ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1080. “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა, მაგრა რა ვირგო დღე კრულმან, სრულად გავყრივარ თმობასა, გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა, და თუ რას მეწევი, მეწიე, თუარა მივჴდილვარ ცნობასა!

1081. “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მამივიდოდეს, ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გავიდოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს; და სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!”

1082. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი. ყმამან ასრე წაიკითხა, – და ვინმეა ანუ თვისი; თქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი, და რომე მიმჩანს სამიჯნურო, რათ ვამგზავსო მე მას ისი!”

1083. თქვა: “ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია! მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია. უმგზავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოჴერია. და რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

1084. ესე გვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა; მერმე იტყვის: “ჩემი შემწე ჩემგან კიდე არავინა-ა; რასათვისცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რადგან მინა, და რათამცა ვით ვჰპოებ, მას ვიქ, გულმან სხვამცა რა ისმინა!”

1085. “ისი დიაცი აქა ზის, კაცთა მნახავი მრავალთა, მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა; მივჰყუე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა, და ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდაჴდა ჩემგან ვცნა ვალთა”.

1086. თქვა: “დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლე კრულსა; რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა, და მიჯობს, მივჰყუე, განაღ რასმე ვსცნობ საქმესა დაფარულსა”.

1087. კვლა იტყვის: “ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების; მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მამინდების; ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების, და კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წამოდინდების!”

წიგნი ავთანდილისა ფატმანს პასუხად მიწერილი

1088. მიგეწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება. შენ მამასწარ, თუარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება; შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვეტლად შენი ხლება, და შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება”.

1089. ფატმანისას ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე; მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე, და მამისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.

1090. მას ღამითვე საწვეველი რა მიართუეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხუია მონა გზასა: “ამაზ ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”. და მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა თუ: “გავსო ეგე რასა?”

1091. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლა ზევე უკუ წვევითა. ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შე ვითა, და ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1092. ერთგან დასჴდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან ნაკუთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ჴრმალ დარაკიანი, და დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ, გავსო, თუ გზაა კლდიანი.

1093. ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკუირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მიდამო კრთოლასა. და გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!

1094. “გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად: მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად; და დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!”

1095. ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი. ფატმან შექნა თავსა ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი; ცრემლთა მისთა შეეყარნეს, წყაროსებრი ისმის წკარნი; და თქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქუითა, მომადეგით მომაკარნი!

1096. მოსთქვამს: “მოვჰკალ თავი ქმარი, ამოვწყუიტენ წურილნი შვილნი, იავარ ვჰყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი, გავეყარე საყვარელთა, ვაი, გამზრდელნი, ვაი გაზრდილნი! და ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი”.

1097. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული; უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყუი, რასთვის ხარ აგრე ვებული; რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული? და დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”

1098. დიაცმან უთხრა: ”ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა; დავჴოცენ შვილნი ჴელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. და თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.