... (Q-609), XIX ს.

1154. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ: საწოლი უფლის წულისა: დაუდგეს ტახტი ოქროსა: წითლისა მაღრიბულისა: ადგა თვით დიდი ჴელმწიფე: პატრონი სრისა სრულისა: მას ზედა დასვა იგი მზე: ლხინი მჭვრეტელთა გულისა:

1155. უბრძანა ცხრათა ხადუმთა: დადგომა მცველად კარისა: ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად: მგზავსად მათისა გვარისა: უბოძა უსენს უზომო: მუქფად მის მზის დარისა: სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა: მოსამატებლად ზარისა:

1156. გააგრძელეს ნადიმობა: სმა შეიქნა მეტად გრძელი: ქალი პირ მზე ბედსა ეტყვის: რა ბედი მიც ჩემი მკვლელი: სადაური სად მოსრულ ვარ: ვის მივხვდები ვისთვის ხელი: რა ვჰქნა რა ვჰყო რა მერგების: სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი:

1157. კულაცა იტყვის ნუ დავაჭკნობ: შვენებასა ვარდთა ფერსა: ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ: მე მამრიოს ჩემსა მტერსა: სიკუდილამდის ვის მოუკლავს: თავი კაცსა მეცნიერსა: რა მისჭირდეს მაშინ უნდა: გონებანი გონიერსა:

1158. ხადუმნი უჴმნა უბრძანა: ისმინეთ მოდით ცნობასა: მოღორებულხართ დამცდარხართ: თქვენ ჩემსა პატრონობასა: დამცდარა თქვენიპატრონი: ჩემსა თუ ლამის სძლობასა: ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა: ცუდად გლახ იცემს ნობასა:

1159. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად: ჩემი გზა კიდეგანია: მაშოროს ღ~მ მამაცი: პირად მზე სარო ტანია: სხვასა რას მნუკავთ საქმესა: ჩემნი საქმენი სხვანია: თქვენთანა ჩემი სიცოცხლე: არ ჩემი შესაგვანია:

1160. უცილოდ თავსა მოვიკლავ: გულსა დავიცემ დანასა: თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი: სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა: ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე: მძიმე მარტყია ტანასა: მე გამაპარეთ გამიშვით: თვარა დავიწყებთ ნანასა:

1161. შემოიხსნა მარგალიტი: შემოერტყა რაცა თვალი: მოიხადა გვირგვინიცა: გამჭვირვალი ერთობ ლალი: მისცა უთხრა გამომიღეთ: გეაჯები გულ მხურვალი: მე გამიშვით ღ~თსა თქვენსა: მიავალეთ თქვენი ვალი:

1162. მონათა მიხვდა სიხარბე: მის საჭურჭლისა მძიმისა: დავიწყდა შიში მეფისა: ვითა ერთისა გზირისა: გამოპარება დაასკვნეს: მის უებროსა პირისა: ნახეთ თუ ოქრო რასა იქს: კვერთხი ეშმაკთა ძირისა:

1163. რა ოქრო მისთა მოყვასთა: აროდეს მისცემს ლხენასა: დღე სიკუდილამდის სიხარბე: შეაქნევს კბილთა ღრჭენასა: შესდის და გასზდის აკლია: ემდურვის ეტლთა რბენასა: კულავ აქა სულსა დააბამს: დაუშლის აღმაფრენასა:

1164. რა ხადუმთა აუსრულეს: საქმე მისი საწადელი: ერთმან ტანსა აიხადა: მისცა მისი ჩასაცმელი: სხვანი კარნი გამოარნეს: იჯარვოდა დარბაზს მსმელი: დარჩა მთვარე გველისაგან: გავსებული ჩაუნთქმელი:

1165. მონანიცა გარდეხვეწნეს: გაიპარნეს მასვე თანა: ქალმან კარსა დამირეკა: ფატმანობა ჩემი ბრძანა: გავე ვიცან მოვეხვივე: გამიკვირდა მეცა განა: შინა ყოლა არ შემომყვა: რად მაწვეო შემანანა:

1166. მიბრძანა თავი ვიყიდე: მოცემულითა შენითა: მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს: მოწყალებითა ზენითა: ვეღარ დამმალავ გამიშვი: ფიცხლად გამგზავნე ცხენითა: სადამდის სცნობდეს ჴელმწიფე: კაცთა მამწევდეს რბენითა:

1167. შევე ფიცხლად საჯინიბოს: ავხსენ ცხენი უკეთესი: შეუკაზმე ზედა შევსვი: მხიარული არა მოკვნესი: ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს: მზე მნათობთა უკეთესი: წახდა ჩემი ჭირნახული: ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი:

1168. დღე მიიყარა ხმა გაჴდა: მოვიდა მისი მდევარი: მოიცვეს შინა ქალაქი: შეიქნა მოსაწევარი: მე მკითხეს უთხარ თუ ჰპოოთ: მუნ სახლსა სადა მე ვარი: მეფეთა ვიყო შემცოდე: და მათთა სისხლთა მზღვევარი:

1169. მონახეს ვერა შეიგნეს: შეიქცეს დაწბილებულნი: მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე: და ყოვლნი მისნი ხლებულნი: დახედენ დარბაზის ერთა: შევლენ ისფრითა ღებულნი: მზე მოგვეშორა მას აქათ: ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი:

1170. მის მთვარისა სადაობა: კვლა გიამბო საქმე კულაცი: აწ უწინა ესე გითხრა: რას მექადდა ისი კაცი: მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი: იგი იყო ჩემი ვაცი: კაცსა დასვრის უგულობა: და დიაცსა ბოზი ნაცი:

1171. მით არ ვჯერ ვარ ქმარსა ჩემსა: მჭლე არის და თვალად ნასი: ისი კაცი ჩაჩნაგირი: დარბაზს იყო მეტად ხასი: ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი: არ მაცვია თუცა ფლასი: ნეტარძი ვინ სისხლი მისი: შემახვრიტა ერთი თასი:

1172. ესე ამბავი მასთანა ვთქვი: დიაცურად ჴელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა: და გაპარება მელურად: გამჟღავნებასა მექადდა: არ მოყვარულად მტერულად: აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ: იშ თავი ვიხსენ მე რულად:

1173. დამექადის რაზომჯერცა: წავიკიდნით თავის წინა: ოდეს მეხმე არ მეგონა: მე იმისი ყოფა შინა: მოსრულ იყო მოსლვა ეთქვა: შენცა მოხველ შემეშინა: ამად გკადრე ნუ მოხვალო: მოგაგებე მონა წინა: