ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1066. ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ლამით: მოვითმოვკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დაჴოცასა დაგვჴსენ ამით! მოხუალ, გითხრობ ყუელაკასა, მე ვითა ვარ ცრემლთა ლამით.

1067. თუარა ღამითვე ტუირთები შენი წაიღე ვირითა, დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-, რითა. ვეჭუ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა, თუ დარბაზს მივა ისი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.

1068. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა, ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა! “ამა საქმისა ვერ ცნობა, - თქვა, - ჩემი სიძუნტე არსა”. ნუ ეჭუ სულ-დგმულსა მისებრსა სხვა არცა მისებრი არსა!

1069. ფატმანს უთხრა: “კაცი მამეც მასწავლელად, წინამძღუარად, გზასა მართლად წამიყუანოს, თუარა მეშულად მინდა არად; იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად, რაცა უყო, მოგაჴსენებ, მამიცადე, იყავ წყნარად”.

1070. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად და მასწავლელად კულავე მიყივლა:“ვინათგან ცეცხლი აწ ცხელია ნელად, თუ ვითა მოკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად, ბეჭედი ჩემი აცუია, მას გვედრებ მოსატანელად”.

1071. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა; ზღუის პირსა სახლი ნაგები დგა ქუითა წითელ-მწუანითა, ქუეშეთკენ სრითა ტურფითა, კულავ ზედათ ბანის-ბანითა, დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.

1072. მუნ მიყავს პირ-მზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა; ჴმა-მდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”. უჩუენებს, ეტყუის: “ხედაო ბანსა ზე-და-ქუე მდგომელსა? იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქუე ჰპოებ მჯდომელსა”.

1073. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწუეს მას, გლახ, ყმასა. ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ჴმასა, თუითო ჴელი ყელსა მიყო, მუნვე მისცა სულთა ჴდასა, თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტუინი თმასა.

1074. იგი ყმა საწოლს მარტო წუა გულითა ჯავრიანითა; ხელ-სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა; ვერღა აესწრა, იდუმალ მოკლა, ვერცა თუ ვცანითა, ჴელი მოჰკიდა, მიწასა დაასკუნა, დაკლა დანითა.

1075. მჭურეტელთა მზე და მებრძოლთა მჴეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურთ თითი მოკუეთა, ქუესკნელთ მიწასა გარია, ზღუათაკენ სარკმლთა გასტყორცა, ზღუისა ქუიშასა დარია, მისთუის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია.

1076. ჴმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა; წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა; რომე პირველ წამოევლო, გზა იგივე წაიარა. ესე მიკუირს, სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა!

1077. “რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი; მოვკალო,უთხარ მან ყმამან: დღე ვეღარ ნახოს მზიანი, თუით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი, აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქუს სისხლიანი.

1078. “აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად? რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის მეტად”. ფატმან ფერჴთა მოეხვია: “არა ღირს ვარ პირსა ჭურეტად, გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

1079. მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით; ლომო, ქებანი შენნიმცა ჩუენ ვითა ვადიადენით! ვინათგან სისხლთა იმისთა დაღურასა დაექადენით, თავითგან გითხრობ ყუელასა, თქუენ სმენად დაემზადენით”.

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა

1080. წესია ამა ქალაქსა , დღესა მას ნავროზობასა, არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა; ყუელანი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა დარბაზობასა.

1081. ჩუენ, დიდ-ვაჭართა, ზედა გუაც დარბაზს მიღება ძღუენისა, მათ საბოძურისა ბოძება მართებს მგზავსისა ჩუენისა; ათ დღემდის ისმის ყოველგან ჴმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

1082. ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღუების, უსენ, წინა, მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწუეველი არად მინა; დედოფალსა ძღუენსა უძღუნით; მდიდარი თუ გლახა ვინ ა, დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.

1083. დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღუენი ვსძღუენით; ჩუენ მივართუით, მათ გუიბოძეს, ავავსენით, ავივსენით; ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩუენით, კულავ დავსხედით გახარებად, მუნებურნი არ ვიყუენით.

1084. ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გაველ ჟამსა, გავიტანე ხათუნები, მათი ჭმევა ჩემგან ჴამსა; მამყუებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ჴმასა, ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცუალებდი რიდე-თმასა.