ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1063. “თქვენებრთა საბატიოთა მას მართებს გამოსვენება; დამყენებელთა უბრძანებს, მართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ჴსენება! და გამოგებება, წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

1064. “ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსვლა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; და წინა კაცთა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი”.

1065. ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ჰქენ, რაცა გწადიან”. მებაღე მირბის, ახარებს, ოფლნი მკრდამდის ჩასდიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან: და ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

1066. “ვაჭარნი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მგზავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა; შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. და მე მიჴმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

1067. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი. შემოვიდა ღაწვი ვარდი, ბროლ ბალახში, მინა სათი; და მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა თათი.

1068. ზარი გაჴდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით აქათ იჯრებოდეს: “უჭვრიტოთო ამას რულად!” ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყუნეს სულ წასულად: და მათთა ცოლთა მოიძულვეს ქმარნი, დარჩეს გაბასრულად.

მისვლა ავთანდილისა ფატმანისას, ფატმანის მიგებება და სიხარული

1069. ფატმან, ცოლი უსენისა, გაეგება კართა წინა, მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასჴდეს შინა; და ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შევითვატყვე, არ ეწყინა.

1070. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკუთად კარგი, შავგურემანი, პირმსუქანი, არ პირჴმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი; და დია ედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი.

1071. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღუნა ძღუენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: “ვარგ-ა”. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაჰკარგა; და სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარგა.

1072. დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გააჴსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნა; ფასიცა დაათულევინა, ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ”! აჰკიდა, გააწევინა, და თქვევ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამაცხადებთ, მე ვინა”.

1073. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა. ზოგჯერ უჴმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყუის ფატმანისსა; ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა; და ფატმანს ჰკულიდა უმისობა, რამინისი ვითა ვისსა.

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება, წიგნის მიწერა და გაგზავნა

1074. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკუეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკუეთს, რაცა დაესობის, და მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

1075. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტის მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, და იტყვის: “რა ვქნა, რა მერგების?” აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.

1076. “მიღმა უთხრა, ვაი თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს! თუ არ ვთქვა, როგორ გავსძლეო ცეცხლი უფრო გამიხშირდეს. ვთქვა და მოვჰკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს; და მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!”

1077. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძურელი, შემარხეველი, და უსტარი შესანახავი, არ-ცუდად დასახეველი:

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი

1078. “ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად, მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად, და მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

1079. “შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან, ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენზედა კრფებიან! შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემნიცა ჭნებიან, და სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მამესწრებიან.