... (A-859), 1841 წ.

1081. კულავცა იტყჳს ნუ დავაჭკნობ, შვენებასა ვარდთა ფერსა. ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ, მამარიოს ჩემსა მტერსა. სიკუდილამდის ვის მოუკლავს, თავი კაცსა მეცნიერსა. რა მისჭირდეს მაშინ უნდა, გონებანი გონიერსა:-

1082. ხადუმნი იხმნა უბრძანა, ისმინეთ მოდით ცნობასა. მოღორებულხართ მომცდარხართ, თქუჱნ ჩემსა პატრონობასა. დამცდარა თქუჱნი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა. ჩემთჳს ბუკსა და ტაბლაკსა, ცუდად გლახ იცემს ნობასა:-

1083. არ ვარგ ვარ თქუჱნად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია. მაშოროს ღ~მ მამაცი, პირად მზე სარო ტანია. სხუასა რას მნუკავთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია. თქუჱნ თანა ჩემი სიცოცხლე, არ ჩემი შესაგვანია:-

1084. უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა. თქუჱნ დაგხოცს თქუჱნი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა. ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა. მე გამაპარეთ გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა:-

1085. შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თუალი. მოიხადა გვირგვინიცა, გამჭვირვალი ერთობ ლალი. მისცა უთხრა გამომიღეთ, გეაჯები გულ მხურვალი. მე გამიშვით ღ~თსა თქუჱნსა, მიავალეთ თქუჱნი ვალი:-

1086. მონათა მიხუდა სიხარბე, მის საჭურჭლისა მძიმისა. დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა. გამოპარება დაასკუნეს, მის უებროსა პირისა. ნახე თუ ოქრო რასა იქს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა:-

1087. რა ოქრო მისთა მოყუასთა, აროდეს მისცემს ლხენასა. დღე სიკუდილამდის სიხარბე, შეაქნევს კბილთა ღრჭენასა. შესდის და გასზდის აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა. კულავ აქა სულსა დააბამს, დაუშლის აღმაფრენასა:-

1088. რა ხადუმთა აღუსრულეს, საქმე მისი საწადელი. ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი. სხუანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი. დარჩა მთვარე გველისაგან, გავსებული ჩაუნთქმელი:-

1089. მონანიცა გარდეხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა. გაველ ვიცან მოვეხვივე, გამიკვირდა მეცა განა. შინა ყოლა არ შამომყვა, რად მაწვეო შემანანა:-

1090. მიბრძანა თავი ვიყიდე, მოცემულითა შენითა. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს, მოწყალებითა ზენითა. ვეღარ დამმალავ გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა. სადამდის სცნობდეს ჴელმწიფე, კაცთა მამწევდეს რბენითა:-

1091. შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი. შეუკაზმე ზედა შევსვი, მხიარული არა მოკვნესი. ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს, მზე მნათობთა უკეთესი. წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი:-

1092. დღე მიიყარა ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი. მოიცვეს შინა ქალაქი, შეიქნა მოსაწევარი. მე მკითხეს ვარქჳ თუ ჰპოვოთ, მუნ სახლსა სადა მე ვარი. მეფეთა ვიყო შემცოდე, და მათთა სისხლთა მზღვევარი:-

1093. მონახეს ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი. მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე, და ყოვლნი მისნი ხლებულნი. დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი. მზე მოგვეშორა მას აქათ, ჩუჱნ ვართ სინათლე კლებულნი:-

1094. მის მთვარისა სადაობა, კულავ გიამბო საქმე კულაცი. აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადა ისი კაცი. მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. კაცსა დასვრის უგულობა, და დიაცსა ბოზი ნაცი:-

1095. მით არ ვსჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი. ისი კაცი ჩაჩნაგირი, დარბაზს იყო მეტად ხასი. ჩუჱნ გვიყვარდა ერთმანერთი, არ გვაცვია თუცა ფლასი. ნეტარძი ვინ სისხლი მისი, შემახვრიტა ერთი თასი:-

1096. ესე ამბავი მასთანა, ვთქჳ დიაცურად ხელურად. ჩემსავე მოსლვა მის მზისა, და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა, არ მოყვარულად მტერულად. აწ ისრე მკუდარსა ვიგონებ, იშ თავი ვიხსენ მე სრულად:-

1097. დამექადის რაზომჯერცა, წავიკიდნით თავის წინა. ოდეს მეხმე არ მეგონა, მე იმისი ყოფა შინა. მოსრულ იყო მოსვლა ეთქვა, შენცა მოხველ შემეშინა. ამად გკადრე ნუ მოხვალო, მოგაგებე მონა წინა:-

1098. აღარ დაბრუნდით მოცახველ, შუქნი თქუჱნ ჩემთჳს არენით. შეიყარენით ორნივე, ჩემზედა დაიჯარენით. ამად შევშინდი ღონენი, ვეღარა მოვაგვარენით. იმას გლახ ჩემი სიკუდილი, გულითა სწადდა არ ენით:-

1099. თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს მითა. შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა. მეფე მწყრალი გარდასწმენდდა, სახლსა ჩემსა გარდაგვითა. შჳლთა ღ~თო დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა:-

1100. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს, მადლსა გკადრებდე მე რასა. რომელმან დამხსენ მშვიდობით, ამა გველისა მზერასა. აწ ამას იქით ვნატრიდე, ჩემსა ეტლსა და წერასა. აღარ ვიშიშვი სიკუდილისა, ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა:-