... (H-403), 1818 წ.

1022. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა: მივა ოთხითა მონითა჻ წამალსა ტარიელისსა: ეძებს ყოვლითა ღონითა჻ დღისით და ღამით მტირალი: იღვრების ცრემლთა ფონითა჻ ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა: მისვე ჩალისა წონითა჻

1023. სადაცა ნახნის ეუბნის: მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი჻ ჰკითხის მის მზისა ამბავი: დღენი ვლნა გაასებულნი჻ ქედსა გარდადგა აქლემნი: აუჩნდა ლარ კიდებულნი჻ მოქარავნენი ზღვის პირსა: დაყრით დგეს შეჭირვებულნი჻

1024. მუნ ქარავანი ურიცხვი: მოსდგმოდა ზღვისა კიდესა჻ შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს: ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა჻ ყმამან სალამი უბრძანა: ქებასა შეასხმიდესა჻ ჰკითხეს ვაჭარნო თუ ვინ ხართ: მათ საუბარი ჰკიდესა჻

1025. უსამ იყო ქარავნისა: უხუცესი კაცი ბრძენი჻ მოახსენა ხოტბა სრული: დალოცა და უქნა ზნენი჻ ჰკადრეს მზეო სიცოცხლე და: შენ ამოჴე ჩვენი მლხენი჻ ჩამოჴე და მოგახსენოთ: ამბავი და საქმე ჩვენი჻

1026. გარდაჴდეს ჰკადრეს ჩვენ ვართო: მობაღდადენი ვაჭარნი჻ მაჰმადის რჯულის მჭირავნი: აროდეს გვისვამნ მაჭარნი჻ ზღვათა მეფისა ქალაქსა: სავაჭროდ გარდმონაჭარნი჻ საქონელ სრულნი მდიდარნი: არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი჻

1027. ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა: კაცი უსულოდ მდებარე჻ უშველეთ ენა მოეცა: სიტყჳსა გამომგებარე჻ ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო: რასა საქმისა მძებარე჻ გვითხრა თუ შეხვალთ დაგჴოცენ: კიდე ცოცხალვარ მე ბარე

1028. თქვა ქარავანი ეგვიპტით: გამოვემართეთ ერითა჻ ზღვასა შევედით ტვირთულნი: ლარითა მრავალ ფერითა჻ მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს: ძელის საჴნისის წვერითა჻ ყველაი წაჴდა არ ვიცი: აქა მოვსულვარ მე რითა჻

1029. ლომო და მზეო ესეა: მიზეზი აქა დგომისა჻ დაბრუნდეთ გვეცემის: ზიანი ას საზომისა჻ შევიდეთ ვა თუ დაგვჴოცნენ: ძალი არა გვაქვს ომისა჻ ვერ ვდგევართ ვერცა წავსულვართ: ღონე წაგუსულია რჩომისა჻

1030. ყმამან უთხრა ვინცა სჭმუნავს: ცუდია და ცუდად სცთების჻ რაცა მოვა საქმე ზენა: მამავალიარ აგვცთების჻ მე მივინდობ სისხლთა თქვენსა: შემოვისხამ დაცამწვთების჻ ვინცა გებრძვის ჴრმალი ჩემი: მბრძოლთა თქვენთა დააცვთების჻

1031. მოქარავნენი აივსნენ: სიხარულითა დიდითა჻ თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი: არ ჩვენებრვე რიდითა჻ აქვს თავისაგან იმედი: ვიყვნეთ გულითა მშვიდითა჻ შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა: გამართეს ზღვისა კიდითა჻

1032. სიამოვნისა დარითა: იარეს არ სიძნელითა჻ მათი ბადრაგა ავთანდილ: უძღვის გულითა ქველითა჻ გამოჩნდა ნავი მეკობრე: დროშითა მეტად გრძელითა჻ მის ნავის ნავთა სალეწლად: საჴნისი გია ძელითა჻

1033. კიოდეს და მოდიოდეს: იზახდეს და ბუკსა ჰკრესა჻ შეუშინდა ქარავანი: მათ ლაშქართა სიდიდესა჻ ყმამან უთხრა ნუ იშიშვით: თქვენ ამათსა სიალფესა჻ ანუ დავჰჴოც ამ ყუელასა: ან სიკვდილი ჩემი დღესა჻

1034. უგანგებოდ ვერას მიზმენ: შეცამებნენ ჴმელთა სპანი჻ განგებაა არ დავრჩები: ლახვარნია ჩემთვის მზანი჻ ვერ მიხსნიან ვერ ციხენი: ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი჻ ვინცა იცის ესე ასრე: ჩემებრვეა გულოვანი჻

1035. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ: ომისაცა უმეცარნი჻ შორს ისრითა არ დაგჴოცნენ: ჩაიხრჩენით თანა კარნი჻ მარტო მნახეთ ვით შევიბა: ვით ვიჴმარნე ლომნი მკლავნი჻ მეკობრესა ნავისანი: სისხლნი ნახოთ მონაღვარნი჻

1036. ჩაიცვა ტანსა აბჯარი: ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა჻ მას ჴელთა კეტი რკინისა: ჰქონდა ჴელითა ცალითა჻ ნავისა თავსა გულითა: წადგა შიშ შეუალითა჻ ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა: მტერნი დაჴოცნა ჴმალითა჻

1037. კიოდეს იგი ლაშქარნი: ჴმა მათი არ გასწყდებოდა჻ აძგერეს ძელი რომელსა: ზედა საჴნისი ჰგებოდა჻ ყმა ნავის თავსა უშიშრად: ქვე დგა არ თურე კრთებოდა჻ კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა: ლომს მკლავი არ უდრკებოდა჻

1038. ძელი მოსტეხა ავთანდილ: დარჩა ნავ დაულეწელი჻ შეშინდეს იგი ლაშქარნი: გზა ძებნეს გარდსახვეწელი჻ ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა: მტერთა მი და მო მლეწელი჻ არ დარჩა კაცი ცოცხალი: მუნ მისგან დაუფრეწელი჻

1039. მათ ლაშქართა გულ უშიშრად: ასრე ჰჴოცდა ვითა თხასა჻ ზოგნი ნავსა შეანარცხის: ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა჻ ერთმანერთსა შემოსტყორცის: რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა჻ დამალულნი მკვდართა შუა: იმალვიან მალვენ ჴმასა჻

1040. გაუმარჯვდა ომი მათი: ვითა სწადდა გულსა მისსა჻ ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: ნუ დაგვჴოცო შენსა სჯულსა჻ არ დაჴოცნა დაიმონა: დარჩომოდა რაცა წყლულსა჻ მართლად იტყჳს: მოციქული შიში შეიქს სიყვარულსა჻

1041. კაცო ძალსა ნუ იკვეხი: ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრუალი჻ არას გარგებს ძლიერება: თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი჻ დიდთა ხეთა მოერევის: მცირე დასწვავს ნაბერწკალი჻ ღ~თი გფარავს სწორად გაჰკვეთს: შეშა ვის ჰკრა თუნდა ჴრმალი჻