ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1044. “ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნია სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ? – მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქენი? აწ დავჴოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი; და ნავი სავსე საქონლითა მამიღია, ვითა ძღვენი”.

1045. ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს, ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა ხლებოდეს. მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს, და ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.

1046. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არა ხვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს; და დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.

1047. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთულილობა: “შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა; რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, და რასაცა მოგუცემ, გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა”.

1048. ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია, მან დაგარჩინნა; მე რა ვარ, მე, გლახ, რა მომილხენია! და რა გინდა მამცეთ, რას ვაქნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!

1049. “მე თუცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ საგებელი; რას ვაქნევ თქვენსა რას-მინდა? ოდენ ვარ თანა მხლებელი; და სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1050. “აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი, რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მიაჯეთ სააჯო არ საკრძალავი: და საქმე რამე მიც თქვენშია თავისა დასამალავი.

1051. “ჟამამდის ჩემსა ნუ იტყუით არ თქვენსა პატრონობასა, თვით თავადია ჩვენი>>თქო, ნუ მიჴმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა; და თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!”

1052. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია; მოვიდეს და თაყვანის სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია, რაცა აჯა ჩვენ გუმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია, და მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.

1053. მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან, მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, და მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისვლისა ზღვის პირს რომ გავიდა

1054. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა. და მის ქუეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!

1055. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვა, დაჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; და იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1056. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა, მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა; ავთანდილ უჴმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა: და “ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქუიან მეფესა აქა მჯდომელსა?

1057. “წურილად მითხარ ყველაკაი, ყმა მას კაცსა ეუბნების: რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იჴსნების?” ჰკადრა: “ვხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების; და რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების!

1058. “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშარო ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა ზღვა ნავითა მავლითა; და მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

1059. “აქა მოსვლითა გაყმდების, კაცი თუც იყოს ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები; და ვინცა გვიცნობენ, გუნატრიან, იგიცა, ვინ ა მტერები.

1060. “დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრეფენ; და უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1061. “მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა; ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა: თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღეს ისა; და პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1062. “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გაჴსნიან, უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთულიან; და მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.