ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1234. “ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია, მით რომე გზა საჭიროა, მტერნი საომრად მზანია, ქუე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია, და დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

1235. “ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია: ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძრომელი ჴურელია, და მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1236. “გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ ნასები, ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები, ქალაქის კართა სამთავე სამათას სამათასები. და გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ, რას ები!”–

1237. ესე ამბავი ავთანდილ პირმზემან, მაგრა ვადამან, რა მოისმინა, იამა, სხვად არა გაუცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: და “ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმან ღადამან!”

1238. ფატმანს უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად, მე ამბავი შვენიერი მამისმინე არ პირ ბნელად, მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად, და ქაჯი ყველა უჴორცოა, რამან შექმნა ჴორციელად?

1239. “მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრა ქაჯნი უჴორცონი რას აქნევენ, მიკვირს ქალსა?!” ფატმან უთხრა: “მამისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, და არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა.

1240. “ქაჯნი სახელად მით ჰქუიან, არიან ერთად კრებულნი კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გაჴელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი არვისგან ვნებულნი; და მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

1241. “იქმენ რასმე საკუირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ, ქართა აღძურენ საშინელთა, ნავსა ზღვა ზღვა დაამჴობენ, ვითა ჴმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ, და სწადდეს დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს ბნელსა ანათობენ.

1242. “ამისათვის ქაჯად უჴმობენ გარეშემონი ყველანი, თუარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ჴორციელანი”. ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, და დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.

1243. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი; თქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მამალხენელი, ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, და წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!”

1244. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა. ფატმან ეჭუდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა; ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა; და ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1245. მას ღამე ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა; ყმა უნდო გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, და გული მხეც ქმნილი გასჭრია, მჴეცთავე თანა რბოლითა.

1246. ავთანდილ მალვით ცრემლსა ღვრის, წვავს დენად სისხლ ნართავისად შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად; იტყვის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო,იგი, ვინ ვარდია ვისად, და უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მგზავსად ყვავისად!”

1247. მუნ ცრემლნი, მისგან ნადენი, ქვათაცა დასალბონია; გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მაზედა იხარებს მართ ვითა იადონია. და თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1248. გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ ნაკიდები; დიაცმან უძღუნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები: და ”რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

1249. ავთანდილ თქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მჴნესა, და მოიმატა დაშვენება, დაემგზავსა ლომი მზესა.

1250. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად; ყმა შევიდა მოკაზმული, მხიარულად, არ პირ ბნელად; ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად, და შემოსცინა: “აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად”.

1251. ფატმან მისსა შვენებასა მეტის მეტად კვირდებოდა. მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა: “შეეტყვების, არ მიცნობსო," რა რეგვნად და რაგვარ ჴმობდა! და თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა.

1252. პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა, ღვინო სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაეძინა; საღამო-ჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა, და ფატმან უჴმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა”.

1253. ფატმან მივიდა, ავთანდილს ჴმა ესმა მისგან ოხისა; იტყოდა: “მამკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მოხისა!” გვერდცა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა, და ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.