ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1125. უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენ მთურალსა: “დია მიკუირს, საძღუნოდ ჩუენად სით მოიღებ ამა თუალსა, მარგალიტსა დიდროანსა, უსახოსა ჰპოებ ლალსა? ვერ გარდვიჴდი, თავმან ჩემმან, ძღუენთა შენთა ნაათალსა”.

1126. თაყუანი სცა უსენ, ჰკადრა: “ჰე მაღალო ხელმწიფეო, ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენელო არსთა, მზეო! რაცა სხუა მაქვს, ვისი არის ოქრო თუნდა საჭურჭლეო, დედის მუცლით რა გამომყუა? მბოძებია თქუენგან მეო.

1127. ამას გკადრებ, თავმან თქუენმან, არა გმართებს მადლი ძღუნისა; სხუა რამე მითქს სასძლო თქუენი, შესართავი თქუენის ძისა; მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ მგზავსი მზისა, მაშინ მეტად გაამრავლოთ თქუენ ბრძანება ნეტარძისა”.

1128. რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა, უამბო პოვნა ქალისა, მჭურეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად იამა, მიეცა ლხინი გულისა, უბრძანა დარბაზს მოყუანა, სრულქნა უსენის თქმულისა.

1129. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკუნესია. შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, თანა ყუა მონა სამოცი, ვით ჴელმწიფეთა წესია, მოვიდეს; დია გავკუირდი, ვთქუი: “რამე საქმე ზეზია

1130. მისალამეს, “ფატმან”, მითხრეს, “ბრძანებაა ღმრთისა სწორთა: დღეს რომელი უსენ შესძღუნა ქალი, მგზავსი მზეთა ორთა, აწ მომგუარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა”. ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხუა ღმრთისა ეცა გორთა.

1131. მე გაკუირვებით კულავ ვკითხე: “რა ქალი გინდა, რომელი?” მათ მითხრეს: “უსენ შემოსძღუნაო პირი ელვათა მკრთომელი” არას მარგებდა, დაესკუნა დღე ჩემი სულთა მჴდომელი, ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქუე ვიყავ მჯდომელი.

1132. შეველ, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად, ვჰკადრე: “მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ხედავ სრულად; ცა მობრუნდა რისხუით ჩემკენ , იავარ-მყო, ამფხურა სრულად, შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთუის გულ-მოკლულად”.

1133. მან მითხრა: “დაო, ნუ გიკუირს, ეგე რაზომცა ძნელია! ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს, გიკუირდეს, ავი რა საკუირველია! სხუადასხუა ჭირი ჩემზედა არ-ახალია, ძუელია”.

1134. თუალთათ, ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი; ადგა ასე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი, მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1135. “შეველ საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა, თვალ მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თუითო და თუითო თუითოსა ქალაქსა ეფასებოდა, მიველ, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთუის კუდებოდა.

1136. ვარქუი: “ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესე გუარი”. მათ მონათა ჴელთა მივეც იგი პირი მზისა დასადარი. ცნა მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გაჴდა ზარი, იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

1137. ზედა მოატყდა მჭურეტელი, გაჴდა ზათქი და ზარები; ვერ იჭირვებდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები. იგი რა ნახა მეფემან, საროსა მგზავსი ნარები, გაკრთომით უთხრა: “ჰე, მზეო, აქა ვით მოიგუარები?”

1138. ვით მზემან, მისნი მჭურეტელნი შექნნა თუალისა მფახველად; მეფემან ბრძანა: “გამჴადა ნახული მე უნახველად; ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახუელად! მართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ, ველად!”

1139. გუერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა; “მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გუარითა?” მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა; თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქუე ზის ცნობითა წყნარითა.

1140. არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა; სხუაგან იყო გული მისი, სხუასა რასმე იგონებდა; ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა, მჭურეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

1141. მეფე ბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩუენი რით იჴსნების? ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქნების: ან ვისიმე მიჯნურია, სიყუარული ეგონების, მისგან კიდე არვისად სცალს, არცაღა ვის ეუბნების.

1142. ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, სხუაგან არის, სხუაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი.

1143. ღმერთმან ქნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ისი მზე, და-, მისთუის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩუენცა ვცნათ გაცხადებული, მუნამდის მთუარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული”.

1144. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თუალად, შუენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაყოფდა დიდსა ხანსა, მამა მისთუის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგუანსა.