ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1195. “დღე მიიყარა, ჴმა გაჴდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქნა მოსაწევარი; მე მკითხეს, ვარქვი: “თუ ჰპოვოთ მუნ სადა სახლსა მე ვარი, და მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!”

1196. “მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე და ყოვლნი მათნი ხლებულნი, დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ის ფრითა ღებულნი: და მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი.

1197. “მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი; აწ უწინვე ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი: მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. და კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

1198. “მით არ ვჯერვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი. ისი კაცი ჩაჩნიგირი დარბას იყო მეტად ხასი; ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი, და ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახურიტა ერთი თასი!

1199. “ესე ამბავი მას თანა ვთქვია დიაცურად, ხელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად, და აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიჴსენ მე რულად!

1200. “დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა. ოდეს მეჴმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა; მოსრულ იყო, მოსლვა ეთქვა; შენცა მოხველ, შემეშინა, და ამად გკადრე: “ნუ მოხვალო”, მოგაგებე მონა წინა.

1201. “აღარ დაბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით; შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით; ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით, და იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

1202. “თუცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს მითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა; მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, და შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლევდა მერმე ქვითა!

1203. “მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამჴსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა! აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა, და აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰაი ჰაი, ჩავიჭერ მე რასა!”

1204. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია: მოყვარე მტერი მოყურისა მტერთაგანც უფრო მტერია; არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. და ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

1205. “იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაგზავნე შენ ოდეს, რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”. კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს: და წაჴდესო შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ფენოდეს!”

ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილს თანა

1206. ვაი, საწუთროო, სიმუხთლით თავი სატანას ადარე! შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე? და მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოჴრად ჩანს ყოვლი, სად არე!

1207. ფატმან იტყვის: –“მამეშორვა მზე, მნათობი სრულად ჴმელთა, სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ჴელთა; მას უკანით გაუწყუეტლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, და ვერ გავაჴმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა.

1208. “სახლნი და შვილნი მამძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მჩანს ურჯულოთა რჯულითა, და ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1209. დღესა ერთსა, საღამო ჟამს ჩასლვა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკულიდა მისისავე გონებისა, და ვთქვია: “კრულია ზენაარი ყოვლისავე მამაცისა”.

1210. “მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყუსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, და სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სჴდეს მხიარულნი ამითა.

1211. “მე უყურებდი, უჭვრეტდი; თქვეს: “ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, არცა არა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით, და ჴამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხართ ბარ ენით”.

1212. “მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია, და ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.

1213. “მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამჴობლისა: მოგვიკვდა შემწე ქურივისა, შემწყნარებელი ობლისა, და აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.