ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე

1156. რა გამოჴდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე-დღენი, უსენ მითხრა: “არ მინახავს ძოღანდლითგან მეფე ჩვენი. მივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო, უძღუნა ძღვენი”. და მოვაჴსენე: “დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!”

1157. “უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები. დავვედრე: “დარბაზს დაგხუდების დარბაზის ერი მთვრალები; ამა ქალისა ამბავსა, მამკალ, თუ არ ეკრძალები”. და კვლა შემომფიცა: “არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ჴრმალები!”

1158. “უსენ მივიდა, ჴელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი უსენ, არიფი მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი; წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი. და აწ ნახეთ მთვრალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწთომელი.

1159. “რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი, კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს სხვა ფარჩი და სხვა ჭიქანი. დაავიწყდა იგი ფიცნი რა მუსაფი, რა მაქანი, და მართლად თქმულა: “არა მართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი “.

1160. “უთხრა დიდმან ჴელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთვრალსა: “დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა, მარგალიტსა დიდროვანსა, უმსგავსოსა ჰპოებ ლალსა? და ვერ გარდვიჴდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა”.

1161. “თაყვანი სცა უსენ, ჰკადრა: “ჰე მაღალო ჴელმწიფეო, ზეცით შუქთა მამფენელო, მარჩენელო არსთა, მზეო! რაცა სხვა მაქვს, ვისი არის? ოქრო, თუნდა საჭურჭლეო, და დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.

1162. “ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა; სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა; მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ მგზავსი მზისა, და მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა”.

1163. “რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე რჯულისა, უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად იამა, მიეცა ლხინი გულისა, და უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქნა უსენის თქმულისა.

1164. “მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკუნესია. შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ჴელმწიფეთა წესია, და მოვიდეს; დია გავკუირდი, ვთქვია: “რამე საქმე ზესია”.

1165. “მისალამეს, “ფატმან! მითხრეს, ბრძანებაა ღმრთისა სწორთა: დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მგზავსი მზეთა ორთა, აწ მომგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა”. და ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

1166. “მე გაკუირვებით კვლა ვჰკითხე: “რა ქალი გინდა, რომელი?” მათ მითხრეს: “უსენ შემოსძღვნაო პირი ელვათა მკრთომელი” არას მარგებდა, დავასკუნა დღე ჩემი სულთა მჴდომელი, და ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქუე ვიყავ მჯდომელი.

1167. “შეველ, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ დასხმულად, ვჰკადრე: “მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ხედავ, რულად! ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარ მყო, ამფხურა სრულად, და შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ მოკლულად”.

1168. “მან მითხრა: “დაო, ნუ გიკუირს, ეგე რაზომცა ძნელია! ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს, გიკუირდეს, ავი რა საკუირველია! და სხვა და სხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია”.

1169. “თვალთა, ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი, ადგა ასე გულ უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი. და მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1170. “შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დადებოდა, თვალ მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა, და მივე, მას წელთა შევარტყი, შავ გული ვისთვის ჰკვდებოდა.

1171. “ვარქვი: “ჩემო, განაღ სადმე გეჴმარების ესე გვარი”. მათ მონათა ჴელთა მივეც იგი პირი მზისა დარი. ცნა მეფემან, მოეგება; ჰკრა ტაბლაკსა, გაჰჴდა ზარი; და იგი მივა თავ მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

1172. “ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გაჰჴდა ზათქი და ზარები, ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები; იგი რა ნახა მეფემან, საროსა მგზავსი ნარები, და გაკრთომით უთხრა: “ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?”

1173. “ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექნა თვალისა მფახველად; მეფემან ბრძანა: “გამხადა ნახული მე უნახველად, ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად? და მართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, გლახ ველად!”

1174. “გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა: “მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?” მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა; და თავ დადრეკილი დაღრეჯით ქუე ზის ცნობითა წყნარითა.