ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1254. ავთანდილ ბრძანა: “ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ ნაკბენია, მაგრა მართალი აქამდის შენ ჩემი არა გსმენია, და ჩემნი მამკულელნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

1255. “გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა; მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა, თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა, და მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე ზარადხშანისა.

1256. “შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი. მათ უვის ერთი ასული, მზე ჴმელთა მანათობელი, იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, და მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

1257. “რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად; მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად, და გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”.

1258. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა, ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა; უბრძანა: “ შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა, და ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.

1259. “მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა, ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა; ვინცა სცნობს, კაცი ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა, და ნუთუ კვლა მიხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

1260. “მამგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყოველი, ამბავი ჩვენგან ცნეული; მანცა გუაცნობოს მართალი, ვქნათ მისი გამორჩეული, და ღმერთმან ქნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”

1261. ფატმან თქვა: “ ღმერთსა დიდება, საქმენი მომხუდეს, მო რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკუდავებისა სწორანი!” მოგუარა მონა გრძნეული, შავი, მართ ვითა ყორანი; და უბრძანა: “ ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

1262. “აწ გამოჩნდების საჴმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა, ფიცხლა დამივსე საჴმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”. და მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.

წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი

1263. ფატმან სწერს: “აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო, შენთა შორს-მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო, სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო, და ბროლო და ლალო, ოროვე კვლავ ერთგან შენათხზენაო.

1264. “თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე, მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე. შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე, და ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს,შენ იე.

1265. “მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად შეფიცებული, ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთშიგან ქებული, სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული, და შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.

1266. “ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა, ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, – მოსრულანცა ქაჯნი შინა? – მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა: და ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ ა.

1267. “რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე, მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე, შენი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე, და ღმერთსა უნდეს,მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე.

1268. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა: “ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა”. მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა, და მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის-ბანსა.

1269. წავიდა, ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა. რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა, უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა, და მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.

1270. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი, შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი იგი მზე დაკრთა, ეგონა სამოსი რამე ზიანი, და შესცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად იანი.

1271. ქაჯმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაბნდები, მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები, და მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭკნდები”.

1272. პირ-მზე გაკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა, ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა. მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა და სულთქვამს, იკითხავს, უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა.