... (Q-296), XVIII ს.

1119. გამოზიდნეს იგი ნავი გამოიღეს ბაღსა წინა მიიხედნეს მოიხედნეს ვინ გვიჭვრეტსო სადა ვინა ვერა ნახეს სულიერი ვერცა რამან შეაშინა მე იდუმალ ვიხედვიდი სულ ღებული ვიყავ შინა

1120. მით ნავთაღმენ მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა აჰჴადეს ქალი გარდმოსვეს უცხოთა რათმე ტანითა თავსა რიდითა შავითა ქვეშეთ მოსილი მწვანითა მზესა სიტურფით ეყოფის იყვის მისითა გვანითა

1121. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ჴმელთა ზესა დავიწუხენ თვალნი ყოლა ვერ შევადგენ ვითა მზესა უკმოვიხჩარ კარი ჩემგან მათი ჭვრეტა ვერა ცნესა

1122. მოვიჴმენ ოთხნი მონანი ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩვენე ხედავთ ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩადითო წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით რისაცა იყოს მდომელნი

1123. თუ არ მოგცენ ნუღარ მისცემთ წაგვარენით და დაჴოცენით მოიყვანეთ იგი მთვარე ჰქენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედადაღმან ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაევაჭრნეს არ მოჰყიდეს შავნი ვნახენ მეტად წყენით

1124. მე სარკმელთა გარდავადეგ რა შევიგენ არ მოჰყიდეს შეუზახე დავჴოცენით დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღვასა შეასრივნეს შემოადგეს ქალსა სცვიდეს ჩავეგებე გამოვჰგვარე ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს

1125. რა გიამბო ქება მისი რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზესა არა მართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა ვინმცა ვინ ქნას ნახაზობა მე თუ დამწვავს აჰა მზავარ აღარ უნდა ამას მზობა

1126. ესე სიტყვა დაასრულნა ფატმან იკრნა პირსა ჴელნი ავთანდილსცა აეტირნეს გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი ერთმანეთი დაავიწყდა მისთვის გახდეს ვითა ხელნი ღვარმან ზედან მონადენმან გააწყალნა ფიფქნი თხელნი

1127. მოიტირეს ყმამან უთხრა ნუღარ გასწყვეტ გაასრულე ფატმან იტყვის მივეგებე გული მისთვის ვაერთგულე გარდუკოცნე ყოვლი ასო თავი ამად მოვაძულე ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა შევეკვეთე გავესულე

1128. ვკადრე მითხარ ვინ ხარ მზეო ანუ შვილი ვისთა ტომთა ამა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ პატრონი ცისა ხომთა მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა ას ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხვა და მეცნიერების შეტყობის ნდომა

1129. რა მივაჭირვე კითხვითა მეტისა საუბარითა გულ ამოჴვინჩვით ატირდა მით რამე ჴმითა წყნარითა ბროლ ლალსა ღვარი ნარგიზთა მოსდის გიშრისა ღარითა მისი მჭვრეტელი დავიწვი გავჴე გულითა მკრთალითა

1130. მითხრა შენ ჩემთვის დედაო ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა თუ რაცა მკითხო ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა

1131. ვთქვი უჟამო არ წესია მოყვანა და მზისა ჴმობა მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა ჴმობა უნდა ჟამიერად სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა

1132. ავიყვანე იგი პირმზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი სურვილმან და მზემან მისმან ძლივ დავმალე მისი შუქი ჩამოვბურე მრავალკეცი სტავრა მძიმე არ სუბუქი ცრემლსა სეტყუს და ვარდსა აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი

1133. მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით მოვუკაზმე სახლი ერთი შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე მე შევიდი ვნახი ხარვით

1134. ვით გიამბო საკვირველი მე გლახ მისი ყოფა ქცევა დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო წამერთ ჰქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალვარ ჰაი ჩემთვის ვაგლახ მევა

1135. შინა შევიდი მას წინა ედგის ცრემლისა გუბები შიგან სისხლისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები

1136. ჟამი ვერ ვპოე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან თუმცა მეკითხა ვინახარ ეგრე გასრული რისაგან მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან მას ჴორციელი არ გასძლებს სხვა კიდეგან ქვისაგან

1137. არად უნდის საბურავი არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა მკლავი მისი სასთუნალად მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა