... (Q-296), XVIII ს.

1007. ამას გკადრებ არ ეგების მარტოსაგან ქება შენი თანა ყმათა წამოგატან იმსახურე იახლენი აბჯარი და საგებელი ერთი ჯორი ერთი ცხენი არ წაიტან გაირჯები ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი

1008. მოასხნა ოთხნი მონანი მისანდობელნი გულითა სრული აბჯარი საკაცო ქაფითა საბარკულითა სამოცი ლიტრი წითელი აწონით არ ნაკლულითა ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა

1009. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა საგებელი აუკიდა წავიდა და ფრიდონ შეჯდა მასთანავე გამოვიდა აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი სწვიდა მოსთქვამს თუმცა მზე გვიახლა ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა

1010. ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა მიეცნეს წუხილსა მოატყდეს მოქალაქენი ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა ჴმა ზახილისა მათისა გვანდა აერთა ქუხილსა იტყოდეს მზესა მოვშორდით მო თვალნი მივსცნეთ წუხილსა

1011. ქალაქი გავლეს მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა მაშინ ფრიდონის ნახულსა ნასაჯდომევსა მზისასა მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა

1012. აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა კბილ თეთრი ბაგე ბალახში სახედავითა შავითა ცხენი გავქუსლე გავაგე წაგვრა ჴმლითა და მკლავითა შორს მნახეს ადრე გამექცეს ნავი მფრინველი ჩნდა ვითა

1013. მოახსენეს ერთმანეთსა გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი გაიყარნეს გაუყრელნი ძმად ფიცნი და ვითა ძმანი ფრიდონ დადგა ყმა წავიდა შემხედველთა მკვლელი ტანნი

წასლვა ავთანდილისაგან ნესტან დარეჯანის საძებრად

1014. ყმა მიმავალი მიუბნობს მსგავსი მთვარისა სრულისა არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა იტყვის მოგშორდი სიცრუვე ვა საწუთროსა კრულისა შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა

1015. რა სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამსალებისა რად გული კლდისა ტინისა შემქნია სამსალებისა არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსალებისა შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა

1016. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა

1017. სადაცა ნახნის ეუბნის მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი ჰკითხის მის მზისა ამბავი დღენი ვლნა გაასებულნი ქედსა გარდადგეს აქლემნი აუჩნდეს ლარ კიდებულნი მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს შეჭმუნებულნი

1018. მუნ ქარავანი ურიცხვი იდგა მის ზღვისა კიდესა შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა ყმამან სალამი უბრძანა ქებასა შეასხმიდესა ჰკითხეს ვაჭარნო თუ ვინ ხართ მათ საუბარი კიდესა

1019. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი კაცი ბრძენი მოახსენა ხოტბა სრული დალოცა და უქნა ზნენი ჰკადრეს მზეო სიცოცხლე და შენ ამოჴე ჩვენი მლხენი ჩამოჴე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი

1020. გარდახდა ჰკადრეს ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი მაჰმადის რჯულის მჭირავნი აროდეს გვისვამს მაჭარნი ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი საქონელ სრულნი მდიდარნი არ ლარნი გვქონან ნაჭარნი

1021. ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე ვუშველეთ ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე ვკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო რასა საქმისა მდებარე გვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე

1022. თქვა ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ ფერითა მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელის საჴნისის წვერითა ყველაი წახდა არ ვიცი აქა მოსრულვარ მე რითა

1023. ლომო და მზეო ესეა მიზეზი აქა დგომისა დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ საზომისა შევიდეთ ვა თუ დაგვხოცნენ ძალი არა გვაქვს ომისა ვერ ვდგავართ ვერცა წასრულვართ ღონე წაგვსლვია რჩომისა

1024. ყმამან უთხრა ვინცა ჭმუნავს ცუდია და ცუდად სცდების რაცა მოვა საქმე ზენა მომავალი არ აგვცთების მე მივინდობ სისხლთა თქვენთა შემოვისხამ დაცამწვთების ვინცა გებრძვის ჴმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების

1025. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი არა ჩვენებრვე რიდითა აქვს თავისაგან იმედი ვიყვნეთ გულითა მშვიდითა შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა გამართეს ზღვისა კიდითა