... (Q-296), XVIII ს.

1256. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყველაი ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი ვქნათ მისი გამორჩეული ღმერთმან ქმნას ქაჯეთს სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული

1257. ფატმან თქვა ღმერთსა დიდება საქმენი მომხვდეს მორანი დღეს რომე მესმნეს ამბავნი უკუდავებისა სწორანი მოჰგვარა მონა გრძნეული შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი წა გზანი გისხენ შორანი

1258. აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემი შენისა გრძნებისა ფიცხლავ დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა მან უთხრა ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი

1259. ფატმან სწერს აჰა მნათობო სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო ამაზრზენაო სიტყვა მჭევრო და წყლიანო ტურფაო ლამაზენაო ბროლო და ლალო ოროვე კვლავ ერთგან შენათხზენაო

1260. თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვსცან მართალი მით გულსა მოვალხენიე შენთვის ხელქმნილსა ტარიელს ამბითა მოასმენიე ორნივე მიხვდეთ წადილსა იგი ვარდობდეს შენიე

1261. მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად შეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი არაბედშიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ამბავსა ლაღი ბრძნად გაგონებული

1262. ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა ვცნათ ამბავი ქაჯეთისა მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი ან თავადი მათი ვინა

1263. რაცა იცი მანდაური მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რამ გაუგზავნე შენი ყუელა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე ღმერთსა უნდეს მოყუარენი შესაფერნი შეგაზავნე

1264. წადი უსტარო ისწრაფე თუ მუხლი გქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხვდების ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობხარ უსტარო გნახვენ დამწველის თვალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე თუ გესმის არ გებრალების

1265. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ჴელოვანსა ესე წიგნი მიართვიო ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა დაიკარგა გარდაფრინდა ბანის ბანსა

1266. წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეჰჴდა ქმნილ იყო ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა

1267. ციხისა კარსა დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირშავი თმა გრძელი ტან ბაკმიანი იგი მზე დაჰკრთა ეგონა სამოსი რამე ზიანი შეცვალა ვარდი ზაფრანად ლაჟვარდის ფერად იანი

1268. ქალმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისა თქვენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს არ ტყუილად გეუბნები მზისა შუქნი მოიცადენ ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1269. პირმზე გაკჰვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ჴელითა სულთქვამს იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა

1270. მონასა ჰკითხა მიამბე ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი მიწასა ზედა მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ რასცა ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულხარ მას აქათ შენგა ჩვენია მზებნელი

1271. ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდენია ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლავ მიმირთმევია ღმერთსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დალევია

1272. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა მან უთხრა წვრილად ყველაი თქვენ ხართ რითაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა

1273. ქალმან უთხრა მემართლების ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი რა იცოდა ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მამდებარი მე მიუწერე შენცა ჰკადრე ვარ ვითაცა გულ მდუღარრი

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი