1096. გამოზიდნეს იგი ნავი: გამოიღეს ბაღსა წინა: მიიხედნეს მოიხედნეს: ვინ გვიჭურეტსო სადა ვინა: ვერა ნახეს სულიერი: ვერცა რამან შეაშინა: მე იდუმალ ვიხედვიდი: სულ ღებული ვიყავ შინა:
1097. მით ნავიდაღმან მათ რომე: გარდმოსვეს კიდობანითა: აჰხადეს ქალი გარდმოჴდა: უცხოთა რათმე ტანითა: თავსა რიდითა შავითა: ქვეშეთ მოსილი მწვანითა: მზესა სიტურფით ეყოფის: იყოს მისითა გვანითა:
1098. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ: შემოადგეს სხივნი კლდესა: ღაწვთა მისთა ელვარება: ელვარებდა ხმელთა ზესა: დავიწუხენ თვალნი ყოლა: ვერ შევადგენ ვითა მზესა: უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ: მათი ჭვრეტა ვერა ცნესა:
1099. მოვიხმენ ოთხნი მონანი: ჩემსა წინაშე მდგომელნი: უჩვენე ხედავთ ინდოთა: ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი: ჩაეპარენით ჩადითო: წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი: მოგყიდონ ფასი მიეცით: რისაცა იყვნენ მდომელნი:
1100. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ: წაგვარეთ და დახოცენით: მოიყვანეთ ისი მთვარე: ჰქმენით კარგად ეცადენით: ჩემნი ყმანი ზედა დაღმან: ჩაეპარნეს ვითა ფრენით: დაევაჭრეს არ მოჰყიდეს: შავნი ვნახენ მეტად წყენით:
1101. მე სარკმელთა გარდავადეგ: რა შევიგენ არ მოჰყიდეს: შეუზახენ დაჰხოცენით: დაიპყრეს და თავსა სჭრიდეს: იგი ზღვასა შეასრივნეს: შემოადგეს ქალსა სცვიდეს: ჩავეგებე გამოვგვარე: ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს:
1102. რა გიამბო ქება მისი: რა სიტურფე რა ნაზობა: ვფიცავ რომე იგი მზეა: არა მართებს მზესა მზობა: ვინ გაიცდის შუქთა მისთა: ვინმცა ვით ქნას ნახაზობა: მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ: არღა უნდა ამას მზობა:
1103. ესე სიტყვა დაასრულა: ფატმან იკრნა პირსა ჴელნი: ავთანდილსცა აეტირნეს: გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი: ერთმანერთი დაავიწყდა: მისთვის გახდეს ვითა ხელნი: ღვარმან ზედათ მონადენმან: გააწყალნა ფიფქნი თხელნი:
1104. მოიტირეს ყმამან უთხრა: ნუღარ გასწყვედ: გაასრულე: ფატმან იტყვის მივეგებე: გული მისთვის ვაერდგულე: გარდუკოცნე ყოვლი ასო: თავი ამად მოვაძულე: ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა: შევეკვეთე გავესულე:
1105. ვკადრე ვინ ხარ მითხარ მზეო: ანუ შვილი ვისთა ტომთა: ამა ზანგთა სით მოყვანდი: შენ პატრონი ცისა ჴომთა: მან პასუხი არა მითხრა: მე სიტყვათა ესე ზომთა: ას ნაკეცი წყარო ვნახე: ცრემლთა მისთა მონაწთომთა:
1106. რა მივაჭირვე კითხვითა: მეტითა საუბარითა: გულ ამოხჩვინვიით ატირდა: მით რამე ჴმითა წყნარითა: ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა: მოსდის გიშრისა ღარითა: მისი მჭვრეტელი დავიწვი: გავხე გულითა მკვდარითა:
1107. მითხრა შენ ჩემთვის დედაო: ხარ უმჯობესი დედისა: რას აქნევ ჩემსა ამბავსა: ზღაპარი არის ყბედისა: ღარიბი ვინმე შემსწრობი: ვარ უბედოსა ბედისა: თუ რაცა მკითხო ძალიმცა: გიგმია არსთა მხედისა:
1108. ვთქვი უჟამოდ არ წესია: მოყვანა და მზისა ჴმობა: მომყვანელი გაშმაგდების: და წაუვა ერთობ ცნობა: ხმობა უნდა ჟამიერად: სააჯოსა ყოვლსა თხრობა: რად არ ვიცი ამა მზისა: საუბრისა უჟამობა:
1109. ავიყვანე იგი პირმზე: ნაქები და ვერ ვჰთქვი უქი: სურვილმან და მზემან მისმან: ძლივ დავმალი მისი შუქი: ჩამოვბურე მრავალ კეცი: სტავრა მძიმე არ სუბუქი: ცრემლსა სეტყუს და ვარდსა აზრობს: წამწამთაგან მოქრის ბუქი:
1110. მოვიყვანე შინა ჩემსა: იგი პირმზე ტანით ალვით: მოუკაზმე სახლი ერთი: შიგან დავსვი მეტად მალვით: არვის უთხარ სულიერსა: შევინახე ფარვით კრძალვით: ერთი ზანგი ვამსახურე: მე შევიდი ვნახი ხალვით:
1111. ვით გიამბო საკვირველი: მე გლახ მისი ყოფა ქცევა: დღე და ღამე გაუწყვედლად: ტირილი და ცრემლთა ფრქვევა: შევეხვეწი დადუმდიო: წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა: აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ: ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა:
1112. შინა შევიდი მას წინა: ედგის ცრემლისა გუბები: შიგან მელნისა მორევსა: ეყრდნის გიშრის შუბები: მელნისა ტბათათ იღვრების: სავსე სათისა რუბები: შვა ძოწსა და აყიყსა: ჭვირს მარგალიტი ტყუბები:
1113. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა: ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან: თუმცა მეკითხა ვინა ხარ: ეგრე გასრული რისაგან: მჩქეფრად სისხლისა ნაკადი: მოსდის ალვისა ხისაგან: მას ჴორციელი არ გასძლებს: სხვა კიდეგანი ქვისაგან:
1114. არად უნდის საბურავი: არცა წოლა საგებლითა: მიწყივ იყვის რიდითა და: მით ერთითა ყაბაჩითა: მკლავი მისი სასთაუმალად: მიიდვის და მიწვის მითა: ძლივ ვაჭამი ცოტა რამე: ათასითა შეხვეწითა: