... (Q-296), XVIII ს.

1236. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მცოდნელნი ზედან გაჴელოვნებულნი ყოველთა კაცთა მავნენი იგი ვერვისგან ვნებულნი მათი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი დაწბილებულნი

1237. იქმენ რასმე საკვირველსა მტერსა თვალსა დაუბრმობენ ქართა აღძვრენ საშინელთა ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ ვითა ჴმელთა გაირბენენ წყალსა წმიდად დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ სწადდეს ბნელსა ანათობენ

1238. ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ჴორციელანი ავთანდილ მადლი უბრძანა ცეცხლნი დამივსენ ცხელანი დიდად მეამნეს ამბავნი სიტყვანი აწინდელანი

1239. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი თქუა ღმერთო გმადლობ რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი ყოფილი მყოფი უთქმელი ყურთაგან მოუსმენელი წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი

1240. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა ფატმან ეჭვდა თავისათვის ამად ცეცხლსა კვლა იდებდა ყმა ნამუსსა ინახევდა სიყვარულსა იფერებდა ფატმან ყელსა ეხვეოდა პირსა მზესა აკოცებდა

1241. მას ღამეს ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა ყმა უნდო გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა ჰკლავს თინათინის გონება ძრწის იდუმლითა ძრწოლითა გული ჴელქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა

1242. ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს სდის დენად სისხლ ნართავისა შიგან მელნისა მორევსა ცურავს გიშრისა ნავი სად იტყვის თუ მნახეთ მიჯნურო იგი ვინ ვარდია ვისად უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მზგავსად ყვავისად

1243. მუნ ცრემლნი მისგან ნადენი ქვასაცა დასალბონია გიშრისა ტევრსა აგუბებს ვარდისა ველსა ფონია ფატმან მას ზედან იხარებს მართ ვითა იადონია თუ ყვავი ვარდსა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია

1244. გათენდა ბანად წავიდა მზე სოფელს შუქ ნაკიდები დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა ყაბაჩა რიდები მრავალი ფერი სურნელი ტურფა პერანგი წმიდები რაცა გეწადესო ჩაიცვი მე ნურას ნუ მერიდები

1245. ავთანდილ თქვა საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა მოიმატა დაშვენება დაემზგავსა ლომი მზესა

1246. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად არ პირ ბნელად ფატმან ნახა გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად შემოსცინა აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად

1247. ფატმან მისსა შვენებასა მეტის მეტად ჰკვირდებოდა მან პასუხი არა გასცა თავის წინა ღიმდებოდა შეეტყობის არ მიცნობსო რა რეგვნად და რგვარ ჴმობდა თუცა რასმე იფერებდა მეტი არა გავიდოდა

1248. პური ჭამეს გაიყარნეს ყმა მივიდა მისსა შინა ღვინო სმული მხიარული დაწვა ამოდ დაიძინა საღამოჟამს გაიღვიძა შუქი ველთა მოაფინა ფატმან უხმო მოდი მნახე მარტო ვარო თავის წინა

1249. ფატმან მივიდა ავთანდილს ჴმა ესმა მისგან ოხისა იტყოდა მამკლავს უცილოდ ტანი ალვისა მოხისა გვერცა დაისვეს ბალიში მისცა მისისა ნოხისა ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა

1250. ავთანდილ ბრძანა ჰე ფატმან ვიცი ეს საქმე შენია დაჰკრთები ამა ამბავსა მართ ვითა გველ ნაკბენია მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია ჩემნი მამკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია

1251. გგონივარ ვინმე ვაჭარი პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა თავადი სპისა დიდისა მათისა შესაგვანისა მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე ზარახშანისა

1252. შენ გიცი კარგი მოყვარე ერთგული მისანდობელი მათ უვის ერთი ასული მზე ჴმელთა მანათობელი იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი მან გამამგზავნა დავაგდე პატრონი მათი მშობელი

1253. რომე შენ ქალი გყოლია მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა მის მზისა მონაცვალისად მისთვის გაჭრილი მინახავს წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად გამცუდებელად თავისად მის გულისა და თავისად

1254. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისა შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ჴშირისა ყორნის ფრთებ ნაფუშავისა

1255. მოდი და ფატმან მეწიე ვეცადნეთ მისა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუ თუ კვლავ მიხვდენ მიჯნურნი ერთმანეთისა ხლებასა