ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1136. “ავიყვანე იგი პირმზე ნაქები და ვერ ვთქვია უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვბურე მრავალ კეცი სტავრა მძიმე, არ სუ-ბუქი; და ცრემლსა სეტყუს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.

1137. “მოვიყვანე ჩემსა შინა იგი პირმზე ტანით ალვით, მოუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით; არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, და ერთი ზანგი ვამსახურე; მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1138. “ვით გიამბო საკუირველი მე, გლახ, მისი ყოფაქცევა, დღე და ღამე გაუწყუედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! შევეხვეწი: “დადუმდიო”, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა. და აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი-ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!

1139. “შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან მელნისა მორევსა ეყრდნის გიშრისა შუბები, მელნისა ტბათა იღვრების სავსე სათისა რუბები, და შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.

1140. “ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუცა მეკითხა: “ვინ ხარ და ეგრე გასრული რისაგან?” მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან, და მას ჴორციელი რა გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

1141. “არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყუის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა, და ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1142. “სხვა გიამბო საკუირველი რიდისა და ყაბაჩისა; ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქნილი იყო რაგვარ რისა: და სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა.

1143. “მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაჰყო ხანი დიდი; ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; ვთქვია: “თუ უთხრობ, ვიცი, დარბაზს გამამჟღავნებს,ისი ფლიდი”. და ესე მეყო საგონებლად, კვლა შევიდი, თუ გამოვიდი.

1144. “ვთქვია: “თუ არ უთხრა, რა უყო, ჩემგან რა მოეგვარების? არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეჴმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მოცამკლავს, ვეღარა მომეფარების; და ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!

1145. “მე, გლახ, მარტომან რა უყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა! მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა; არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მამცემს იმედებასა, და სულსა ვერ წასწყმენდს, ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა”.

1146. “მიველ მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, მერმე ვუთხარ: “გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მამეც მტკიცე”. და ფიცი ფიცა საშინელი: “თავიცაო კლდეთა ვიცე!

1147. “რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა”. მერმე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: და “მოდი, მამყევ, აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა”.

1148. “ადგა, ამყვა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი. უსენ გაკუირდა, გაცაკრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი; თქვა: “რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი?! და თუ ჴორციელი არისმცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!”

1149. “ვთქვია, თუ: “არცარა მე ვიცი ამისი ჴორციელობა, რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა; მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, და ნუთუ რა გვითხრას, ვიაჯნეთ, ქნას დიდი ლმობიერობა”.

1150. “მივედით, გუქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა; ვჰკადრეთ, თუ: “მზეო, საჴმილი გვედების შენგან ალისა, გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ ნამკრთალისა? და რას შეუქნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მგზავსი ლალისა?”

1151. “რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა: ვარდი ერდგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა; გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა, და მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რამცა გაგვითენდა!

1152. “ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა: ვეფხი ავაზა პირ ქუშად ზის, წყრომა ვერ უგრძენითა. კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა, და “არა ვიციო, მიმიშვით!”, ეს ოდენ გვითხრა ენითა.

1153. “დავსხედით და მას თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ! ძლივ ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ, და ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1154. “უსენ იტყვის: “ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიჴოცნეს; ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! უმართლეა, ვერ მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს, და მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიჴოცნეს!”

1155. “მას უჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით; შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით; ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, და გულნი ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.