... (Q-296), XVIII ს.

1046. აწე რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი რაცა ვის გინდათ წაიღეთ არვისი ვიყო მლალავი ერთსა ვიაჯი მიაჯეთ სააჯო არ საკრძალავი საქმე რამა მიც თქვენშია თავისა დასამალავი

1047. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქუენსა პატრონობასა თვით თავადია ჩვენი თქვა ნუ მიჴმობთ ჭაბუკობასა მე სავაჭროსა ჩავიცვამ დავიწყებ ჩუბაჩობასა თქვენ შემინახეთ ნამუსი თქვენსა და ჩემსა ძმობასა

1048. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია მოვიდეს და თაყვანის ცეს ჰკადრეს ჩვენი იმედია რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა იგი თქვენვე გიაჯია მას ვმსახუროთ ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია

1049. მუნით წავიდეს იარეს არ თურე ხანსა ზმიდიან მიხვდეს ტაროსსა ამოსა ნიადაგ ამოდ ვლიდიან შეფრფინვიდიან ავთანდილს ქებასა შეასხმიდიან მას მარგალიტსა მას ყმისა კბილთაე ფერსა სძღვნიდიან

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა ზღვის პირს რომე გავიდა

1050. ზღვა გაიარა ავთანდილ მივა ტანითა მჭევრითა ნახეს ქალაქი მოცული გარე ბაღისა ტევრითა გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრის ბევრითა მის ქუეყანისა სიტურფე რა გაიგონო შე რითა

1051. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა დაჯდა სკამითა მოასხნეს კაცნი მზიდავნი დამზადებულნი დრამითა იგი ყმა ვაჭრობს თავადობს და თავსა მალავს ამითა

1052. მოვიდა მისი მებაღე ბაღსა იახლნეს რომელსა მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა ავთანდილ უჴმო ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა

1053. წვრილად მითხარ ყუელაკაიყმა მას კაცსა ეუბნების– რა ლარია უფრო ძვირად ან იეფად რა იხსნების ჰკადრა ვხედავ პირი შენი მზისა პირად მემეცნების რაცა ვიცი მართლად გკადრებ მრუდი არა არ გემცნების

1054. ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა თვით გულანშარო ქალაქი სავსე ტურფითა მრავლითა აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა ზღვა მავლითა მელიქ სურხავი ჴელმწიფობს სრული სვითა და დავლითა

1055. აქა მოსლვითა გაყმდების კაცი თუც იყოს ბერები სმა გახარება თამაში ნიადაგ არს სიმღერები ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად ფერები ვინცა გვიცნობენ გვნატრიან იგიცა ვინა მტერები

1056. დიდ ვაჭარნი სარგებელსა ამისმეტსა ვერ ჰპოვებენ იყიდიან გაჰყიდიან მოიგებენ წააგებენ გლახა თვე ერთ გამდიდრდების სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრეფენ უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ

1057. მე ვარ მებაღე უსენის ვაჭართა უხუცესისა ესეცა გკადრო ამბავი საქმე მისისა წესისა თვით ესე ბაღი მისია თქვენი სადგომი მისისა პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა

1058. რა შემოვლენ დიდ ვაჭარნი მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან უჩვენებენ რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან უტურფესსა სეფედ დასხმენ ფასსა მუნვე დაუთვლიან მათ მაშინვე ააზატებს ვითა სწადდეს დაჰყიდიან

1059. თქვენებრთა საბატიოთა მას მართებს გამოსვენება დამყენებელთა უბრძანებს მართებდეს ვის დაყენება აწ იგი აქა არ არის რას მარგებს მისი ჴსენება გამოგება და წაყვანა მას მართებს თქვენი ქენება

1060. ფატმან ხათუნ შინა არის ხათუნი და ცოლი მისი პურად კარგი მასპინძელი მხიარული არ თუ მქისი მას ვაცნობო მოსლვა თქვენი წაგიყვანოს ვითა თვისი წინა კაცსა მოგაგებებს ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი

1061. ავთანდილ უთხრა წადიო აგრე ქენ რაცა გწადიან მებაღე მირბის იხარებს ოფლნი კრდამდის ჩასდიან ხათუნსა უთხრა ამბავი მე ესე დამიქადიან ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან

1062. ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა საროსა მზგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა მე მიჴმო მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა

1063. ფატმან ხათუნს გაეხარნეს გააგება მონა ათი მოუკაზმნა ქარვასრანი დააყენა ბარგი მათი შემოვიდა ღაწვი ვარდი ბროლ ბალახში მინა სათი მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი ლომსა თათი

1064. ზარი გახდა შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად იქით აქათ იჯრებოდეს ვუჭვრიტოთო ამას რულად ზოგნი ნდომით შეფრფინვიდეს ზოგნი იყვნეს სულ წასრულად მათთა ცოლთა მოიძულვნეს ქმარნი დარჩეს გაბასრულად