... (H-403), 1818 წ.

1061. აქა მოსულითა გაყმდების: კაცი თუც იყო ბერები჻ სმა გახარება თამაში: ნიადაგ არს სიმღერები჻ ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს: ყვავილი ფერად ფერები჻ ვინცა გვიცნობენ გვნატრიან: იგინცა ვინა მტერები჻

1062. დიდ ვაჭარნი სარგებელსა: ამისებრსა ვერ ჰპოებენ჻ იყიდიან გაყიდიან: მოიგებენ წააგებენ჻ გლახა თვე ერთ გამდიდრდების: სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრეფენ჻ უქონელნი წელიწდამდის: საქონელსა დაიდებენ჻

1063. მე ვარ მებაღე უსენის: ვაჭართა უხუცესისა჻ ესეცა გკადრო ამბავი: საქმე მისისა წესისა჻ თვით ესე ბაღი მისია: თქვენი სადგომი დღესისა჻ პირველ მას მართებს ჩვენება: ყოვლისა უტურფესისა჻

1064. რა შემოვლენ დიდ ვაჭარნი: მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან჻ უჩვენებენ რაც ჰქონდეს: სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან჻ უტურფესა სეფედ დასხმენ: ფასსა მუნვე დაუთვლიან჻ მათ მაშინვე ააზატებს: ვითა სწადდეს და ჰყიდიან჻

1065. თქვენებრთა საბატიოთა: მათ მართებს გამოსვენება჻ დამყენებელთა უბრძანებს: მართებდეს ვის დაყენება჻ აწ იგი აქა არ არის: რას მარგებს მისი ჴსენება჻ გამოგება და წაყვანა: მას მართებს თქვენი ქენება჻

1066. ფატმან ხათუნ შინა არის: ხათუნი და ცოლი მისი჻ პურად კარგი მასპინძელი: საყვარელი არ თუ მქისი჻ მას ვაცნობო მოსვლა თქვენი: წაგიყვანოს ვითა თვისი჻ წინა კაცსა მოგაგებებს: ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი჻

1067. ავთანდილ უთხრა წადიო: აგრე ჰქენ რაცა გწადიან჻ მებაღე მირბის იხარებს ოფლი მკერდამდის ჩადიან჻ ხათუნსა უთხრა ამბავი: მე ესე დამიქადიან჻ ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა: შუქნი მზედ გაიცადიან჻

1068. ვაჭარი ვინმე პატრონი: არს ქარავნისა დიდისა჻ საროსა მსგავსი ნაზარდი: და მთვარე დღისა შვიდისა჻ ჰშვენის ჯუბა და მოხვევნა: ძოწეულისა რიდისა჻ მე მიხმო მკითხა ამბავი: და ნირი ლართა სყიდისა჻

1069. ფატმან ხათუნს გაეხარნეს: გააგება მონა ათი჻ მოუკაზმეს ქარვანსრანი: დააყენა ბარგი მათი჻ შემოვიდა ღაწვი ვარდი: ბროლ ბალახში მინა სათი჻ მისთა მჭვრეტთა დაუსახეს: ვეფხსა ტოტი ლომსა თათი჻

1070. ზარი გაჴდა შემოაკრბეს: ქალაქისა ერნი სრულად჻ იქით აქათ იჯრებოდეს: უჭვრიტოთო ამას სრულად჻ ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს: ზოგნი იყვნეს სულ წასულად჻ მათთა ცოლთა მოიძულვეს: ქმარნი დარჩეს გაბასრულად჻

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისვლა ფატმანის მიგებება და სიხარული჻

1071. ფატმან ცოლი უსენისა: გაეგება კართა წინა჻ მხიარულად უსალამა: სიხარული დაიჩინა჻ ერთმანერთი მოიკითხეს: შევიდეს და დასხდეს შინა჻ ფატმან ხათუნს მოსვლვა მისი: შევითვატყე არ ეწყინა჻

1072. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე: არ ყმაწვილი მაგრა მზმელი჻ ნაკვთად კარგი შავ გრემანი: პირ მსუქანი არ პირჴმელი჻ მუტრიბთა და მომღერალთა: მოყვარული ღვინის მსმელი჻ დია ედვა სასალუქო: დასაბურავ ჩასაცმელი჻

1073. მას ღამესა ფატმან ხათუნ: უმასპინძლა მეტად კარგა჻ ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა: მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა჻ ფატმანს მისი მასპინძლობა: უღირს ღ~თო არ დაკარგა჻ სვეს და ჭამეს დასაწოლად: ყმა გავიდა ღამით გარ გა჻

1074. დილასა ლარი ყუელაი: უჩვენა გაახსნევინა჻ ტურფანი სეფედ გარდასხეს: ფასიცა დაათვლევინა჻ ვაჭართა უთხრეს წაიღეთ: აჰკიდა გააწევინა჻ თქუა ვითა გინდა ვაჭრობდით: ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა჻

1075. ყმა ვაჭრულად იმოსების: არ ჩაიცვამს არას მისსა჻ ზოგჯერ უჴმის ფატმან მისსა: ზოგჯერ იყჳს ფატმანისსა჻ ერთგან სხდიან უბნობდიან: საუბარსა არა მქისსა჻ ფატმანს ჰკულიდა უმისობა: რამინისა ვითა ვისსა჻

ფათმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა჻

1076. სჯობს სიშორე დიაცისა: ვისგან ვითა დაითმობის჻ გილიზღებს და შეგიკვეთებს: მიგინდობს და მოგენდობის჻ მართ ანაზდად გიღალატებს: გაჰკვეთეს რაცა დაესობის჻ მით დიაცსა სამალავი: არასთანა არ ეთხრობის჻

1077. ფატმან ხათუნს ავთანდილის: გულსა ნდომა შეუვიდა჻ სიყუარული მეტის მეტი: მაემატა ცეცხლებრ სწვიდა჻ დამალვასა ეცდებოდა: მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა჻ იტყჳს რა ვჰქნა რა მერგების: აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა჻

1078. მიღმა უთხრა ვაი თუ გასწყრეს: შეხედვაცა დამიძვირდეს჻ თუ არა ვთქუა გავსძლებ ცეცხლი: არა უფრო გამიხშირდეს჻ ვჰთქვა და მოვჰკუდე ანუ დავრჩე: ერთი რამე გამიპირდეს჻ მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს: თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს჻