ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1117. დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით; ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით; ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით, და კვლა დავსხედით გახარებად, მუნებურნი არ ვიყუენით.

1118. “ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა, გავიტანე ხათუნები, მათი ჭმევა ჩემგან ჴამსა; მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ჴმასა, და ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე თმასა.

1119. იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი, მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვაზედა წაკიდებულნი, მუნ შევიტანე ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი, და კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

1120. “ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდ, დურად; სმასა ზედა უმიზეზოდ გავჴე რამე უგემურად; რა შემატყუეს, გაიყარა, სხდომილ იყუნეს რაცა პურად, და მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1121. “უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქციე პირი ზღვასა, ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა; შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა, და მფრინველად ვთქვია, ანუ მჴეცად, სხვას ვამგზავსე მემცა რასა!

1122. “მე შორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი; ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი; იქით აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი, და გამოიღეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.

1123. “გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედეს, მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა, ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა; და მე იდუმალ ვიხედვიდი, სულღებული ვიყავ შინა.

1124. “მით ნავიდაღმე მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა, აჴადეს, ქალი გარდმოსვეს უცხოთა რამე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ტანსა მოსილი მწუანითა, და მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

1125. “რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგა სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ჴმელთ და ზესა; დავიხუჭენ თვალნი, ყოლე ვერ შევადგენ, ვითა მზესა, და უკმოვიჴარჩ კარი, ჩემკენ, მათი ჭვრეტა ვერა სცნესა.

1126. “მოვიჴმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი, უჩვენე: “ხედავთ, ინდოთა ტყუედ ჰყვანან შუქნი რომელნი? ჩაეპარენით, ჩადითო, წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი, და მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყუნენ მნდომელნი.

1127. “თუ არ მოგცენ, ნუღარ მისცემთ, წაგვარეთ და დაჴოცენით, მოიყვანეთ ისი მთვარე, ქენით კარგა, ეცადენით!” ჩემნი ყმანი ზედადაღმან ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, და დაევაჭრეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1128. “მე სარკმელთა გარდავადეგ. რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, შეუზახენ: “დაჰჴოცენით!”, დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; და ჩავეგებე, გამოვგვარე, ზღვის პირს ხანს არ ზმიდეს.

1129. “რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა! ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა მართებს მზესა მზობა! ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქნას ნახაზობა! და მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არა უნდა ამას მზობა!”–

1130. ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ჴელნი; ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი; ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გაჴდეს ვითა ხელნი, და ღვარმან, ზედათ მოდენილმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1131. მოიტირეს. ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვეტ, გაასრულე”. ფატმან იტყვის: – “მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, გარდუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, და ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკუეთე, გავესულე.

1132. “ვჰკადრე: “მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა, ამა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ჴომთა?” მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა, და ას ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისთა მონაწთომთა.

1133. “რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბნარითა, გულ ამოჴვრჩვინით ატირდა მით რამე ჴმითა წყნარითა; ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა; და მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავჴე გულითა მკვდარითა.

1134. “მითხრა: “შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა! ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა; და თუ რაცა მკითხო, ძალი-მცა გიგმია არსთა მხედისა!”

1135. “ვთქვია: “უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ჴმობა: მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა; ჴმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა. და რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?”

ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის მოყვანა და გამჟღავნება უსენის წინაშე