... (A-859), 1841 წ.

1101. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია. მოყვარე მტერი ყოვლისა, მტრისაგანც უფრო მტერია. არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. ნუღარ იშიშჳ იმისგან, აწ იგი მკუდართა ფერია:-

1102. იგივე მითხარ მას აქათ, ქალი გაგზავნე შენ ოდეს. რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს. კულავ იტყჳს ფატმან ტირილით, კულავ თვალთა ცრემლი სდენოდეს. წარხდესო შუქი რომელი, მზისაებრ ველთა ჰფენოდეს:-

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა.

1103. ვაი საწუთროო სიცრუვით, თავი სატანას ადარე. შენი ვერავინ ვერა სცნას, შენი სიმუხთლე სად არე. პირი მზისაებრ საჩინო, სად უჩინო ჰყავ სად არე. მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა, ოხრად ჩანს ყოვლი სადარე:-

1104. ფატმან იტყჳს მამეშორა, მზე მნათობი სრულად ხმელთა. სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა. მას უკანით გაუწყვეტლად, დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა. ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა:-

1105. სახლი და შჳლნი მამძულდა, ვსჯდი უგულოსა გულითა. მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა. უსენ გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა. ვერ მიმიახლოს საახლოდ, კრულმან პირითა კრულითა:-

1106. დღესა ერთსა საღამო ჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა. წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა. ვიგონებდი სევდა მკვლიდა, მისისავე გონებისა. ვთქჳ კრულია ზენაარი, ყოვლისამცა მამაცისა:-

1107. მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა. მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა. სასმელ საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა. სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა:-

1108. მე უყურებდი უჭურეტდი, თქვეს ამოდ გავიხარენით. მაგრა ჩუჱნ აქა მოყვასნი, უცხონი შევიყარენით. არცა რა ვიცით ვინ ვინა, ანუ სით მოვიარენით. ჰხამს ერთმანერთსა ამბავი, ჩუჱნიცა უთხრათ ბარ ენით:-

1109. მათ სხუათა მათი ამბავი, სთქვეს ვითა მგზავრთა წესია. მონამან უთხრა ჱე ძმანო, განგება რამე ზესია. მე მარგალიტსა მოგიმკი, თქუჱნ ქვრიმა დაგითესია. ჩემი ამბავი ამბავთა, თქუჱნთაგან უკეთესია:-

1110. მე ვარო მონა მეფისა, მაღლისა ქაჯთა მფლობლისა. მათ მიხუდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა. მოგჳკუდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა. აწ შჳლთა მისთა და მისი, ჰზრდის უმჯობესად მშობლისა:-

1111. დულარდუხტ არის დიაცი, [მაგრა კლდე ვითა ლოდია]. ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი, [ვერავის დაუკოდია]. მას უსხენ წჳრილნი ძმის წულნი, როსან და ერთი როდია. აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ, ქვე ზის მორჭმული წოდია:-

1112. გვესმა ამბავი ზღუათ იქით, სიკუდილი დისა მათისა. შეიჭირვებდეს ვეზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა. ვითა ვჰკადროთო დავსება, პირისა ხმელთა მნათისა. როშაქ მონაა თავადი, მონისა ბევრ ათასისა:-

1113. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს, მე ტირილსა არ დავხვდები. მინდორს წავალ ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები. შინა მოვალ შოვებული, ადრე ზედა მოვესწრები. მეფე დისა დატირებად, წავიდოდეს წაცავყვები:-

1114. გვითხრა მისთა ხელისათა, წავალ თანა წამომყევით. წაგჳტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით. დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩუჱნკენ გარდმოვდევით:-

1115. მინდორ მინდორ მოვდიოდით, ჩუჱნ ღამესა დია ბნელსა. დიდი რამე სინათლენი, გამოგვიჩნდეს შუა ველსა. ვთქჳთ თუ მზეა ნუთუ ზეცით, ჩამოჭრილი ზედან ხმელსა. დაბნეული მივეცენით, გონებასა ჩუჱნსა მსჯელსა:-

1116. ზოგთა თქუჱს არის ცისკარი, ზოგთა თქვეს არის მთვარეო. მას დარაზმულთა მივმართე, ახლოსცა ვნახეთ ბარეო. შორს მოუარეთ მივედით, შემოვადეგით გარეო. მით ნათლიდაღმე გამოხდა, ჴმა ჩუჱნი მოუბარეო:-

1117. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო, თქუჱნ სახელნი თქუჱნი თქუჱნით. გულანშაროთ მოციქული, ქაჯეთს მივალ მერიდენით. ესე გვესმა მოვადეგით, ალყა გარე მოვერტყენით. პირმზე რამე ცხენოსანი, გავიცადეთ თვალით ჩუჱნით:-

1118. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მოელვარებსა. მისი ციმციმი მზისაებრ, ეფინებოდა არებსა. ძჳრ ძჳრად გვეუბნებოდა, სიტყვასა რასმე წყნარებსა. კბილთაგან შუქი შეადგა, ზედა გიშრისა სარებსა:-

1119. კულავ ვეუბენით მას მზესა, ტკბილ მოუბრითა ენითა. არ მონა იყო ტყუოდა, ჩუჱნ ესე შევიგენითა. როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა. აღარ გაუშვით დაჭირა, ვკადრეთ ჩუჱნითა ჴელითა:-