... (A-656), XIX ს.

1113. რა მივაჭირვე კითხვითა მეტითა საუბნარითა გულამოხვინჩვით ატირდა მით რათმე ხმითა წყნარითა ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა მისი მჭვრეტელი დავიწვი გავხე გულითა მკვდარითა

1114. მითხრა შენ ჩემთვის დედაო ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა თუ რაცა მკითხო ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა

1115. [..............................................................] მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა ხმობა უნდა ჟამიერად სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა

1116. ავიყვანე იგი პირმზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი სურვილმან და მზემან მისმან ძლივ დავმალე მისი შუქი ჩამოვბურე მრავალ კეცი სტავრა მძიმე არ სუბუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი

1117. მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით მოუკაზმე სახლი ერთი შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე მე შევიდი ვნახი ხალვით

1118. ვით გიამბო საკვირველი მე გლახ მისი ყოფაქცევა დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო წამერთ ჰქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა

1119. შინა შევიდი მას წინა ედგის ცრემლისა გუბები შიგან სისხლისა მორევსა ეყრდნის გიშრისა შუბები მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები შუა ძოწსა და აკიკსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები

1120. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან თუმცა მეკითხა ვინ ხარ და ეგრე გასრული რისაგან მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან მას ხორციელი რა გასძლებს სხვა კიდეგანი ქვისაგან

1121. არად უნდის საბურავი არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწნითა

1122. სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა მაგრა მისი არა ვიცი ქმნილი იყო რაგვარ რისა სილბო ქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა

1123. მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა შესმენისა მქონდა რიდი ვთქვი თუ ვუთხრობ ვიცი დარბაზს გამამჟღავნებსისი ფლიდი ესე მეყო საგონებლად კვლავ შევიდი კვლავ გავიდი

1124. ვთქვი თუ არ ვუთხრა რა ვუყო ჩემგან რა მოეგვარების არცა რა ვიცი რა უნდა რა ვისგან მოეხმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს ვეღარა მომეფარების ვითა დავმალო ნათელი ვინ მზესა დაედარების

1125. მე გლახ მარტომან რა უყო მიმატებს ცეცხლთა დებასა მო და გავანდო ნუ შევალ უსენის შეცოდებასა არ გამამჟღავნოს ვაფიცო თუ მომცემს იმედებასა სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა

1126. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა ველაღობე ველაციცე მერმე უთხარ გითხრობ რასმე მაგრა პირველ შემომფიცე არვის უთხრა სულიერსა საფიცარი მომეც მტკიცე ფიცი ფიცა საშინელი თავიცაო კლდეთა ვიცე

1127. რაცა მითხრა სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა არა ბერსა არა ყმასა მოყვარესა არცა მტერსა მერე უთხარ ყველაკაი უსენს კაცსა ლმობიერსა მოდი მამყევ აქა სადმე მო გიჩვენებ მზისა ფერსა

1128. ადგა ამყვა და წავედით შევლენით კარნი სრისანი უსენ გაჰკვირდა გაცაჰკრთა რა შუქნი ნახნა მზისანი თქვა რა მიჩვენე რა ვნახე რანია ნეტარ რისანი თუ ხორციელი არისმცა თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი

1129. ვთქვი თუ არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა რაცა არ გითხარ მის მეტი მაქვს არცა მეცნიერობა მე და შენ ვჰკითხოთ ვინ არის ვისგან სჭირს ისი ხელობა ნუთუ რა გვითხრას ვეაჯნეთ ქმნას დიდი ლმობიერობა

1130. მივედით გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი გვედების შენგან ალისა გვითხარ რა არის წამალი მთვარისა შუქ ნამკრთალისა რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ ფერად მსგავსი ლალისა

1131. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცი ესმა ანუ არ ისმენდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აჩენდა გველნი მოშლით მოეკეცნეს ბაღი შეღმა შერეშენდა მზე ვეშაპსა დაებნელა ზედა რადმცა გაგვითენდა

1132. ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა ვეფხი ავაზა პირქუშად ზის წყრომა ვერ ვუგრძენითა კვლავცა ვაწყინეთ ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა არა ვიციო მიმიშვით ეს ოდენ გვითხრა ენითა