ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

1005. მას დღე სვეს, ჭამეს, გარდაჴდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრ ათასისა, და შეარტყეს წელთა სარტყელი, თქვეს უთქმელია ფასისა.

1006. ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა, ფრიდონს თანა ნადირობად გავიდის და თამაშობდა, სწორად ჰჴოცდა შორს და ახლოს, თუ რას ჴელსა მიაპყროდა, და მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

1007. ქალაქს შვიდეს, ჴმა გაჴდა, მუნ ზათქი იქებოდიან; ქალნი და ყმანი დაჯარვით მისად საჭვრეტლად რბოდიან, იგი ნახიან, დაბნდიან, ჭკუათა მიჴდებოდიან და ახლოს შეყრის უღირსთა რამცა ქნეს, იჯრებოდიან.

1008. ყმა ფრიდონს ეტყუის: “გესმოდეს ჩემი აწ მონაჴსენები: მე თქვენი გაყრა სიკვდილად მჩანს და მით თავსა ვევნები, მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მე მსხვაცა მედები და გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.

1009. “მართალა, შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა, დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა; დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქს, თავსა სწურთიდესა; და სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.

1010. ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის; ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის: წადი, ღმერთი გიწინამძღურებს, შენი მტერი დაემხობის, და მაგრა თქვია, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

1011. “ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი; თანა ყმათა წამოგატან, იმსახურე, იახლები, აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი; და არ წაიტან, გაირჯები ღაწვი ვარდი, ცრემლთა მდენი”.

1012. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა, სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა, სამოცი ლიტრა წითელი აწონით, არ ნაკლულითა, და ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

1013. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა საგებელი აუკიდა; წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მას თანავე გამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა, და მოსთქვამს: “თუცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგუზრვიდა”.

1014. ზარი მის ყმისა გაყრილსა გაჴდა, მიეცნეს წუხილსა. მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ყიდდა, თუ ხილსა; ჴმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა, და იტყოდეს: “მზესა მოვშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!”

1015. ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა, მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა, მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, და ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:

1016. “აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა, კბილ-თეთრი, ბაგე ბალახში, სახედავითა შავითა; ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგურა ჴრმლითა და მკლავითა, და შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინვალე ჩნდა ვითა”.

1017. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი, გაიყარნეს გაუყრელნი ძმად ფიცნი და ვითა ძმანი, და ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკულელი ტანი.

წასლვა ავთანდილისა ფრიდონისით ნესტან-დარეჯანის საძებრად

1018. ყმა მიმავალი მიუბნობს, მგზავსი მთვარისა სრულისა. არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა; იტყვის: “მოგშორდი, სიცრუე, ვაი, საწუთროსა კრულისა! და შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.

1019. “რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამსალებისა; რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა! არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა, და შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა”.

1020. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა, და ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.

1021. სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი, ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი. ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ კიდებულნი. და მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, შეჭირვებულნი.

1022. მუნ ქარავანი ურიცხვი მისდგმოდა ზღვისა კიდესა, შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა, და ჰკითხეს: თუ: “ვინ ხართ ვაჭარნო!” – მათ საუბარი ჰკიდესა.

1023. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი. მოაჴსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი. ჰკადრეს: “მზეო,სიცოცხლე და შენ ამოჴე ჩვენი მლხენი, და ჩამოჴე და მოგაჴსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.