ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1024. გარდაჴდა. ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი, ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გამონაჭარნი, და საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გუქვან ნაჭარნი.

1025. “ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე, უშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე; ვკითხეთ, თუ “ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მძებარე?” და გვითხრა: “თუ შეხვალთ, დაგჴოცენ; კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე!”

1026. “თქვა: “ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა, ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ ფერითა, მუნ მეკობრეთა დაგუჴოცნეს ძელის, საჴნისის წვერითა; და ყველაი წაჴდა, არ ვიცი, აქა მოსულვარ მე რითა!”

1027. “ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ საზომისა; შევიდეთ, ვაი თუ დაგვჴოცონ, ძალი არა გვაქვს ომისა, და ვერც ვდგავართ, ვერცა წავსრულვართ, ღონე წაგუსულია რჩომისა”.

1028. ყმამან უთხრა: “ვინცა სჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცდების! რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგუცდების; მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, დაცამწუთდების, და ვინცა გებრძვის, ჴრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების”.

1029. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა, თქვეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა; აქვს თავისაგან იმედი, ვიყუნეთ გულითა მშვიდითა”. და შევიდეს, ჩასჴდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა.

1030. სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა. მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა, და მას ნავსა ნავთა სალეწად საჴნისი ჰგია ძელითა.

1031. კიოდეს და მოდიოდეს, იზაჴდეს და ბუკსა ჰკრესა; შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა, და ანუ დავჰჴოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.

1032. “უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ჴმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი; ვერ მიჴსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, და ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1033. “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგჴოცნენ, ჩაიჴრჩენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევიბა, ვით ვიჴმარნე ლომნი მკლავნი! და ღმერთსა უნდეს, მეკობრითა სისხლნი ნახოთ მონაღვარნი”.

1034. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა. მას ჴელთა კეტი რკინისა ჰქონდა ჴელითა ცალითა; ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა, და ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დაჴოცნა ჴრმალითა.

1035. ჰკიოდეს იგი ლაშქარნი, ჴმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედა საჴნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქუე დგა, არ თურე ჰკრთებოდა, და კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, სხვით არად არ მოსტყდებოდა.

1036. ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავ დაულეწელი; შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი; ვეღარ გარდესწრნეს, გარდუჴდა მტერთა მიდამო მლეწელი; და არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.

1037. მათ ლაშქართა გულ უშიშრად ასრე ჰჴოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; და დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ჴმასა.

1038. გაუმარჯუდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგუჴოცო, შენსა სჯულსა!” არ დაჴოცნა, დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა. და მართლად უთქვამს მოციქულთა: “შიში შეიქმს სიყვარულსა”.

1039. კაცო, ძალსა ნუ იკვეხი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი! არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი; დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, და ღმერთი გუფარავს, სწორად გაჰკუეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ჴრმალი.

1040. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა, ნავი ნავსა შეატყუბნა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ნახა მხიარულმან, გაეხარნეს, არ იახნა, და ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

1041. ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა უნდა! ვერცა მათ თქვეს, ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა; ქარავანმან იზრიალა, თქვეს: “უფალო, მადლი შენდა! და მზემან შუქნი შემოგუადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა”.

1042. მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერჴთა, ჴელსა; ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა, მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა, – და შენგან დავრჩით ჩვენ ყოველნი ფათერაკსა ეზომ ძნელსა”.

1043. ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხედსა, ვისცა ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქნადსა, იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა; და ჴამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.