... (Q-296), XVIII ს.

1177. მეფემან ბრძ[ანა] მოკაზმეთ საწოლი უფლის წულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ჴელმწიფე პატრონი სრისა სრულისა მას ზედან დასვა იგი მზე ლხინი მჭვრეტელთა გულისა

1178. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად მზგავსი მზგავსი მათისა გვარისად უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად

1179. გააგრძელეს ნადიმობა სმა შეიქმნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა ეტყვის რა ბედი მიც ჩემი მკლველი სადაური სად მოვსულვარ ვის მივხვდები ვისთვის ხელი რა ვქნა რა ვჰყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

1180. კვლაცა იტყვის ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღმერთმან მამარიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდან გონებანი გონიერსა

1181. ხადუმნი უჴმნა უბრძანა ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცთარ ხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცთარა თქვენი პატრონი ჩემსა თუ ლამის სძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა

1182. არ ვარგვარ თქვენად დედოფლად ჩემი გზა კიდე განია მაშოროს ღმერთმან მამაცი პირად მზე სარო ტანია სხვასა რას მნუკავთ საქმესა ჩემნი საქმენი სხვანია თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია

1183. უცილოდ თავსა მოვიკლავ გულსა დავიცემ დანასა თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცე საჭურჭლ[ე] მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით თვარა დავიწყებთ ნანასა

1184. შემოიხსნა მარგალიტი შემოერტყა რაცა თვალი მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ გიაჯები გულ მხურვალი მე გამიშვით ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი

1185. მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა დავიწყდა შიში მეფისა ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა ნახე თუ ოქრო რასა იქს კვერთხი ეშმაკთა ძირისა

1186. რა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გასდის აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა კვლავ აქა სულსა დააბამს დაუშლის აღმაფრენასა

1187. რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარი გამოარნეს იჯარვოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გველისაგან გავსებული ჩასანთქმელი

1188. მონანიცა გარდიხვეწნეს გააპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა ფატმანობა ჩემი ბრძანა გავე ვიცან მოვეხვიე გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლა არ შემომყვა რად მაწვევო შემანანა

1189. მიბრძანა თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა შენითა ვეღარ დავმალავ გამიშვი ფიცხლავ გამგზავნე ცხენითა სადამდის სცნობდეს ჴელმწიფე კაცსა მამწევდეს რბენითა

1190. შევე ფიცხლავ საჯინიბოს ავხსენ ცხენი უკეთესი შეუკაზმე ზედან შევსვი მხიარული არ მოკვნესი ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს მზე მნათობთა უკეთესი წახდა ჩემი ჭირნახული ვერ მოვიმკე რაცა ვთესი

1191. დღე მიიყარა ჴმა გახდა მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შიგან ქალაქი შეიქმნა მოსაწევარი მე მკითხეს ვარქვი თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი

1192. მონახეს ვერა შეიგნეს შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე და ყოვლნი მისნი კრებულნი დახედეს დარბაზის ერთა შევლენ ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორვა მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი

1193. მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო საქმე კვლაცი აწ უწინა ესე გითხრა რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი

1194. მით არ ვჯერვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თვალად ნასი ისი კაცი ჩაჩნაგირი დარბაზს იყო მეტათ ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი არ მაცვია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი

1195. ესე ამბავი მას თანა ვთქვი დიაცურად ჴელურად ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად მტერულად აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ იშ თავი ვიჴსენ მერულად

1196. დამექადის რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა ოდეს მეჴმე არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა მოსრულიყო მოსლვა ეთქვა შენცა მოხველ შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო მოგაგებე მონა წინა