვის გაჭრილი მინახავს: წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად გამაცუდებელად თავისად: მის გულისა და ძალისად

1243. ავთანდილ ფატმანს ყოველი: უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისგან: შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი: ჯერ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ჴშირისა: ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა

1244. მოდი და ფატმან მეწიე: ვეცადნეთ მისა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი: ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი ყველანი: ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუთუ კვლავ მიხვდნენ მიჯნურნი: ერთმანერთისა ხლებასა

1245. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ: იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყველაი: ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი: ვქჰნათ მისი გამორჩეული ღ~თმან ქნას ქაჯთა სამეფო: მოგესმას ჩვენგან ძლეული

1246. ფატმან თქვა ღ~თსა დიდება: საქმენი მომხვდეს მორანი დღეს რომე მესმნეს ამბავი: უკვდავებისა სწორანი მოგვარა მონა გრძნეული: შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი: წა გზანი გისხენ შორანი

1247. აწ გამოჩნდების სახმრობა: ჩემი შენისა გრძნებისა ფიცხლად დამივსო სახმილი: შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა მას მზესა ჰკადრე მიზეზი: მისისა განკურნებისა მან უთხრა ხვალე მოგართვა: ყოვლი ამბავი ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი჻

1248. ფატმან სწერს აჰა მნათობო: სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორს მყოფთა ყოველთა: დამწველო ამას ზრზენაო სიტყვა მჭევრო და წყლიანო: ტურფაო ლამაზ ენაო ბროლო და ლალო ორივე კვლავ ერთგან შენათხზენაო

1249. თუცა თუ შენი ამბავი: შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვცან მართალი: მით გულსა მოვალხენიე შენთვის ხელ ქმნილსა ტარიელს: ამბითა მოალხენიე ორნივე მიხუდეთ წადილსა: იგი ვარდობდეს შენ იე

1250. მოსრულა შენად საძებრად: მისი ძმად შეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი: არაბეთს შიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა: ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ამბავსა: ლაღი ბრძნად გაგონებული

1251. ჩვენ ამისთვის ესე მონა: გამოვგზავნეთ თქვენსა წინა ვსცნათ ამბავი ქაჯეთისა: მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა: ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი: ან თავადი მათი ვინა