ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1105. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღურისაგან, თუმცა მეკითხა: “ვინა ხარ და ეგრე გასრული რისაგან?” მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან, მას ჴორციელი არ გასძლებს სხუა, კიდეგანი ქუისაგან!

1106. არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყუის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწუის მითა, ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხუეწითა.

1107. სხუა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა; ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძუირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქნილი იყო როგორ რისა, სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა.

1108. მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი; ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; ვთქუი: “თუ უთხრობ, ვიცი დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი”. ესე მეყო საგონებლად, შევიდი, თუ გამვიდი.

1109. ვთქუი: “თუ არ ვუთხრა, რა უყო, ჩემგან რა მოეგუარების, არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეჴმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მოცამკლავს, ვერღარა მომეფარების; ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების.

1110. მე, გლახ, მარტომან რა უყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა! მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა; არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა, სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა.

1111. მიველ მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, მერმე უთხარ: “გითხრობ რასმე, მაგრამ პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მამეც მტკიცე”. ფიცი ფიცა საშინელი: “თავიცაო კლდეთა ვიცე!

1112. “რაცა მითხრა, სიკუდილამდის არვის უთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყუარესა, არცა მტერსა”. მერე უთხარ ყუელაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: “მოდი, მომყევ, აქა სადმე, მო, გიჩუენებ მზისა ფერსა”.

1113. ადგა, წამომყუა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი. უსენ გაკუირდა, გაცაკართა, რა შუქნი ნახნა მზისანი; თქუა: “რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი? თუ ჴორციელი არისცა, თუალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!”

1114. ვთქუი, თუ: “არცა რა მე ვიცი ამისი ჴორციელობა, რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქუს მეცნიერობა; მე და შენ ვკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, ნუთუ რა გუითხრას, ვეაჯნეთ, ქნას დიდი ლმობიერობა”.

1115. შევედით, გუქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა; ვკადრეთ, თუ: “მზეო, საჴმილი გუედების შენგან ალისა, გუითხარ, რა არის წამალი მთუარისა შუქ-ნამკრთალისა, რას შეუქნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მგზავსი ლალისა?”

1116. რაცა ვკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა: ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა; გუელნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა, მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგუითენდა!

1117. ვერა დავყარეთ პასუხი ჩუენ საუბრითა ჩუენითა: ვეფხი ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ უგრძენითა. კულაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა, “არა ვიციო, მიმიშვით!” ეს ოდენ გუითხრა ენითა.

1118. “დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, რაცა გვეთქუა, შევინანეთ, სხუამცა რაღა შევიწამეთ! ძლივ ვეაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ, ჩუენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1119. უსენ იტყვის: “ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიჴოცნეს; ესე ღაწუნი მზისად კმარმან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! უმართლეა, ვერ-მჭურეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს, მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიჴოცნეს!”

1120. მას უჭურიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით. შეყრა გუიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით. ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, გული ჩუენი გაუშვუებლად დაეტყუევნეს მისით მახით.

1121. “რა გამოჴდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე-დღენი, უსენ მითხრა: “არ მინახავს ძოღანითგან მეფე ჩუენი. მივაზირებ, წავალ, ვნახავ, უდარბაზო, უძღუნა ძღუენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქუენი!”

1122. უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები. დავვედრე: “დარბაზს დაგხუდების დარბაისელნი მთურალები; ამა ქალისა ამბავსა, მამკალ, თუ არ ეკრძალები”. კულავ შემომფიცა: “არ ვიტყუი, თავსაცა მეცეს ჴრმალები!”

1123. უსენ მოვიდა, ჴელმწიფე დახუდა ნადიმად მჯდომელი, უსენ, არიფი მეფისა, მეფეა მისი მდომელი, წინა მიისუა, შეიძღუნა, ძღუენი მიართუა რომელი, აწ ნახეთ მთურალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, რომელი.

1124. რა მეფემან უსენს წინა სუა მრავალი დოსტაქანი, კულავ შესუეს და კულავ აივსნეს სხუა ფარჩნი და სხუა ჭიქანი. დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი! მართლად თქმულა: “არა ჰმართებს ყუავსა ვარდი, ვირსა რქანი”.