... (H-925), XVIII ს.

1004. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა შენგან ვართ გამაგრებულნი ჩუენ ვიცით ჩვენი ფლიდობა რაცა გვაქვ იგი შენია ამას არ უნდა ცილობა რასაცა მოგვცემ გვიბოძე გვიქნია აქა ყრილობა

1005. ყმამან შესთვალა ჰე ძმანო წეღანცა მოგისმენია ღმერთსა შეესმა ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია მან დაგარჩინნა მე რა ვარ მე გლახ რა მომილხენია რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ მე ვარ და ჩემი ცხენია

1006. მე თუმცა რამცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი ჩემსაცა მქონდა ურიცხვი უსახო ლარსაგებელი რას ვაქნევ თქუჱნსა რად გინდა ოდენ ვარ თანამხლებელი სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი

1007. აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი რაცა ვის გინდა წაიღეთ არვისი ვიყო მლალავი ერთსა ვიაჯი მიაჯეთ სააჯო არსაკრძალავი საქმე რამე მიც თქუჱნ შიგა თავისა დასამალავი

1008. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა თვით თავადია ჩვენი თქვა ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა მე სავაჭროსა ჩავიცვამ დავიწყებ ჩუბაჩობასა თქუენ შემინახეთ ნამუსი თქუენსა და ჩემსა ძმობასა

1009. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია მოვიდეს და თაყვანის სცეს ჰკადრეს ჩვენი იმედია რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა იგი თქვენვე გიაჯია მას ვმსახუროთ ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია

1010. მუნით წავიდეს იარეს არ თურე ხანსა ზმიდიან მიხვდეს ტაროსსა ამოსა ნიადაგ ამოდ ვლიდიან შეჰფრფინვიდიან ავთანდილს ქებასა შეასხმიდიან მას მარგალიტსა მას ყმასა კბილთავე ფერსა სძღვნიდიან

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისვლისა ზღვის პირს რომ გავიდა

1011. ზღვა გაიარა ავთანდილ მივა ტანითა მჭევრითა ნახეს ქალაქი მოცული გარე ბაღისა ტევრითა გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრის ბევრითა მის ქვეყანისა სიტურფე რა გაიგონო ენითა

1012. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვა დაჯდა სკამითა მოასხნეს კაცნი მზიდავნი დამზადებულნი დრამითა იგი ყმა ვაჭრობს თავადობს და თავსა მალავს ამითა

1013. მოვიდა მისი მებაღე ბაღსა იახლნეს რომელსა მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა ავთანდილ უხმო ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა ვისი ხართ ვინ ხართ რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა

1014. წვრილად მითხარ ყველაკაი ყმა მას კაცსა ეუბნების რა ლარია უფრო ძვირად ან იეფად რა იჴსნების კადრა ვხედავ პირსა მზისა პირად მე მეცნების რაცა ვიცი მართლად გკადრებ მრუდი არა არ გემცნების

1015. ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა თვით გულანშაროს ქალაქი სავსე ტურფითა მრავლითა აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა ზღვა მავლითა მელიქ სურხავი ხელმწიფობს სრული სვითა და დავლითა

1016. აქა მოსულითა გაყმდების კაციცა იყო ბერები სმა გახარება თამაში ნიადაგ სიმღერაები ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერადფერები ვინცა გვიცნობენ გვნატრიან იგიცა ვინ ა მტერები

1017. დიდვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოებენ იყიდიან გაჰყიდიან მოიგებენ წააგებენ გლახა თვე ერთ გამდიდრდების სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ უქონელნი წელიწადსა საქონელსა დაიდებენ

1018. მე ვარ მებაღე უსენის ვაჭართა უხუცესისა ესეცა გკადრო ამბავი საქმე მისისა წესისა თვით ესე ბაღი მისია სადგომი თქვენი დღესისა პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა

1019. რა შემოვლენ დიდვაჭარნი მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან უჩვენებენ რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან უტურფესსა სეფედ დასხმენ ფასსა მუნვე დაუთვლიან მათ მაშინვე ააზატებს ვითა სწადდეს გაყიდიან

1020. თქუჱნებრთა საბატიოთა მას მართებს გამოსვენება დამყენებელთა უბრძანებს მართებდეს ვის დაყენება აწ იგი აქა არ არის რას მარგებს მისი ხსენება გამოგება და წაყვანა მას მართებს თქუენი ქენება

1021. ფატმან ხათუნ შინა არის ხათუნი და ცოლი მისი პურად კარგი მასპინძელი საყვარელი არ თუ მქისი მას ვაცნობო მოსლვა თქვენი წაგიყვანოს ვითა თვისი წინა კაცსა მოგაგებებს ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი

1022. ავთანდილ უთხრა წადიო აგრე ქმენ რაცა გწადიან მებაღე მირბის ახარებს ოფლი ქვე მკრდამდის ჩასდიან ხათუნსა უთხრა ანბავი მე ესე დამიქადიან ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან