... (H-403), 1818 წ.

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხვა და მეცნიერების შეტყობის ნდობა჻

1135. რა მივაჭირვე კითხვითა: მეტითა საუბარითა჻ გულ ამოჴჩვინვიით ატირდა: მით რამე ჴმითა წყნარითა჻ ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა: მოსდის გიშრისა ღარითა჻ მისი მჭვრეტელი დავიწვი: გავჴე გულითა მკვდარითა჻

1136. მითხრა შენ ჩემთვის: დედაო: ხარ უმჯობესი დედისა჻ რას აქნევ ჩემსა ამბავსა: ზღაპარი არის ყბედისა჻ ღარიბი ვინმე შემსწრობი: ვარ უბედოსა ბედისა჻ თუ რაცა მკითხო ძალიმცა: გიგმია არსთა მხედისა჻

1137. ვთქჳ უჟამოდ არ წესია: მოყვანა და მზისა ჴმობა჻ მომყვანელი გაშმაგდების: და წაუვა ერთობ ცნობა჻ ჴმობა უნდა ჟამიერად: სააჯოსა ყოვლსა თხრობა჻ რად არ ვიცი ამა მზისა: საუბრისა უჟამობა჻

1138. ავიყვანე იგი პირმზე: ნაქები და ვერ ვთქჳ უქი჻ სურვილმან და მზემან მისმან: ძლივ დავმალი მისი შუქი჻ ჩამოვბურე მრავალ კეცი: სტავრა მძიმე არ სუბუქი჻ ცრემლსა სეტყუს და ვარდსა აზრობს: წამწამთაგან მოქრის ბუქი჻

1139. მოვიყუანე შინა ჩემსა: იგი პირმზე ტანით ალვით჻ მოუკაზმე სახლი ერთი: შიგან დავსვი მეტად მალვით჻ არვის უთხარ სულიერსა: შევინახე ფარვით კრძალვით჻ ერთი ზანგი ვამსახურე: მე შევიდი ვნახი ხალვით჻

1140. ვით გიამბო საკვირველი: მე გლახ მისი ყოფა ქცევა჻ დღე და ღამე გაუწყვედლად: ტირილი და ცრემლთა ფრქვევა჻ შევეხვეწი დადუმდიო: წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა჻ აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ: ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა჻

1141. შინა შევიდი მას წინა: ედგის ცრემლისა გუბები჻ შიგან მელნისა მორევსა: ეყარის გიშრის შუბები჻ მელნისა ტბათათ იღვრების: სავსე სათისა რუბები჻ შუა ძოწსა და აყიყსა: ჭვირს მარგალიტი ტყუბები჻

1142. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა: ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან჻ თუმცა მეკითხა ვინა ხარ: ეგრე გასრული რისაგან჻ მჩქეფრად სისხლისა ნაკადი: მოსდის ალვისა ხისაგან჻ მას ჴორციელი არ გასძლებს: სხვა კიდეგანი ქვისაგან჻

1143. არად უნდის საბურავი: არცა წოლა საგებლითა჻ მიწყივ იყჳს რიდითა და: მით ერთითა ყაბაჩითა჻ მკლავი მისი სასთაუნალად: მიიდვის და მიწვის მითა჻ ძლივ ვაჭამი ცოტა რამე: ათასითა შეხვეწითა჻

1144. სხვა გიამბო საკვირველი: რიდისა და ყაბაჩისა჻ ვარ მნახავი ყოვლისავე: უცხოსა და ძვირ ფასისა჻ მაგრა მისი არა ვიცი: ქნილი იყო რაგვარისა჻ სილბო ჰქონდა ნაქსოვისა: და სიმტკიცე ნაჭედისა჻

1145. მან ტურფამან სახლსა ჩემსა: ეგრე დაყო ხანი დიდი჻ ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა: შესმენისა მქონდა რიდი჻ ვთქჳ თუ უთხრობ ვიცი დარბაზს: გამამჟღავნებს ისი ფლიდი჻ ესე მეყო საგონებლად: კვლავ შევიდი კვლავ გავიდი჻

1146. ვთქვი თუ არ უთხრა რა უყო: ჩემგან რა მოეგვარების჻ არცა რა ვიცი რა უნდა: რა ვისგან მოეხმარების჻ ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს: ვეღარა მომეფარების჻ ვითა დავმალო ნათელი: ვინ მზესა დაედარების჻

1147. მე გლახ მარტომან რა უყო: მიმატებს ცეცხლთა დებასა჻ მო და გავანდო ნუ შევალ: უსენის შეცოდებასა჻ არ გამამჟღავნოს ვაფიცო: თუ მამცემს იმედობასა჻ სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს: ფიცისა გაცუდებასა჻

1148. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა: ველაღობე ველაციცე჻ მერმე უთხარ გითხრობ რასმე: მაგრა პირველ შემომფიცე჻ არვის უთხრა სულიერსა: საფიცარი მამეც მტკიცე჻ ფიცი ფიცა საშინელი: თავიცაო კლდეთა ვიცე჻

1149. რაცა მითხრა სიკვდილამდის: არვის უთხრა სულიერსა჻ არა ბერსა არა ყმასა: მოყვარესა არცა მტერსა჻ მერე უთხარ ყუელაკაი: უსენს კაცსა ლმობიერსა჻ მოდი მომყევ აქა სადმე: მო გიჩვენებ მზისა ფერსა჻

1150. ადგა ამყვა და წავედით: შევლენით კარნი სრისანი჻ უსენ გაკვირდა გაცაჰკრთა: რა შუქნი ნახნა მზისანი჻ თქვა რა მიჩვენე რა ვნახე: რანია ნეტარ რისანი჻ თუ ჴორციელი არისმცა: თვალნიმცა მრისხვენ ღ~თისანი჻

1151. ვთქჳ თუ არცა რა მე ვიცი: ამისი ჴორციელობა჻ რაცა არ გითხარ მის მეტი: მაქუს არა მეცნიერობა჻ მე და შენ ვჰკითხოთ ვინ არის: ვისგან სჭირს ისი ხელობა჻ ნუთუ რა გვითხრას ვეაჯნეთ: ქნას დიდი ლმობიერობა჻

1152. მივედით გვქონდა ორთავე: კრძალვა მისისა კრძალისა჻ ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი: გვედების შენგან ალისა჻ გჳთხარ რა არის წამალი: მთვარისა შუქ ნამკრთალისა჻ რას შეუქნიხარ ზაფრანად: შენ ფერად მზგავსი ლალისა჻

1153. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცით: ესმა ანუ არ ისმენდა჻ ვარდი ერდგან შეეწება: მარგალიტსა არ აჩენდა჻ გველნი მოშლით მოეკეცნეს: ბაღი შეღმა შერაშენდა჻ მზე ვეშაპსა დაებნელა: ზედა რამცა გაგვითენდა჻