... (H-403), 1818 წ.

ნესტან დარეჯანისაგან ამბის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე჻

1116. ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა჻ არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი: არცა ვინ წავა გზობასა჻ ყოველნი სწორად დავიწყებთ: კაზმასა ლამაზობასა჻ დიდსა შეიქმენ მეფენი: პურობა დარბაზობასა჻

1117. ჩვენ დიდ ვაჭართა ზედა გვაც: დარბაზს მიღება ძღვენისა჻ მათ საბოძვრისა ბოძება: მართებს მსგავსისა ჩვენისა჻ ათ დღემდის ისმის ყოველგან: ჴმა წინწილისა ებნისა჻ მაედანს მღერა ბურთობა: დგრიალი ცხენთა დგენისა჻

1118. ქმარი ჩემი დიდ ვაჭართა: წაუძღვების უსენ წინა჻ მათთა ცოლთა მე წავასხამ: მაწვეველი არათ მინა჻ დედოფალსა ძღვენსა უძღვნით: მდიდარი თუ გლახა ვინა჻ დარბაზს ამოდ გავიხარებთ: მხიარული მოვალთ შინა჻

1119. დღე მოვიდა ნავროზობა: დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით჻ ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს: ავავსეთ ავივსენით჻ ჟამიერად მხიარულნი: წამოვედით ნებით ჩვენით჻ კვლავ დავსხედით გახარებად: მუნებურნი არ ვიყვენით჻

1120. ბაღსა შიგან თამაშობად: საღამოსა გაველ ჟამსა჻ გავიტანე ხათუნები: მათი ჭმევა ჩემგან ჰჴამსა჻ მამყუებოდეს მომღერალნი: იტყოდიან ტკბილსა ჴმასა჻ ვიმღერდი და ვყმაწვილობდი: ვიცვალებდი რიდე თმასა჻

1121. აქ ბაღსა შიგან ტურფანი: სახლნი ნატიფად გებულნი჻ მაღალნი ყოვლგნით მხედველნი: ზღვა ზედან წაკიდებულნი჻ მუნ შევიტანენ ხათუნნი: იგი ჩემთანა ხლებულნი჻ კვლავ დავიდევით ნადიმი: დავსხედით ამოდ შვებულნი჻

1122. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან: უმასპინძლე ამოდ დურად჻ სმასა ზედა უმიზეზოდ: გავჴე რამე უგემურად჻ რა შემატყვეს გაიყარა: სხდომილ იყო რაცა პურად჻ მარტო დავრჩი სევდა რამე: შემომექცა გულსა მურად჻

1123. უკმოვახვენ სარკმელნი და: შევაქცივე პირი ზღვასა჻ ვიხედვიდი ვიქარვებდი: კაეშნისა ჩემგან ზრდასა჻ შორს ამიჩნდა ცოტა რამე: მოცურვედა შიგან ზღვასა჻ ფრინველად ვჰთქჳ ანუ მჴეცად: სხვას ვამზგავსე მემცა რასა჻

1124. მე შორიდამ ვერად ვიცან: მამეახლა იყო ნავი჻ ორთა კაცთა ტანად შავთა: თვით პირიცა ედგა შავი჻ იქით აქეთ მოსდგომოდეს: ახლოს უჩნდა ოდენ თავი჻ გამოიღეს გამიკვირდეს: იგი უცხო სანახავი჻

1125. გამოზიდნეს იგი ნავი: გამოიღეს ბაღსა წინა჻ მიიხედნეს მოიხედნეს: ვინ გვიჭვრეტსო სადა ვინა჻ ვერა ნახეს სულიერი: ვერცა რამან შეაშინა჻ მე იდუმალ ვიხედვიდი: სულ ღებული ვიყავ შინა჻

1126. მით ნავიდაღმან მათ რომე: გარდმოსვეს კიდობანითა჻ აჰჴადეს ქალი გარდმოჴდა: უცხოთა რათმე ტანითა჻ თავსა რიდითა შავითა: ქვეშეთ მოსილი მწვანითა჻ მზესა სიტურფით ეყოფის: იყოს მისითა გვანითა჻

1127. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ: შემოადგეს სხივნი კლდესა჻ ღაწვთა მისთა ელვარება: ელვარებდა ჴმელთა ზესა჻ დავიწუხენ თვალნი ყოლა: ვერ შევადგენ ვითა მზესა჻ უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ: მათი ჭვრეტა ვერა ცნესა჻

1128. მოვიჴმენ ოთხნი მონანი: ჩემსა წინაშე მდგომელნი჻ უჩვენე ჰხედავთ ინდოთა: ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი჻ ჩაეპარენით ჩადითო: წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი჻ მოგყიდონ ფასი მიეცით: რისაცა იყვნენ მდომელნი჻

1129. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ: წაგვარეთ და დაჰჴოცენით჻ მოიყვანეთ ისი მთვარე: ჰქმენით კარგად ეცადენით჻ ჩემნი ყმანი ზედა დაღმან: ჩაეპარნეს ვითა ფრენით჻ დაევაჭრეს არ მოჰყიდეს: შავნი ვნახენ მეტად წყენით჻

1130. მე სარკმელთა გარდავადეგ: რა შევიგენ არ მოჰყიდეს჻ შეუზახენ დახოცენით: დაიპყრეს და თავსა სჭრიდეს჻ იგი ზღვასა შეასრივნეს: შემოადგეს ქალსა სცვიდეს჻ ჩავეგებე გამოვგვარე: ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს჻

1131. რა გიამბო ქება მისი: რა სიტურფე რა ნაზობა჻ ვფიცავ რომე იგი მზეა: არა მართებს მზესა მზობა჻ ვინ გაიცდის შუქთა მისთა: ვინმცა ვით ქნას ნახაზობა჻ მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ: არღა უნდა ამას მზობა჻

1132. ესე სიტყვა დაასრულა: ფატმან იკრნა პირსა ჴელნი჻ ავთანდილსცა აეტირნეს: გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი჻ ერთმანერთი დაავიწყდეს: მისთვის გაჴდეს ვითა ხელნი჻ ღვარმან ზედათ მონადენმან: გააწყალნა ფიფქნი თხელნი჻

1133. მოიტირეს: ყმამან უთხრა: ნუღარ გასწყვედ გაასრულე჻ ფატმან იტყვის მივეგებე: გული მისთვის ვაერდგულე჻ გარდუკოცნე ყოვლი ასო: თავი ამად მოვაძულე჻ ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა: შევეკვეთე გავესულე჻

1134. ვჰკადრე ვინ ხარ მითხარ მზეო: ანუ შვილი ვისთა ტომთა჻ ამა ზანგთა სით მოჰყვანდი: შენ პატრონი ცისა ჴომთა჻ მან პასუხი არა მითხრა: მე სიტყვათა ესე ზომთა჻ ას ნაკეცი წყარო ვნახე: ცრემლთა მისთა მონაწთომთა჻