ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1085. იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი, მაღალნი, ყოვლგნით მხედუელნი, ზღუაზედა წაკიდებულნი, მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი, კულავ დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შუებულნი.

1086. “ვაჭრის ცოლთა მხიარულმან უმასპინძლე , ამოდ, დურად; სუმასა ზედა უმიზეზო გავჴე რამე უგემურად, ყუელაკაი გაიყარა, სხდომილ იყუნეს რაცა პურად, მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1087. უკმოვახუენ სარკმელნი და შევაქცივე პირი გზასა, ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა; შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღუასა, მფრინველად ვთქუი, ანუ მხეცად, სხვას ვამგზავსე მემცა რასა!

1088. “მე შორიდამ, ვერად ვიცან; მამეახლა, იყო ნავი; ორთა კაცთა, ტანად შავთა, თუით პირიცა ედგა შავი; იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი, გამოვიდეს, გამიკუირდა იგი უცხო სანახავი.

1089. გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედეს, მოიხედეს, ვინ გუიჭურეტსო, სადა, ვინა; ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა, მე იდუმალ ვიხედვიდი, სულღებული ვიყავ შინა.

1090. მით ნავიდაღმან მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა, აჴადეს, ქალი გარდმოსვეს უცხოთა რამე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქუეშეთ მოსილი მწუანითა, მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გუანითა.

1091. “რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწუთა მისთა ელვარება ელვარებდა ჴმელთა ზესა; დავიჭუხენ თუალნი, ყოლე ვერ შევადგენ, ვითა მზესა, უკმოვიხარშ კარი ჩემგან, მათი ჭურეტა ვერა ცნესა.

1092. მოვიჴმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი; უჩუენე: “ხედავთ, ინდოთა ტყუედ ჰყვანან შუქნი რომელნი? ჩაეპარენით, ჩაედით, წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი, მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყუნეს მდომელნი.

1093. “თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაგუარეთ და დაჴოცენით, მოიყუანეთ ისი მთუარე, ქენით კარგად, ეცადენით.” ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, დაევაჭრნეს, არ მოყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1094. მე სარკმელთა გარდავადეგ; რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, შევუზახენ: “დაჴოცენით!” დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; იგი ზღუასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცუიდეს; ჩავეგებე, გამოვგუარე, ზღუის პირს ხანსა არ დაზმიდეს.

1095. “რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა! ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა მართებს მზესა მზობა! ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქნა ნახაზობა! მე თუ დამწუავს, აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა!”

1096. ესე სიტყუა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ჴელნი; ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოსცუივდეს ცრემლნი ცხელნი; დაავიწყდა ერთმანერთი , მისთუის გაჴდეს ვითა ხელნი, ღუარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1097. მოიტირეს, ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყუეტ, გაასრულე”. ფატმან იტყუის: “მივეგებე, გული მისთუის ვაერთგულე, გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, ზედა დავსუი ტახტსა ჩემსა, შევეკუეთე, გავესულე.

1098. “ვკადრე: “მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა, იმა ზანგთა სით მოჰყუანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?” მან პასუხი არა მითხრა მე სიტყუათა ესე ზომთა, ასნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა.

1099. რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა, გულ ამოჴვინჩვით ატირდა მით რამე ჴმითა წყნარითა; ბროლ-ლალსა ღუარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა; მისი მჭურეტელი დავიწუი, გავხე გულითა მკუდარითა.

1100. მითხრა: “შენ ჩემთუის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა! ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა; თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა”.

1101. ავიყუანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქუი უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვბურე მრავალ კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი; ცრემლსა სეტყუს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.

1102. მოვიყუანე შინა ჩემსა იგი პირ მზე ტანით ალვით; მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსუი მეტად მალვით; არვის უთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1103. ვით გიამბო საკუირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, დღე და ღამე გაუწყუედლად ტირილი და ცრემლთა ფრქუევა! შევეხუეწი: “დადუმდიო”, წამ-ერთ ჰქონდის ჩემი თნევა. აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჰაი ჩემთუის, ვაგლახ მე, ვა!

1104. შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან მელნისა მორევსა ეყრდნის გიშრის შუბები, მელნისა ტბათათ იღურების სავსე სათისა რუბები, შუა ძოწსა და აყიყსა სჭუირს მარგალიტი ტყუბები.