... (H-925), XVIII ს.

1097. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან თუმცა მეკითხა ვინა ხარ და ეგრე გასრული რისაგან მჩქეფრად სისხლისა ნაჰკადი მოსდის ალვისა ხისაგან მას ხორციელი არ გასძლებს სხვა კიდეგანი ქვისაგან

1098. არად უნდის საბურავი არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა კლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა

1099. სხვა გიანბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა მაგრა მისი არა ვიცი ქნილი იყო რაგვარ რისა სილბო ქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა

1100. მან ტურფამან სახსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა შესმენისა მქონდა რიდი ვთქვი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი ესე მეყო საგონებლად კვლავ შევიდი კვლავ გავიდი

1101. ვთქვი თუ არ ვუთხრა რა უყო ჩემგან რა მოეგვარების არცა რა ვიცი რა უნდა რა ვისგან მოეხმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს ვერღარა მომეფარების ვითა დავმალო ნათელი ვინ მზესა დაედარების

1102. მე გლახ მარტომან რა უყო მიმატებს ცეცხლთა დებასა მო და გავანდო ნუ შევალ უსენის შეცოდებასა არ გამამჟღავნოს ვაფიცო თუ მომცემს იმედებასა სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა

1103. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა ველაღობე ველაციცე მერმე უთხარ გითხრობ რასმე მაგრა პირველ შემომფიცე არვის უთხრა სულიერსა საფიცარი მამეც მტკიცე ფიცი ფიცა საშინელი თავიცაო კლდეთა ვიცე

1104. რაცა მითხრა სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა არა ბერსა არა ყმასა მოყვარესა არცა მტერსა მერმე უთხარ ყველაკაი უსენს კაცსა მლმობიერსა მოდი მამყევ აქა სამე მე გიჩუენებ მზისა ფერსა

1105. ადგა ამყვა და წავედით შევლენით კარნი სრისანი უსენ გაკვირდა გაცაკრთა რა შუქნი ნახნა მზისანი თქუა რა მიჩვენე რა ვნახე რანია ნეტარ რისანი თუ ხორციელი არისცა თვალნიმცა რისხვენ ღმრთისანი

1106. ვსთქვი თუ არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა რაცა არ გითხარ მის მეტი მაქვს არა მეცნიერობა მე და შენ ვკითხოთ ვინ არის ვისგან სჭირს ისი ხელობა ნუთუ რა გვითხრას ვიაჯნეთ ქნას დიდი ლმობიერობა

1107. მივედით გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა ვკადრეთ თუ მზეო სახმილი გვედების შენგან ალისა გვითხარ რა არის წამალი მთვარისა შუქ ნამკრთალისა რას შეუქნიხარ ზაფრანად შენ ფერად მგზავსი ლალისა

1108. რაცა ვკითხეთ არა ვიცი ესმა ანუ არ ისმენდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აჩენდა გველი მოშლით მოეკეცნეს ბაღი შეღმა შერაშენდა მზე ვეშაპსა დაებნელა ზედა რადმცა გაგვითენდა

1109. ვერა დავყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა ვეფხი ავაზა პირქუშად ზის წყრომა ვერ უგრძენითა კვლავცა ვაწყინეთ ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა არა ვიციო მიმიშვი ეს ოდენ გვითხრა ენითა

1110. დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ რაცა გვეთქვა შევინანეთ სხვამცა რაღა შევიწამეთ ძლივ იაჯეთ დადუმება დავადუმეთ დავაამეთ ჩვენ მივართვით ხილი რამე მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ

1111. უსენ იტყვის ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს ესე ღაწვნი მზისად კმანან კაცთაგანმცა ვით იკოცნეს უმართლეა ვერ მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს მე თუ შვილნი მირჩევნიან ღმერთმან იგი დამიხოცნეს

1112. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი წამოვედით სულთქმით ახით შეყრა გვიჩნდის სიხარულად გაყრა დიდად ვივაგლახით ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით იგი ვნახით გული ჩუენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა წინაშე მეფის

1113. რა გარდახდა ხანი რამე გამოვიდა ღამე დღენი უსენ მითხრა არ მინახავს ძოღანდიდგან მეფე ჩვენი მივაზირებ წავალ ვნახავ უდარბაზო უძღვნა ძღვენი მოვახსენე დია ღ~ო ბრძანებაა ეგე თქუენი

1114. უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები დავვედრე დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთვრალები ამა ქალისა ანბავსა მამკალ თუ არ ეკრძალები კვლავ შემომფიცა არ ვიტყვი თავსაცა მეცეს ჴმალები

1115. უსენ მოვიდა ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა მეფეა მისი მდომელი წინა მივიდა შეიძღვნა ძღვენი მიართვა რომელი აწ ნახეთ მთვრალი ვაჭარი ცქაფი უწრფელი რომელი