... (Q-609), XIX ს.

1174. აღარ დაბრუნდით მოხვედით: შუქნი თქუენ ჩემთვის არენით: შეიყარენით ორნივე: ჩემზედან დაიჯარენით: ამად შევშინდი ღონენი: ვეღარა მოვაგვარენით: იმას გლახ ჩემი სიკუდილი: გულითა სწადდა არ ენით:

1175. თუმცა ისი არ მოგეკლა: მისრულიყო დარბაზს მითა: შემასმენდა ჯავრიანი: გული ედვა ცეცხლებრ წვითა: მეფე მწყრალი გარდასწმენდდა: სახლსა ჩემსა გარდაგვითა: შვილთა ღ~თო დამაჭმევდა: დამქოლვიდა მერმე ქვითა:

1176. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს: მადლსა გკადრებდე მე რასა: რომელმან დამხსენ მშვიდობით: ამა გველისა მზერასა: აწ ამას იქით ვნატრიდე: ჩემსა ეტლსა და წერასა: აღარ ვიშიშვი სიკუდილისა: ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა:

1177. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის: წიგნსაცა აგრე სწერია: მოყვარე მტერი ყოვლისა: მტრისაგანც უფრო მტერია: არ მიენდობის გულითა: თუ კაცი მეცნიერია: ნუღარ იშიშვი იმისგან: აწ იგი მკუდართა ფერია:

1178. იგივე მითხარ მას აქათ: ქალი გაგზავნე შენ ოდეს: რაცაღა გეცნას ამბავი: ანუ რა მისი გსმენოდეს: კვლავ იტყვის ფატმან ტირილით: კულავ თვალთა ცრემლი სდენოდეს: წახდესო შუქი რომელი: მზისაებრ ველთა ჰფენოდეს:

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა:

1179. ვაი საწუთროო სიცრუვით: თავი სატანას ადარე: შენი ვერავინ ვერა ცნას: შენი სიმუხთლე სად არე: პირი მზისაებრ საჩინო: სად უჩინო ჰყავ სად არე: მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა: ოხრად ჩანს ყოვლი სადარე:

1180. ფატმან იტყვის მამეშორა: მზე მნათობი სრულად ხმელთა: სიცოცხლე და სულდგმულობა: მონაგები ჩემთა ჴელთა: მას უკანით გაუწყვეტლად: დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა: ვერ გავახმე წყარო ცრემლთა: თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა:

1181. სახლი და შვილნი მამძულდა: ვჯდი უგულოსა გულითა: მას ვიგონებდი მღვიძარე: რა მიმეძინის ლულითა: უსენ გამტეხი ფიცისა: მიჩნს უსჯულოთა სჯულითა: ვერ მიმიახლოს საახლოდ: კრულმან პირითა კრულითა:

1182. დღესა ერთსა საღამო ჟამ: ჩასლვა იყო ოდენ მზისა: წავდეგ წინა დარიჯაგთა: კარი მიჩნდა ხანაგისა: ვიგონებდი სევდა მკვლიდა: მისისავე გონებისა: ვთქვი კრულია ზენაარი: ყოვლისამცა მამაცისა:

1183. მოვიდა სითმე ღარიბი: მონა მოყუსითა სამითა: მონა მონურად მოსილი: სხვანი მგზავრულად ხამითა: სასმელ საჭმელი მოიღეს: ქალაქს ნასყიდი დრამითა: სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს: სხდეს მხიარულნი ამითა:

1184. მე უყურებდი უჭურეტდი: თქვეს ამოდ გავიხარენით: მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი: უცხონი შევიყარენით: არცა რა ვიცით ვინ ვინა: ანუ სით მოვიარენით: ჴამს ერთმანერთსა ამბავი: ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით:

1185. მათ სხვათა მათი ამბავი: თქუეს ვითა მგზავრთა წესია: მონამან უთხრა ჱე ძმანო: განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი: თქვენ ქურიმა დაგითესია: ჩემი ამბავი ამბავთა: თქვენთაგან უკეთესია:

1186. მე ვარო მონა მეფისა: მაღლისა ქაჯთა მფლობლისა: მათ მიხვდა ცემა სენისა: მათისა დამამხობლისა: მოგვიკუდა შემწე ქურივისა: შემწყნარებელი ობლისა: აწ შვილთა მისთა და მისი: ზრდის უმჯობესად მშობლისა:

1187. დულარდუხტ არის დიაცი: მაგრა კლდე ვითა ლოდია: ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი: ვერავის დაუკოდია: მას უსხენ წვრილნი ძმის წულნი: როსან და ერთი როდია: აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ: ქვე ზის მორჭმული წოდია:

1188. გვესმა ამბავი ზღვათ იქით: სიკუდილი დისა მათისა: შეიჭირვებდეს ვეზირნი: დაშალეს ქნა ხალვათისა: ვითა ვჰკადროთო დავსება: პირისა ჴმელთა მნათისა: როშაქ მონაა თავადი: მონისა ბევრ ათასისა:

1189. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს: მე ტირილსა არ დავხვდები: მინდორს წავალ ვიმეკობრებ: ალაფითა ავივსები: შინა მოვალ შოებული: ადრე ზედა მოვესწრები: მეფე დისა დატირებად: წავიდოდეს წაცავჰყვები:

1190. გვითხრა მისთა ჴელისათა წავალ თანა წამომყევით: წაგვიტანა მონა ასი ყველაკაი მისგან რჩევით: დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყვით თევით: დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით:

1191. მინდორ მინდორ მოვდიოდით: ჩვენ ღამესა დია ბნელსა: დიდი რამე სინათლენი: გამოგვიჩნდეს შუა ველსა: ვთქვით თუ მზეა ნუთუ ზეცით: ჩამოჭრილი ზედან ჴმელსა: დაბნეული მივეცენით: გონებასა ჩვენსა მსჯელსა:

1192. ზოგთა თქვეს არის ცისკარი: ზოგთა თქვეს არის მთვარეო: მას დარაზმულთა მივმართე: ახლოსცა ვნახეთ ბარეო: შორს მოუარეთ მივედით: შემოვადეგით გარეო: მით ნათლიდაღმე გამოხდა: ხმა ჩვენი მოუბარეო: