... (H-925), XVIII ს.

1023. ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა მე მიხმო მკითხა ანბავი და ნირი ლართა სყიდისა

1024. ფატმან ხათუნს გაეხარნეს გააგება მონა ათი მოუკაზმეს ქარვანსრანი დააყენა ბარგი მათი შემოვიდა ღაწვი ვარდი ბროლ ბადახში მინასათი მისთა მჭვრეტთა დაასახეს ვეფხსა ტოტი ლომსა თათი

1025. ზარი გახდა შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად იქით აქათ იჯრებოდეს უჭვრიტოთო ამას რულად ზოგნი ნდომით შეფრფინვიდეს ზოგნი იყვნეს სულწასრულად მათთა ცოლთა მოიძულვეს ქმარნი დარჩეს გაბასრულად

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგს მისვლა ფატმანის მიგებება და სიხარული

1026. ფატმან ცოლი უსენისი გაეგება კართა წინა მხიარულად უსალამა სიხარული დაიჩინა ერთმანერთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსვლა მისი შევითვატყე არ ეწყინა

1027. ფატმან ხათუნ თუალად მარჯვე არ ყმაწვილი მაგრა მზმელი ნაკვთად კარგი შავგრემანი პირმსუქანი არპირჴმელი მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული ღვინისმსმელი დია ედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი

1028. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა მიმღებელთა თქუეს თუ ვარგა ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს ღმერთო არ დაჰკარგა სვეს და ჭამეს დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ გა

1029. დილასა ლარი ყველაი უჩვენა გაახსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხნეს ფასიცა დაათულევინა ვაჭართა უთხრა წაიღეთ აჰკიდა გააწევინა თქუა ვითა გინდა ვაჭრობდით ნუ გამაცხადებთ მე ვინა

1030. ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცუამს არას მისსა ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერთგან სხდიან უბნობდიან საუბარსა არა მქისსა ფატმანს ჰკლვიდა უმისობა რამინისა ვითა ვისსა

ფატმანისან გამიჯნურება ავთანდილისა წიგნის მიწერა და გაგზავნა

1031. სჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის გილიზღებს და შეგიკვეთებს მიგინდობს და მოგენდობის მართ ანაზდად გიღალატებს გაკვეთეს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის

1032. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა სიყვარული მეტისმეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა იტყვის რა ვქნა რა მერგების აწუიმებდა ცრემლთა ღურიდა

1033. მიღმა ვუთხრა ვაი თუ გასწყრეს შეხედვაცა დამიძუირდეს თუ არა ვთქვა ვეღარ გავსძლებ ცეცხლი უფრო გამიჴშირდეს ვთქუა და მოვკვდე ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან როგორ კურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

1034. დაწერა წიგნი საბრალო მის ყმისა მისართუმეველი მისისა მიჯნურობისა მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი შემარყეველი უსტარი შესანახავი არცუდად დასახეველი

წიგნი ფატმანისა ავთანდილს თანა სამიჯნუროდ მიწერილი

1035. ჰე მზეო ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად მით შეგქნა მოშორვებულთა ლხინად არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწუელად მათად ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს დასაქადებლად

1036. შენ გტრფიალობენ მჭურეტელნი შენთუის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან შენი შვენება ყვავილთა აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან სრულად დამწვარვარ თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან

1037. ღმერთი მყავს მოწმად ვიშიშვი თქუენსა ამისსა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღეკრულმან სრულად გავყრივარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე თვარა მივხვდები ცნობასა

1038. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს ვსცნობდე გინდოდე საკლავად ან ჩემი რა გავიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

1039. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი ყმასა ყმამან ასე წაიკითხა და ვინმეა ანუ თვისი თქუა არ იცის გული ჩემი ვინ მაშიკობს ვისსა ვისი რომე მიმიჩნს სამიჯნურო რად ვამსგავსო მე მას ისი