ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1175. “არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა, სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა; ვარდი ერდგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა, და მჭვრეტნი მისნი გააკუირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

1176. “მეფე ბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იჴსნების? ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქნების: ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების, და მისგან კიდე არვისად სცალს, აღარცა ვის ეუბნების.

1177. “ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა ზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, და სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.

1178. “ღმერთმან ქნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ესე მზე, და, მისთვის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული, და მუნამდის მთვარე შუქ კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული”.

1179. “ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წარსულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა, და მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1180. “მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა, დაადგეს თავსა გჳრგჳნი ერთობილისა ლალისა, და მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1181. “მეფემან ბრძანა: “მოჰკაზმეთ საწოლი უფლის წულისა!” დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თვით დიდი ჴელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, და მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1182. “უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად; ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად, მგზავსად მათისა გვარისად; უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად. და სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

1183. “გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქნა მეტად გრძელი, ქალი პირმზე ბედსა ეტყუის: “რა ბედია ჩემი მკლველი! სადაური სად მოვსრულ ვარ, ვის მივხუდები, ვისთვის ხელი, და რა ვქნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”

1184. “კვლაცა იტყვის: “ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა, ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მე მამრიოს ჩემსა მტერსა! სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? და რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!”

1185. “ხადუმნი იჴმნა, უბრძანა: “ისმენდით, მოდით ცნობასა! მოღორებულ ხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, დამცდარა თქვენი ჴელმწიფე, ჩემსა თუ ლამის რძლობასა, და ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.

1186. “არ ვარგ-ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია; მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო ტანია! სხვასა რას მნუკავთ საქმესა? ჩემნი საქმენი სხვანია! და თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.

1187. “უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქვენ დაგჴოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა; ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, და მე გამაპარეთ, გამიშვით, თუარა დავიწყებთ ნანასა”.

1188. “შემოიჴსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი, მოიჴადა გჳრგჳნიცა გამჭვირალი, ერთობ ლალი; მისცა, უთხრა: “გამომიღეთ, გეაჯები გულ მჴურვალი, და მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი”.

1189. “მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკუნეს მის უებროსა პირისა. და ნახე, თუ ოქრო რასა იქს, კუერთხი ეშმაკთა ძირისა!

1190. “რა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა, შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, და კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1191. “რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხვანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი. და დარჩა მთვარე გველისაგან გავსებული, ჩაუნთქმელი.

1192. “მონანიცა გარდიხუეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა. გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა, მეცა განა! და შინა ყოლე არ შემომყვა: “რად მაწვეო?” შემანანა.

1193. “მიბრძანა: “თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა; მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა, და ვიდრემდის სცნობდეს ჴელმწიფე, კაცთა მამწევდეს რბენითა”.

1194. “შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავჴსენ ცხენი უკეთესი, შეუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მომკუნესი; ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდა მზე, მნათობთა უკეთესი, და წაჴდა ჩემი ჭირნახული; ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი.