... (A-859), 1841 წ.

1061. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯექ, მუნამდის არ მიკვნესია. დარბაზის კარსა შემოსდგა, მონათა უხუცესია. თანა ყვა მონა სამოცი, ვით ჴელმწიფეთა წესია. მოვიდეს დია გავჰკვირდი, ვთქვი რამე საქმე ზესია:-

1062. მისალამეს ფატმან მითხრეს, ბრძანებაა მზისა სწორთა. დღეს რომელი უსენ შესძღვნა, ქალი მსგავსი მზეთა ორთა. აწ მომგვარე წავიყუანო, ვლა არ გვინდა გზათა შორთა. ესე მესმა და დამტყდეს ცანი, რისხვით ეცა გორთა:-

1063. მე გაკჳრვებით კულავ ვკითხე, რა ქალი გინდა რომელი. მათ მითხრეს უსენ შემოსძღუნა, პირი ელუათა მკრთომელი. არას მარგებდა დაესკუნა, დღე ჩემი სულთა მხდომელი. ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი:-

1064. შეველ ვნახე იგი ტურფა, მტირალად და ცრემლ დასხმულად. ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან, ვით მიმუხთლა ხედავ სრულად. ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარმყო ამფხვრა სრულად. შემასმინეს მეფე გითხოვს, ვარ ამისთჳს გულ მოკლულად:-

1065. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია. ბედი უბედო ჩემზედა, მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს გიკჳრდეს, ავი რა საკვირველია. სხუადასხუა ჭირი ჩემზედა, არ ახალია ძველია:-

1066. თუალთათ ვითა მარგალიტი, გარდმოყარა ცრემლი ხშირი. ადგა ასრე გულ უშიშრად, ვეფხი იყო ანუ გმირი. ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი. მთხოვა გარე აჯაღითა, მოიბურა ტანი პირი:-

1067. შეველ საჭურჭლეს რომელსა, ფასი არ დაედებოდა. თუალ მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა. თჳთო და თჳთო თჳთოსა, ქალაქსა ეფასებოდა. მიველ მას წელთა შევარტყი, შავ გული ვისთჳს კვდებოდა:-

1068. ვთქჳ ჩემო განღა სადმე, გეჴმარების ესე გვარი. მათ მონათა ხელთა მივეც, იგი ტურფა მზისა დარი. ჰსცნა მეფემან მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა გახდა ზარი. იგი მივა თავ მოდრეკით, წყნარი არას მოუბარი:-

1069. ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები. ვერ იჭირვიდეს სარაგნი, მუნ იყო არ სიწყნარები. იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები. განკრთომით უთხრა ჱე მზეო, აქა ვით მოიგვარები:-

1070. ვითამ მზემან მისნი მჭვრეტელნი, შექნა თვალისა მფახველად. მეფემან ბრძანა გამხადა, ნახული მე უნახველად. ღ~თისაგან კიდე ვინმცა იყო, კაცი ამისად მსახველად. მართებს ამისთა მიჯნურსა, ხელნი თუ რბოდეს ახ ველად:-

1071. გვერდსა დაისუა ეუბნა, ტკბილითა საუბარითა. მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ, მოსრული ვისთა გუარითა. მან არა გასცა პასუხი, პირითა მზისა დარითა. თავ მოდრეკილი დაღრეჯით, ქვე ჰზის ცნობითა წყნარითა:-

1072. არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა. სხუაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა. ვარდი ერდგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა. მჭურეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა:-

1073. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ, გული ჩუჱნი რათ იხსნების. ამ ორთა კიდეგანთა, აზრი არა არ იქნების. ან ვისიმე მიჯნურია, საყუარელი ეგონების. მისგან კიდე არვისად სცალს, ვეღარცავის ეუბნების:-

1074. ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი. არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედას ზედი. ვით ზღაპარი ასრე ესმის, უბედობა თუნდა ბედი. სხუაგან არის სხუაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი:-

1075. ღ~თნ ქმნას შინა მოვიდეს, ძე ჩემი გამარჯვებული. მე დავახვედრო ისი მზე, და მისთჳს დამზადებული. მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩუჱნცა ვსცნათ გაცხადებული. მუნამდის მთვარე შუქ კრთომით, ჯდეს მზისა მოშორვებული:-

1076. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ, კარგსა ყმასა გულოვანსა. უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა ტანსა. მაშინ ლაშქარს წასრულიყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა. მამა მისთჳს ამზადებდა, მას მნათობსა დასაგვანსა:-

1077. მოიღეს ტანსა ჩააცვეს, შესამოსელი ქალისა. მას ზედა შუქი მრავალი, ჩნდა მნათობისა თვალისა. დაადგეს თავსა გჳრგჳნი, ერთობილისა ლალისა. მუნ ვარდსა ფერი აშვენებს, ბროლისა გამჭვირვალისა:-

1078. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ, საწოლი უფლის წულისა. დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა. ადგა თჳთ დიდი ჴელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა. მას ზედან დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა:-

1079. უბრძანა ცხრათა ხადუმთა, დადგომლად მცველად კარისა. ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად, მგზავსად მათისა გვარისა. უბოძა უსენს უზომო, მუქფად მის მზის დარისა. სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა, მოსამატებლად ზარისა:-

1080. გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქნა მეტად გრძელი. ქალი პირ მზე ბედსა ეტყჳს, რა ბედი მიც ჩემი მკვლელი. სადაური სად მოვსრულ ვარ, ვის მივხვდები ვისთჳს ხელი. რა ვქმნა რა ვყო რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი:-