ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1099. “ესე გვარი დია მიხვდეს სიტყვა მცთარსა, ენა მეტსა, ხვაშიადთა ვერ დამალავს, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; და ვაგლახითა მეწიენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხურეტსა.

1100. “ორისაგან ერთი ქენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით: მოვითაჰკლავ იმა ყმასა, წადი, მოკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დაჴოცასა დაგუჴსენ ამით! და მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მე ვითა ვარ ცრემლთა ლამით.

1101. “თუარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა, დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მირითა. ვეჭუ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა, და თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.

1102. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება ზიარსა, ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მჴნე არსა! “ამა საქმესა ვერ ცნობა, თქვა, ჩემი სიძუნტე არსა”. და ნუ ეჭუ სულდგმულსა მისებრსა არცა მისებრი სხვა არსა!

1103. ფატმანს უთხრა: “კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღუარად, გზასა მართლად წამიყვანოს, თუარა მეშვლად მინდა არად; იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად, და რაცა უყო, მოგანახვებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.

1104. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წაცამყვანელად, კვლავე მიჰყივლა:”ვინათგან ცეცხლი აწ ცხელია ნელად, თუ მოვითაჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად, და ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად”.

1105. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა; ზღვის პირსა სახლი ნაგებნი დგეს ქვითა წითელ მწვანითა, ქუეშეთკენ სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა, და დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის თანითა.

1106. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა; ჴმა მდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”. უჩვენებს, ეტყუის: “ხედაო ბანსა ქუე ზედა მდგომელსა? და იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ზე ჰპოებ მჯდომელსა”.

აქა ავთანდილისაგან ჩაშნაგირისა და ორის მისის დარაჯის დახოცვა

1107. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა. ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ჴმასა, თვითო ჴელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ჴდასა, და თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.

1108. იგი ყმა მარტო საწოლს წვა გულითა ჯავრიანითა; ჴელ სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა; ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა, თუ ვერცა ვსცანითა, და ჴელი მოჰკიდა, მიწასა დაასკუნა, დაკლა დანითა.

1109. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მჴეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურ თითი მოჰკუეთა, ქუესკნელს მიწათა გარია, ზღვითკენ სარკმლითა გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია, და მისთვის არცა ღა სამარე, არცა სათხარად ბარია.

1110. ჴმა მათისა დაჴოცისა არ გაისმა არსით არა. წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა! ესე მიკვირს, სისხლი მითი ასრე ვითა მოიპარა! და რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა.

1111. რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი, “მოვკალო, უთხრა მან ყმამან: დღე ვეღარ ნახოს მზიანი, თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი, და აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.

1112. “აწ მითხარ, თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად? რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის მეტად”. ფატმან ფერჴთა მოეხვია: “არა ღირს ვარო პირსა ჭვრეტად, და გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

1113. “მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით; ლომო, ქებანი თქვენიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით! ვინათგან სისხლთა მისთაგან დაღვრასა დაექადენით, და თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით”.

ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა ფატმანისგან ავთანდილის წინაშე

1114. ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა; ყველაი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, და დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა დარბაზობასა.

1115. “ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა გუაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძურისა ბოძება მართებს მგზავსისა ჩვენისა; ათ დღემდის ისმის ყოველგნით ჴმა წინწილისა, ებნისა, და მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

1116. “ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა, მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა; დედოფალსა ძღვენსა უძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ ა, და დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.