... (Q-296), XVIII ს.

1157. თაყვანისცა უსენ ჰკადრა ჰე მაღალო ჴსელმწიფეო ზეცით შუქთა მომფენელო მარჩენალო არსთა მზეო რაცა სხვა მაქვს ვისი არის ოქრო თუნდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამომყვა მბოძებია თქვენგან მეო

1158. ამას გკადრებ თავმან თქვენმან არა გმართებს მადლი ძღვნისა სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი შესაფერი თქვენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ ოდეს ნახოთ მზგავსი მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა

1159. რას ვაგრძელებდე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა უამბო პოვნა ქალისა მჭვრეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად ეამა მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზს მოყვანა სრულ ქნა უსენის თქმულისა

1160. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე მუნამდის არ მიკვნესია შემოდგა კარსა მეფისას მონათა უხუცესია თანა ჰყვა მონა სამოცი ვით ხლმწიფეთა წესია მოვიდეს დიად გავკვირდი ვთქვი რამე საქმე ზესია

1161. მისალამეს ფატმანმითხრესბრძანებ მზისა სწორსა დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი მზგავსი მზეთა ორსა აწ მომგვარე წავიყვანო ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა და დამტყდეს ცანი რისხვით ეცა გორთა

1162. მეგაკვირვებით კვლავ ვკითხე რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1163. შეველ ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ დასხმულსა ვკადრე მზეო ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ხედავ რულსა ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ იავარ მყო ამფხვრა სრულსა შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთვის გულ მოკლულად

1164. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკვირველია სხვადა სხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია ძველია

1165. თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასრე გულ უშიშრად ვეფხი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოა გარე აჯიღითა მოიბურა ტანი პირი

1166. შეველ საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დაედებოდა თვალ მარგალიტი ავიღე რაცოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა მივე მას წელთა შევარტყი შავგული ვისთვის კვდებოდა

1167. ვარქვი ჩემო განღა სადმე გეხმარების ესე გვარი მათ მონათა ჴელთა მივეც იგი პირი მზისა დარი ცნა მეფემან მოეგება ჰკრეს ტაბლაკსა გახდა ზარი იგი მივა თავ მოდრეკით წყნარი არას მოუბარი

1168. ზედა მოატყდა მჭვრეტელი გახდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვიდეს სარანგნი მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან საროსა მზგავსი ნარები გაკრთომით უთხრა ჰე მზეო აქა ვით მოიგვარები

1169. ვითა მზემან მისნი მჭვრეტნი შექმნეს თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამხადა ნახული მე უნახველად ღმრთისაგან კიდე ვინმც იყო კაცი ამისა მნახველად მართებს ამისსა მიჯნურსა ხელი თუ რბოდეს ახ ველად

1170. გვერდსა დაისვა ეუბნა ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისიხარ მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი პირითა მზისა დარითა თავ მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა

1171. არ ისმენდა მეფისასა რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აღებდა მჭვრეტნი მისნი გააჰკვირვნა რასამცა ვინ იარებდა

1172. მეფე ბრძანებ რა შევიგნათ გული ჩვენი რათ იხსნების ამა ორთა კიდეგანი აზრი არა არ იქნების ან ვისიმე მიჯნურია საყვარული ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს ვეღარცავის ეუბნების

1173. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს არცა ჭირი ზედა ზედი ვით ზღაპარი ასე ესმის უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს გონება უც ვითა რეტდი

1174. ღმერთმან ქმნას შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ესე მზე და მისთვის გამზადებული მან ათქმევინოს ნუ თურა ჩვენცა ვსცნად გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქ კრთომით ჯდეს მზისა მოშორვებული

1175. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნედ და თვალად შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასულიყო მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობსა დასაგვანსა

1176. მოიღეს ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა მაზედან შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა